ბლოგი

12:03 | 05 აგვისტო, 2012

ჩვენი გაწვდილი ხელი

ლონდონის ოლიმპიადა ჯერ დაწყებულიც არ იყო, რომ ქართულ-რუსული პოლიტიკური ურთიერთობები მორიგი სპორტული სკანდალის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. საქართველოს მიწაზე დაბადებული ოსი და აფხაზი სპორტსმენების: ბესიკ კუდუხოვის და დენის ცარგუშის პირად მონაცემებში “მცირე“ შეცდომა იყო გაპარული. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიადის ორგანიზატორებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, ეს სპორტსმენები რუსეთის ფედერაციაში დაბადებულებად იყვნენ გამოცხადებულნი. ქართული მხარის მიერ გამოთქმული წერილობითი პროტესტის შემდეგ, ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ოსი და აფხაზი სპორტსმენების მონაცემები სასწრაფოდ გადააკეთეს, მაგრამ არა მთლად ისე, როგორც ქართველებს სურდათ. ჩვენი სურვილი იყო, რომ კუდუხოვისა და ცარგუშის დაბადების ადგილად საქართველო დაწერილიყო. გასწორებულ ვერსიაში კი მხოლოდ რუსეთის ფედერაცია გაქრა და სიტყვა “საქართველო“ ისევ არსად ფიგურირებს.

11:30 | 02 აგვისტო, 2012

მთავარი მონაწილეობა კი არა, მთავარი გამარჯვებაა!

ქართველებისათვის ზაფხულის ოლიმპიადა ყოველთვის განსაკუთრებული სპორტული ღონისძიება იყო, რადგან ოლიმპიადა ერთადერთია, როდესაც ყველა დღე ახალი იმედით თენდება და თითებზე ვითვლით მომდევნო დღეებში რომელ ქართველ სპორტსმენებს ვიხილავთ. ქართველებისთვის მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ დიდი და ღონიანი ქვეყნები სხვა ისეთ ტურნირებშიც იღებენ მონაწილეობას, სადაც ჩვენ სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვხვდით. მარტო მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი რად ღირს, როდესაც აზიიდან ავსტრალიამდე მთელი პლანეტა ტელეეკრანებსაა მიმსხდარი და საყვარელ ნაკრებებს ქომაგობენ. ქომაგობით ჩვენც ვქომაგობთ, მაგრამ სხვებს.

22:49 | 29 ივლისი, 2012

ტელევიზორი

-    კაცო, ამ სიცხეში სად მიათრევ მაგხელა ტელევიზორს? ან რაღა დროს ”ივერიაა”? -    რა ვქნა აბა. გამიფუჭდა ეს ტელევიზორი და თუ არ გავაკეთებ, ოლიმპიადას ვერ ვნახავ... -    შენმა შვილმა სულ ახალი ტელევიზორი რომ გაჩუქა, ის რა უყავი? -    ის კი მაქვს, მაგრამ ჩემპიონატებს აქ ვუყურებ ხოლმე. ის ტელევიზორი ცუდად მაქვს დაცდილი. ხორვატია-საქართველოს საზიზღარი თამაშის მერე, დავიფიცე, იმ ტელევიზორში სპორტს აღარ ვნახავდი... -    დაბერდი და ცრუმორწმუნეც გახდი შეკაცო? ტელევიზორი რომ ჩვენებს აგებინებდეს, რაღა გვიჭირდა... -    შენ, გინდა ასე თქვი და გინდა ისე. ნაღდია, რომ თუ რამე თამაში მოგვიგია, ყველაფერი ამ ტელევიზორში მაქვს ნანახი. -    აბა შენ ყველაფერი გცოდნია და ისიც გეცოდინება რას იზამენ ჩვენები ოლიმპიადაზე? რამდენ ოქროს აიღებენ? -    ოთხ ოქროზე ნაკლები არ იქნება.

12:44 | 26 ივლისი, 2012

”მე თქვენ მიყვარხართ, ბატონებო!”

ძალიან უცნაური კაცია ეს ლეო მესი. ყოველ შემთხვევაში, ვერ გაიხსენებთ მისი ხასიათისა და ბუნების მქონე სხვა ვარსკვლავ ფეხბურთელს. მაშინ, როდესაც მთელი საფეხბურთი სამყარო დიდ საზაფხულო განცხრომასაა მიცემული, თუკი არგენტინულ გაზეთ ”ოლეს” დავუჯერებთ, ლეო ინდუვიდუალურად ვარჯიშის დროს მაინც ნახულობს და დღეში მხოლოდ 1-2 საათით აძლევს თავს გართობის უფლებას. და რა არის მისი გართობა?!... საყვარელ ქალთან ერთად აუზში ჭყუმპალაობა, ტკბილეულით პირის ჩაგემრიელება და საყვარელი ფილმების ცქერა. ბარი ლეოს არ უყვარს, არც ლუდხანა და ბევრი ხალხი. ტელეფონიც კი გამორთული აქვს. სწორედ ამიტომაცაა, ბულვარული პრესა მუდამ ლეო მესიზე რომ წუწუნებს – მესისგან სულ ბანალური და ნაკლებად ”ყვითელი” ამბები გვესმისო.

10:35 | 23 ივლისი, 2012

რა არის სიზარმაცე?!

ძალიან ბევრი დაგიკარგავთ თუ არ გინახავთ ჩვენებური მეღვინე, რომელიც გაზაფხულზე შიშ-კანკალით ხდის ქვევრის თავსახურს. მისი შიში გამართლებული და ბუნებრივია, რადგან ჯერ კიდევ არ იცის, მთელი ზამთრის განმავლობაში ქვევრში ჭაჭაზე კახური მეთოდით დატოვებული ღვინო როგორი გამოვა და იქნება თუ არა სასურველი ხარისხის. ყოველი წლის ზაფხულში ქართული ფეხბურთის ქომაგებიც სწორედ შეშინებულ მეღვინეებს ვემსგავსებით, რადგან არ ვიცით, ევროპულ საკლუბო ტურნირებში ჩაბმული ქართული კლუბები რას იზამენ და ისევ მოგვჭრიან თუ არა თავს ევროპის მასშტაბით. 

10:45 | 19 ივლისი, 2012

ერთი დილა იტალიის საპატიმროში

საკანში ოთხნი არიან. აქედან სამი არალეგალი. არაბი ჰუსეინი კარაბინერებმა მაშინ დაიჭირეს, როდესაც კონტეინერით ხილის წვენის ნაცვლად იარაღი გაჰქონდა. უკრაინელ მატვეის გენუაში ბანკის გაძარცვა უცდია და მაშინ აიყვანეს, როდესაც ბანკიდან ფულით გატენილი ჩანთით გამორბოდა. ქართველ გიოს კი მაღაზიის გატეხვა და 30 ბოთლი ვისკის მოპარვა ედება ბრალად. მეოთხე აშკარად იტალიელია, მაგრამ რაც საკანში შეიყვანეს, ხმას არავის სცემს და გიოს მრავალი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერზე თავის უარყოფის ნიშნად გადაქნევით პასუხობს.

13:09 | 16 ივლისი, 2012

სამართლიანობისაკენ გადადგმული ნაბიჯი

ხომ გინახავთ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიჯიუტით გაოცებენ და ნერვებს გიშლიან? მაგალითად ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან არასოდეს აღიარებს, რომ სხვა მართალია და როდესაც საკუთარი პოზიციის არაფრისმომტანობაში დარწმუნდება, მაშინ აქეთ შარს მოგდებს – მე სიმართლეს ყოველთვის მივხვდებოდი, შენ რომ არ მიშლიდე ხელსო... მოკლედ, ასა თუ ისე, ფიფაში მაინც მიხვდნენ იმას, რომ მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომების აღმოფხვრას მხოლოდ მსაჯების რაოდენობის გაზრდა ვერ უშველის და ტექნოლოგიურ პროგრესსაც დასდეს პატივი.

19:46 | 08 ივლისი, 2012

ნინო

არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩემი შეხედულება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ვინ მიმაჩნია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ქართველ სპორტსმენად, აუცილებლად გიპასუხებთ – ასეთად, უპირველესად, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე მესახება. სასიხარულოა, რომ ტიტულების მხრივ, ნინოზე არანაკლები სპორტსმენი სხვებიც გვყავს, მაგრამ საუკეთესო სპორტსმენი, ჩემი აზრით, სამაგალითო და მისაბაძიც უნდა იყოს. ნინო სალუქვაძე კი ამ მხრივ უდავოდ ნომერ პირველია!

10:47 | 05 ივლისი, 2012

დიდი ულვაშას დიდი გუნდი!

თუ სწორად მახსოვს, კარგი გუნდი საინტერესო ფეხბურთს უნდა თამაშობდეს. სულ მობილიზებული უნდა იყოს და მუდამ გამარჯვების რწმენით გადიოდეს მინდორზე. თუ სწორად მახსოვს, კარგ მწვრთნელს, არანაირი მეტოქის არ უნდა ეშინოდეს და არც ტიტულები უნდა ბეზრდებოდეს არასოდეს. თუ სწორად მახსოვს, კარგი ფეხბურთელი თანაგუნდელებისათვის მაგალითად უნდა ითვლებოდეს და სწორედ გადამწყვეტ მომენტებში უნდა ითამაშოს ისე – ლიდერს რომ შეეფერება. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს ეს ყველაფერი ჰქონდა და ჰქონდა მოჭარბებულად. პირინელები ზედიზედ მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები და ზედიზედ მესამედ აიღეს დიდი საფეხბურთო ჩემპიონატის თასი.

15:12 | 01 ივლისი, 2012

მწუხარე სახის რაინდი

- ხედავ ავსულებს როგორი ლხინი გაუმართავთ ჩემო მეგობარო სანჩო. ლამაზი ასულებიც რომ დაუტყვევებიათ... როგორ გოდებენ საბრალონი... - ავსულებს სად ხედავ ჩემო ბატონო. ესენი ხომ ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრები არიან. ეს ლამაზი გოგონები სულაც არ ტირიან. ფეხბურთის ქომაგები არიან და თამაშისათვის ემზადებიან. სახეებიც უცინით. - აი ხომ ხედავ სანჩო. ბოროტმა ძალებმა შენც თავგზა აგიბნიეს და ავსულები გულშემატკივრებად გეჩვენება. ამ ციხის ქონგურებს შეხედე, სისხლში ამოსვრილი დროშები რომ აუფრიალებიათ. - ეგ ხომ ”სანტიაგო ბერნაბეუა”. გულშემატკივრები სტადიონზე შედიან, ესპანეთი-იტალიის ფინალს დიდ ეკრანზე ერთად რომ უყურონ. გავეცალოთ აქაურობას ჩემო ბატონო. გულშემატკივრები აგრესიული ხალხია და რამე რომ ვაწყენინოთ, შეიძლება იმაზე უარს დაგვმართონ, რაც გასულ კვირას ფუნდუკში გვიქნეს.

17:18 | 28 ივნისი, 2012

ტოსკანელი ახმახი

”გამაგიჟებს ეს ბავშვი. სათამაშოები ამას არ უყვარს და ველოსიპედი. დღე და ღამე ბურთს დასდევს. ან დასდევდეს მაინც... აქაოდა ყველაზე მაღალიაო, უბნის დიდ ბავშვებს ჩაუყენებიათ კარში, უბრახუნებენ ბურთს და სულ დაჟეჟილ-დაბეგვილი აქვს გვერდები. შემოირბენს სახლში ათი წუთით, შესანსლავს პიცას და გარბის უკან. არ ვიცი, მაგის სკოლის მასწავლებლებს როდემდე უნდა ვემალო. წიგნი ბოლოს როდის გადაშალა - აღარც კი მახსოვს“ – საკუთარი შვილის “უსაქციელობაზე“ ხშირად ეწუწუნებოდა ლორენცო ბუფონი თავის მეგობრებს. ლორენცოს მეგობრებს რა უჭირდათ? ერთის შვილი მათემატიკის კოლეჯში სწავლობდა, მეორესი ვიოლინოს წრეზე დადიოდა. მოკლედ, აწყობილი ჰქონდათ ცხოვრება. გადარეული პატარა ჯიჯი კი ეზოში ათენ-აღამებდა და თავპირდასისხლიანებული ბრუნდებოდა სახლში.

<< პირველი<< წინა6061626364656667686970შემდეგი >>
0.218907