გულშემატკივრის სვეტი

13:09 | 16.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

სამართლიანობისაკენ გადადგმული ნაბიჯი

ხომ გინახავთ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიჯიუტით გაოცებენ და ნერვებს გიშლიან? მაგალითად ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან არასოდეს აღიარებს, რომ სხვა მართალია და როდესაც საკუთარი პოზიციის არაფრისმომტანობაში დარწმუნდება, მაშინ აქეთ შარს მოგდებს – მე სიმართლეს ყოველთვის მივხვდებოდი, შენ რომ არ მიშლიდე ხელსო... მოკლედ, ასა თუ ისე, ფიფაში მაინც მიხვდნენ იმას, რომ მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომების აღმოფხვრას მხოლოდ მსაჯების რაოდენობის გაზრდა ვერ უშველის და ტექნოლოგიურ პროგრესსაც დასდეს პატივი.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სულ მალე დაგვადგება საშველი და საფეხბურთო მატჩების დროს, კარებთან დაყენებული დეტექტორები დააფიქსირებენ გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. ამ გზით არამხოლოდ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ დადგინდება, არამედ, წუწუნისა და ”თავის დამართ ცემის” საშუალება მოესპობათ ისეთ გულშემატკივცრებს, რომლებიც ყველაფერს მსაჯს აბრალებენ. ასეთი ადამიანების რიცხვი კი სამწუხაროდ ძალიან დიდია. სამსაჯო საქმე რომ ფეხბურთის მსგავსად სწრაფად ვერ ვითარდება და დღემდე მრავალი უპატიებელი შეცდომის მხილველნი რომ ვართ – ეს ცხადი ამბავია. თუმცა, მსაჯებს ხშირად ისეთ ბრალდებებსაც უყენებენ, ახლა გამეორებაც კი მერიდება. მაგალითად, ვიცნობ კაცს, რომელიც მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთი მატჩის დროს, მსაჯს ტოტალიზატორში მასპინძელი გუნდის მიერ შეხვედრის დაწყებაზე ჰქონდა ფული დადებული. იმ თამაშს ერთად ვუყურეთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ თამაში სტუმარმა გუნდმა დაიწყო, ნერვებმოშლილმა ”ექსპერტმა” ტოტალიზატორის ბილეთი შუაზე გადახია და ის კი არ თქვა, შევცდი და მსაჯი არაფერ შუაშიაო... არა! ისევ მსაჯს დაუწყო გინება: ”სულ მასპინძელ გუნდს ”აწყებინებს” თამაშს და რაღა ახლა დააწყებინა სტუმარსო”.
მოკლედ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, მისასალმებელია და საჭიროა. ასევე საჭიროა, ვიდეოკონტროლის გაძლიერება ისეთ მატჩებზე, სადაც ტრიბუნებზე რასისტები, ფაშისტები და ათასი ჯურის მოძალადეები სხედან. ეს ადამიანები საკუთარ თავს ”გულშემატკივრებს” უწოდებენ. მაგრამ საქმეს თუ ვინმე აფუჭებს და ფეხბურთს სახელს თუ ვინმე უტეხს – სწორედ ასეთი ხალხია. სამწუხაროა, რომ მოძალდეების პრობლემის აღმოფხვრა პლანეტის ისეთ ერთ-ერთ ყველაზე სწორად აწყობილ ტურნირშიც კი ვერ მოახერხეს, როგორიც ინგლისის პრემიერლიგაა. აღარაფერს ვამბობთ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზე, სადაც ტრიბუნებზე რასისტული პლაკატები ლაღად ფრიალებს და ამის დამნახავი პოლიცია ყურსაც კი არ იბერტყავს.
 ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის მოწინააღმდეგეები, როგორც წესი ერთი და იმავე წინადადებას იმეორებენ, რომელიც ოდესღაც რომელიღაც მწვრთნელმა სადღაც თქვა (შეიძლება არც უთქვამს). წინადადება ასეთია: ”ახალი ტექნოლოგიები ფეხბურთს დაღუპავს, რადგან ფეხბურთი თანდათან კარგავს თავის პირვანდელ სახეს და ემსგავსება კომპიუტერულ თამაშს”. ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. მით უმეტეს ვხედავთ, რომ ზედმეტი კომერციალიზაციის გამო, სპორტის არაერთი სახეობა ძველებურ პეწსა და ”მუღამს” მართლაც კარგავს. მაგრამ, მართლა ვერ ვხვდები რა კავშირშია ტექნოლოგიური პროგრესი ამ ყველაფერთან. წარმოგიდგენიათ მაგალითად თანამედროვე ჩოგბურთი განმეორებების გარეშე? ავკრძალოთ მაშინ იქაც ტექნოლოგიები და ვნახავთ მერე ყოველ სადავო ბურთზე რა ამბავი ატყდება...
ალბათ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც თბილისში მობილური ტელეფონები ჯერ სულ ახალი ხილი იყო, ზოგიერთი ადამიანი როგორი შიშნარევი თრთოლვით საუბრობდა ”ამ ხელის ტელეფონის საშინელ ძალაზე” და ზოგიერთები იმასაც კი ამტკიცებდნენ, მობილური ტელეფონის მქონე კაცს თუ რაიმე დაავადება არსებობს, ყველაფერი ერთად დაემართებაო. ბოლოს მობილური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ის ადამიანები, რომლებიც ფეხბურთში ტექნოლოგიების დანერგვის წინააღმდეგ გამოდიან, მომავალში ალბათ ღიმილით გაიხსენებენ (ან შეიძლება არც კი აღიარონ მოწინააღმდეგეები რომ  იყვნენ) საკუთარ სიჯიუტეს იმის მიმართ, რაც შემდგომში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.
 ფიფამ ეს ყველაფერი მართლაც დაიგვიანა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არასდროს გაკეთებულს გვიან გაკეთებული საქმე ნამდვილად სჯობია. მით უმეტეს, რომ ეს გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობის – სიმართლის დადგენას ემსახურება!
 

 

ლევან სეფისკვერაძე  

 

0.149286