გულშემატკივრის სვეტი

10:35 | 23.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

რა არის სიზარმაცე?!

ძალიან ბევრი დაგიკარგავთ თუ არ გინახავთ ჩვენებური მეღვინე, რომელიც გაზაფხულზე შიშ-კანკალით ხდის ქვევრის თავსახურს. მისი შიში გამართლებული და ბუნებრივია, რადგან ჯერ კიდევ არ იცის, მთელი ზამთრის განმავლობაში ქვევრში ჭაჭაზე კახური მეთოდით დატოვებული ღვინო როგორი გამოვა და იქნება თუ არა სასურველი ხარისხის. ყოველი წლის ზაფხულში ქართული ფეხბურთის ქომაგებიც სწორედ შეშინებულ მეღვინეებს ვემსგავსებით, რადგან არ ვიცით, ევროპულ საკლუბო ტურნირებში ჩაბმული ქართული კლუბები რას იზამენ და ისევ მოგვჭრიან თუ არა თავს ევროპის მასშტაბით. 

მეღვინეებს, გულშემატკივართაგან განსხვავებით, ის უპირატესობა აქვთ, რომ თუკი ღვინის დამყენებელმა თავისი საქმე კარგად იცის და ღვინოსაც სათანადოდ მოუვლის, დიდი შანშია, მართლაც მიიღოს ისეთი ღვინო, ევროპელებსაც კი რომ გააკვირვებს. ქართული საფეხბურთო კლუბები კი, წლებია, ყველას მხოლოდ და მხოლოდ თავისი უხეირობით თუ გააოცებენ. ზოგიერთ კლუბს, რა თქმა უნდა, აქვს პატარ-პატარა გამონათებები, მაგრამ ძნელია, პროგრესზე თავდაჯერებით ილაპარაკო, როდესაც საქართველოს ჩემპიონს აზერბაიჯანის ჩემპიონი 3:0-ს ამარცხებს. 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბევრ ერთგულ ქომაგს ვიცნობ და ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც საყვარელი კლუბის გარშემო შექმნილი ილუზიები ასე თვალსა და ხელს შუა დაუმსხვრიეს. აღარაფერს ვამბობ ქუთაისის ”ტორპედოზე”, რომელმაც ევროპა ლიგის ერთი საკვალიფიკაციო ეტაპიც კი ვერ გადალახა და ”ღირსეული” ადგილი დაიკავა ანდორის, სან-მარინოსა და სხვა იმ არასაფეხბურთო ქვეყნების კლუბებს შორის, რომელთათვისაც ყოველი გატანილი გოლი სიამაყისა და თავმომწონების მიზეზი ხდება ხოლმე.
გორის ”დილამ” და რუსთავის ”მეტალურგმა” სულაც ჯგუფურ ეტაპამდე რომ მიაღწიონ, ქართულ ფეხბურთს, ალბათ, მაინც ვერ ჩამორეცხენ ყაზახურ-აზერბაიჯანულ სირცხვილს. თუმცა, მე ქართველი ქომაგების გულმავიწყობის ამბავი რომ ვიცი, მალე ყველაფერი დაგვავიწყდება და მომავალ ზაფხულს კვლავ დიდი იმედებითა და ოცნებებით დაველოდებით.
ყველაზე მეტად, ალბათ, ორი რამაა, რაც ფეხბურთელებსა და საფეხბურთო კლუბის მესვეურებს არ ეპატიებათ. სამარცხვინოდ წაგების შემდეგ, თავის უტიფრად მართლება და სიზარმაცე. სიზარმაცე ის დაავადებაა, რომელიც მხოლოდ მაშინ განიკურნება, როდესაც ზარმაცი ფეხბურთელი და საერთოდ ზარმაცი ადამიანი სამარცხვინო კაცად ჩაითვლება და მის შესახებ არასოდეს იტყვიან საქართველოში გავრცელებულ აბსურდულ ფრაზას: ”ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი”. მე ზარმაცი კაცის არც ნიჭისა მწამს და არც მისი ტალანტის... როდესაც ზესტაფონელი ფეხბურთელების ”ნეფთჩთან” თამაშს ვუყურებდი, ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, რაიმე შეფუცხუნების მაგვარს მაინც თუ შეძლებდნენ ჩვენი ფეხბურთელები. მით უმეტეს, რომ საქართველოს ჩემპიონის სტატუსით მინდორზე იმერული კლუბი იდგა (დარბოდნენ და ოფლად იღვრებოდნენო - “ზესტაფონის” ფეხბურთელებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით). მოკლედ, იმერული სიფიცხის იმედიღა მქონდა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, ბაქოში რაც მოხდა და რაც გვიქნეს. ამიტომ, ალბათ, აღარ ღირს ამ კოშმარის კიდევ ერთხელ წარმოდგენა.
ბავშვობაში სადღაც წავიკითხე ერთი პატარა გერმანული მინიატურა - ბავშვებს სკოლის მასწავლებელმა დაავალა, დაეწერათ თავისუფალი თემა იმაზე, თუ რას ნიშნავს მათი აზრით სიზარმაცე; ბავშვებმაც აიღეს საწერი კალმები და ვინც რას ფიქრობდა ჩამოაწიკწიკეს; როდესაც თემა ყველამ დაწერა, მასწავლებელი შეუდგა ნამუშევრების გასწორებას და ნიშნების დაწერას; როცა პატარა ჰაინრიჰის თემამდე მივიდა, მასწავლებელმა გადაშალა რვეულის ერთი გვერდი და ნახა სათაური: ”გაინტერესებთ, სიზარმაცე რა არის?”. შემდეგ გადაშალა მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე გვერდები - სადაც არაფერი ეწერა. მეექვსე გვერდის ბოლოში კი, დიდი ასოებით ეწერა: ”აი ეს არის სიზარმაცე!” 
ჭკუამახვილ პატარა ჰაინრიჰს ”ზესტაფონისა” და ”ტორპედოს” თამაშები ნანახი რომ ჰქონოდა, ალბათ, მხოლოდ ამ ორი კლუბის დასახელებაც საკმარისი იქნებოდა ტერმინ ”სიზარმაცის” ასახსნელად. მით უმეტეს, რომ გერმანელისთვის სიზარმაცე თავის მართლების მიზეზი არასოდეს ყოფილა...
ეს ბოლო დღეებია, საშუალოზე დაბალი ევროპული დონის გუნდებთან შერცხვენილ ქართულ კლუბებზე ”მოამაგენი” სხვადასხვა მედია-საშუალებებით გამუდმებით ამტკიცებენ, რომ მათი კლუბების ევროტურნირების ”ჭ” ეტაპიდან გამოვარდნა ”შემთხვევითობა” და ”მოულოდნელობა” იყო. ბოლოს და ბოლოს, ნამუსიც კარგი საქონელია ბატონებო!
 
ლევან სეფისკვერაძე 
0.121324