ქართველებისათვის ზაფხულის ოლიმპიადა ყოველთვის განსაკუთრებული სპორტული ღონისძიება იყო, რადგან ოლიმპიადა ერთადერთია, როდესაც ყველა დღე ახალი იმედით თენდება და თითებზე ვითვლით მომდევნო დღეებში რომელ ქართველ სპორტსმენებს ვიხილავთ. ქართველებისთვის მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ დიდი და ღონიანი ქვეყნები სხვა ისეთ ტურნირებშიც იღებენ მონაწილეობას, სადაც ჩვენ სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვხვდით. მარტო მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი რად ღირს, როდესაც აზიიდან ავსტრალიამდე მთელი პლანეტა ტელეეკრანებსაა მიმსხდარი და საყვარელ ნაკრებებს ქომაგობენ. ქომაგობით ჩვენც ვქომაგობთ, მაგრამ სხვებს. სწორედ ამიტომაცაა ღიმილისმომგვრელი მსოფლიოსა თუ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების დროს ქართველებს შორის გაჩაღებული კამათების მოსმენა. იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი... ყველა ეს ნაკრები უდავოდ დიდი გუნდები არიან და პატივისცემასაც ალალად იმსახურებენ, მაგრამ არსებობს ”შენი” და არსებობს ”სხვისი”. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები კი ნამდვილად ჩვენია და ზაფხულის ოლიმპიადაზე მოპოვებულ ნებისმიერი სინჯის მედალს ჩვენთვის ასმაგად დიდი ფასი აქვს.
როდესაც ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და მთელი ქვეყანა გაახარა, ტელეფონებზე არ წყდებოდა ზარები. ყველა ერთმანეთს ვულოცავდით, ყველა გახარებული და ბედნიერი იყო. განსაკუთრებით დიდი სიხარული ქართლში იყო. ლაშას მშობლიურ სოფელ კარალეთში ხომ სულ რაღაც ოთხი წლის წინ, რუსეთის საოკუპაციო ჯარი იდგა და კაცმა არ იცოდა, გავიდოდნენ თუ არა რუსები იქიდან. ”რა ქნა ლაშამ ნახე ბიჯო? თან ყველა მაგაზე დიდი იყო განა... ჰა, ხო მაგარი ბიჭი გვყავს?!” – ხმაჩახლეჩილმა დამირეკა გორელმა მეგობარმა, რომელიც ხუთი თუ ექვსი წელი ნანახი არ მყავდა. დარეკეს გურიიდან, ქუთაისიდან... მოსკოვიდანაც კი... ერთი ნაცნობი მეუბნებოდა, შავდათუაშვილის გამარჯვების შემდეგ, ჩემმა ცოლმა, რომელსაც ჭიდაობის არაფერი გაეგებოდა, ძიუდოს წესების სწავლა დაიწყო და ახლა ოლიმპიადაზე ძიუდოში ქართველების თუ უცხოელების ყველა შეხვვედრას უყურებსო. ერთ-ერთ თბილისელ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს (რომელიც სხვათა შორის გორელი აღმოჩნდა) თავის სამარშრუტო ტაქსიში შავ-თეთრ პრინტერზე საშინელი ხარისხით ამობეჭდილი შავდათუაშვილის ფოტო ჰქონდა გაკრული და მთელი გზა მგზავრებს სიამაყით ეუბნებოდა: სულ პატარა რომ იყო, იმ პერიოდიდან ვიცნობ მაგ ბიჭს და მის მშობლებსო.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ქვეყანა ერთმა ოქროს მედალმა გაგვაერთიანა და დაგვიბრუნა იმის განცდა, რომ ამ დედამიწაზე უკანასკნელი ხალხი ნამდვილად არა ვართ. სპორტის მთელი ”მუღამიც” ალბათ სწორედ ეს გამაერთიანებელი ფაქტორია. თუმცა, ჭიდაობა მაინც რაღაც უფრო ქართული ამბავია და ეს ჩემი და ჩვენი მოგონილი სიტყვები არაა.
ლაშა თავდათუაშვილი მიმდინარე ოლიმპიადაზე ნამდვილად ”პირველი მერცხალი” იყო პირველი ოქროს სიხარული რა თქმა უნდა შეუდარებელი და განსაკუთრებულია. მით უმეტეს, როდესაც ოქროს მედალს 20 წლის ბიჭი იღებს. თუმცა, სამწუხაროა, რომ ლაშას მიერ გაკვალული გზა ჯერჯერობით ვერ გაიარეს სხვა ქართველმა სპორტსმენებმა და იმედია, ეს ”ჯერჯერობით” ძალიან მალე დასრულდება. ”მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება” – ეს ჩემის აზრით არაფრისმომცემი ლოზუნგი არც ოლიმპიადას უხდება და არც საერთოდ ცხოვრებას. რატომღაც მგონია, რომ მსგავს გამოთქმებსა და ფრაზებს ისეთი ადამიანები ქმნიან და იგონებენ, რომლებსაც არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და ერთვარ სიამოვნებასაც კი ჰგვრით ჩრდილში დგომა. სხვისი ცხოვრება რა ჩვენი საქმეა. ვისაც უნდა ”ჩრდილში” დადგეს და ვისაც უნდა ”თაკარა მზის” ქვეშ დაიხრუკოს, მაგრამ სპორტსმენისათვის (მით უმეტეს მთელი ოლიმპიური მოძრაობისათვის) იმის ჩაგონება, რომ გამარჯვებას ფასი არა აქვს და მთავარი მონაწილეობაა - კარგს არაფერს მოიტანს. დიახ, სწორედ გამარჯვებაა მთავარი! იმედია სხვა ქართველი ოლიმპიელებიც შეძლებენ ლაშა შავდათუაშვილის შედეგის განმეორებას და ქართული დროშა კიდევ არაერთხელ აიწევა ყველაზე მაღლა!
აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი ჩვენთვის არცთუ საამო ფაქტი. მედლების რაოდენობის მხრივ ჩვენი პატარა ქვეყანა ათწლეულებისა და შეიძლება ასწლეულების (ვისაც 2012 წლის დეკემბერში დედამიწის ამობრუნების შიში აქვთ – მათთან ბოდიში) მანძილზეც კი ოლიმპიადაზე აღებული მედლების რაოდენობით ვერ შეემეტოქება: აშშს, რუსეთს, ჩინეთს, ბრიტანეთს ან თუნდაც საფრანგეთს. მაგრამ, თუკი ვთანხმდებით იმაზე რომ ქართველებისათვის აღებული ყოველი (მით უმეტეს ოქროს) მედალი მნიშვნელოვანი და საამაყოა, მაშინ ოლიმპიადის ყოველი დღე სწორედ ამ მედლების იმედით უნდა გაგვითენდეს. ეს ჩვენი ბრძოლაა, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ლევან სეფისკვერაძე