გულშემატკივრის სვეტი

12:03 | 5.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი გაწვდილი ხელი

ლონდონის ოლიმპიადა ჯერ დაწყებულიც არ იყო, რომ ქართულ-რუსული პოლიტიკური ურთიერთობები მორიგი სპორტული სკანდალის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. საქართველოს მიწაზე დაბადებული ოსი და აფხაზი სპორტსმენების: ბესიკ კუდუხოვის და დენის ცარგუშის პირად მონაცემებში “მცირე“ შეცდომა იყო გაპარული. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიადის ორგანიზატორებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, ეს სპორტსმენები რუსეთის ფედერაციაში დაბადებულებად იყვნენ გამოცხადებულნი. ქართული მხარის მიერ გამოთქმული წერილობითი პროტესტის შემდეგ, ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ოსი და აფხაზი სპორტსმენების მონაცემები სასწრაფოდ გადააკეთეს, მაგრამ არა მთლად ისე, როგორც ქართველებს სურდათ. ჩვენი სურვილი იყო, რომ კუდუხოვისა და ცარგუშის დაბადების ადგილად საქართველო დაწერილიყო. გასწორებულ ვერსიაში კი მხოლოდ რუსეთის ფედერაცია გაქრა და სიტყვა “საქართველო“ ისევ არსად ფიგურირებს.
 ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მხოლოდ მეწვრილმანეობაა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ ჯერ ისევ ვერ აკონტროლებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიას, დიდი მნიშვნელობა თითქოს არც უნდა ჰქონდეს ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ვინ რუსეთის ნაკრებში გამოვა და ვინ სხვაგან. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა რომ არაა, იმითაც დადასტურდა, რომ უკრანაში დაბადებულ, მაგრამ რუსეთის სახელით მოასპარეზე სხვა ოლიმპიელსაც დაბადების ადგილად რუსეთი ჩაუწერეს. და თან დამცინავი ტერმინიც იხმარეს: “რუსეთი, უკრაინის მხარე“.  ზემოთაღნიშნული ფაქტები თვალნათლივ ცხადყოფს იმას, თუ როგორ უყურებს რუსეთის ფედერაცია მეზობელ ქვეყნებს და როგორ ვერ გამოდიან რუსეთის პოლიტიკური თუ სპორტული ჩინოსნები “საბჭოთა ილუზიიდან“, როდესაც მთელი საბჭოთა კავშირი “დიადი რუსეთის გარშემო გაერთიანებულ ძმურ ერობას“ წარმოადგენდა. მტერ-მოყვარე დრომ და განსაკუთრებით ბოლო ოცი წლის მწარე ისტორიამ კარგად წარმოაჩინა. ისიც თვალნათლივ დავინახეთ, რისი მომტანი შეიძლება იყოს რუსეთთან “ძმობა“, მაგრამ სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ევროპელს და მათ შორის ევროპული და მსოფლიო სპორტის მამებს კიდევ არ ესმით ის მიზეზები და სიღრმეები, რის გამოც რუსეთი ჩვენთვის თავის დანებებას უბრალოდ არ აპირებს. შესანიშნავი ფრაზაა ეს “თავის დანებება“. მით უმეტეს, როდესაც ერთმანეთს ღირსეული ადამიანები ღირსეულად შორდებიან. არავინ არა ვართ ერთმანეთზე გადანასკვულები და თუკი ურთიერთობაში ბზარი არსებობს, კარგი ხალხი უბრალოდ ქუდს იხურავენ და მიდიან.
 ჩვენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების გარიჟრაჟზე, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციიდან ქართული ფეხბურთის გამოყოფით ვთქვით რომ არ გვსურდა “დიდ რუსულ სპორტულ ოჯახში“ ყოფნა და ჩვენთვის გვერჩივნა ბურთის გორება. მაშინდელი ქართული ფეხბურთის მამებს შემდეგ სპორტის სხვა სახეობებმაც მიბაძეს და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც მივიღეთ ის მოცემულობა, რასაც დღეს ქართული სპორტი ჰქვია. როდესაც ქართული ფეხბურთი რუსეთისას გამოეყო, მაშინ სულ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ძალიან მიყვარდა გაზეთებში ქექვა. ბევრი რამ მაქვს წაკითხული ამ მოვლენის შესახებ და მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, არ მახსოვს შემთხვევა, სადაც რუსები და მით უმეტეს რუსი სპორტსმენები აუგად ყოფილიყვნენ მოხსენიებულნი. პირიქით, დამოუკიდებლობის შემდეგ, ყველა რუსულ სპორტთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამდა და არავის სურდა ძველი სპორტული ტრადიციებისა და ურთიერთობების გაწყვეტა. ამის შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ უპასუხოდ დარჩა ქართველების გაწვდილი მეგობრობის ხელი. რუსებისაგან (რასაკვირველი დადებითი გამონაკლისების გარდა) მხოლოდ ქილიკი, დაცინვა, ზემოდან ცქერა და დამცირება მივიღეთ. ორი სპორტსმენის საოლიმპიადო მონაცემების შეცვლით, რასაკვირველია, ქვეყანა ნამდვილად არ დაიქცევა, მაგრამ როდესაც ასეთ ამბებს იგებ, ბუნებრივად რწმუნდები, რომ რუსეთში სპორტი მართლაც პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილია. რუსეთი არის ქვეყანა, სადაც მეგობრობა რატომღაც ბატონყმური ურთიერთობების ჭრილში ესმით. თურმე დამპყრობელშიც უნდა უმართლებდეს ქვეყანას...

ლევან სეფისკვერაძე

0.115615