- კაცო, ამ სიცხეში სად მიათრევ მაგხელა ტელევიზორს? ან რაღა დროს ”ივერიაა”?
- რა ვქნა აბა. გამიფუჭდა ეს ტელევიზორი და თუ არ გავაკეთებ, ოლიმპიადას ვერ ვნახავ...
- შენმა შვილმა სულ ახალი ტელევიზორი რომ გაჩუქა, ის რა უყავი?
- ის კი მაქვს, მაგრამ ჩემპიონატებს აქ ვუყურებ ხოლმე. ის ტელევიზორი ცუდად მაქვს დაცდილი. ხორვატია-საქართველოს საზიზღარი თამაშის მერე, დავიფიცე, იმ ტელევიზორში სპორტს აღარ ვნახავდი...
- დაბერდი და ცრუმორწმუნეც გახდი შეკაცო? ტელევიზორი რომ ჩვენებს აგებინებდეს, რაღა გვიჭირდა...
- შენ, გინდა ასე თქვი და გინდა ისე. ნაღდია, რომ თუ რამე თამაში მოგვიგია, ყველაფერი ამ ტელევიზორში მაქვს ნანახი.
- აბა შენ ყველაფერი გცოდნია და ისიც გეცოდინება რას იზამენ ჩვენები ოლიმპიადაზე? რამდენ ოქროს აიღებენ?
- ოთხ ოქროზე ნაკლები არ იქნება.
- ახლა არ მითხრა, ეგეც ამ ტელევიზორში ნახე. ის ქართული ფილმი ხომ გახსოვს, ტიპს ძველი ტელევიზორი რომ აქვს, რომელიც თამაშებს ერთი დღით ადრე აჩვენებს. ეგეთი ხომ არაა ეს შენი ”ივერია”. არ დამიმალო ახლა...
- ტელევიზორი რა შუაშია. სიზმარი ვნახე...
- ახლა სიზმარი... მართლა ცრუმორწმუნე გამხდარხარ შენ... რაო, რა ნახე მაინც სიზმარში?
- აბა, არა გჯერა ჩემი და რომ გითხრა, რა აზრი აქვს...
- ჰა, მითხარი მიდი. არავის ვეტყვი სიზმარში ოქროს მედლებს რომ ნახულობ.
- ვისაც გინდა იმას უთხარი. მე რა მენაღვლება. პიტერ ზაიზენბახერი იცი ვინ არის? აი, ეგ ვნახე სიზმარში.
- ძიუდოისტების უცხოელი მწვრთნელი არაა ეგ? გერმანელია თუ ავსტრიელია ეგ კაცი მგონი. რა ენაზე გითხრა ოქროებს ავიღებთო. შენ გერმანული არ იცი, იმან კიდევ ქართული. მეგრული ეცოდინება ვითომ?!
- არაფერი არ უთქვამს. მარჯვენა ხელის 4 თითი მაჩვენა და გაიცინა. მივხვდი, ძიუდოისტები ოთხ ოქროს მოიგებენო – ეგ მანიშნა.
- მოიცა კაცო შენ... ანუ რა გამოდის? მარტო ძიუდოისტები აიღებენ ოთხ ოქროს? სხვა სახეობებზე არაფერი უთქვამს ზაიზენბახერს? ლუბა გოლოვინაზე ან იმ მშვილდოსან გოგოზე არაფერი უნიშნებია?
- მიდი, დამცინე. მართალი რომ გამოვდგები, მერე რას მეტყვი ნეტავ...
- შენ ვანო გრიქუროვიც დაგესიზმრებოდა... რაო, არ იქნება მედალი ძალოსნობაშიო?
- ეეე... წავედი, აზრი არა აქვს შენთან ლაპარაკს. სერჟიკას ისედაც ბევრი კლიენტი ეყოლება და ტვინი უნდა გავუბურღო ჩემი ტელევიზორი დღესვე რომ გააკეთოს.
- ტელევოზორს სერჟიკასთან მე წაგაღებინებ. მანქანის გასაღებს ჩამოვაგდებინებ ცოლს და გაგიყვან. რამე ხომ არ გეწყინა კაცო. გეხუმრებოდი, მეტი კი არაფერი...
- შენგან რა უნდა მეწყინოს. წაგებულის ჩაბარება შენ არ იცი და არაფერი...
- რა წაგებული?
- ოჰ, დაავიწყდა ბიჭს.. შემოდგომაზე რომ ამბობდი, “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი გახდებაო და რომ დავნაძლევდით დაგავიწყდა? სადაა ლუდი და ხინკალი, შე აფერისტო?!
- ეგ აღარც მახსოვდა. წამო, ჯერ ტელევიზორი ავუტანოთ ხელოსანს, მერე ვიკისრებ წაგებულს. მეტი რა ვქნა?
- ”ბარსელონა” ლუდით უნდა დალოცო, იცოდე. ”დაგავორში” ეგეც იყო...
- მატყუებ ახლა რაღაცას შენ...
- არა, ნაღდად ეგრე იყო.
- ზაიზენბახერს გაფიცებ...
- დაიწყე ისევ შენებურები ჰო? ადე, წავიდეთ თუ მივდივართ სერჟიკასთან. ზაიზენბახერი ღვინით დავლოცოთ მერე.
ლევან სეფისკვერაძე