თუ სწორად მახსოვს, კარგი გუნდი საინტერესო ფეხბურთს უნდა თამაშობდეს. სულ მობილიზებული უნდა იყოს და მუდამ გამარჯვების რწმენით გადიოდეს მინდორზე. თუ სწორად მახსოვს, კარგ მწვრთნელს, არანაირი მეტოქის არ უნდა ეშინოდეს და არც ტიტულები უნდა ბეზრდებოდეს არასოდეს. თუ სწორად მახსოვს, კარგი ფეხბურთელი თანაგუნდელებისათვის მაგალითად უნდა ითვლებოდეს და სწორედ გადამწყვეტ მომენტებში უნდა ითამაშოს ისე – ლიდერს რომ შეეფერება. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს ეს ყველაფერი ჰქონდა და ჰქონდა მოჭარბებულად. პირინელები ზედიზედ მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები და ზედიზედ მესამედ აიღეს დიდი საფეხბურთო ჩემპიონატის თასი. ესპანელებმა ეს ყველაფერი გააკეთეს დამაჯერებლად, ღირსეულად და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. ესპანეთის ნაკრები დიდი გუნდია! დიდი გუნდი კი ყოველთვის სამართლიანად ხდება ჩემპიონი!
სანამ ფინალამდე მივიდოდა, ვისენტე დელ ბოსკეს დამოძღვრილი გუნდი გარკვეულ ეჭვებს ნამდვილად ბადებდა. “ტიტულების სიმრავლემ ხომ არ მოადუნა ესპანელები?“, “იქნებ დელ ბოსკემ უღალატა მისთვის დამახასითებელ სათამაშო სტილს?“, “იქნებ დამქანცველმა საკლუბო სეზონმა იმოქმედა ცუდად ესპანელ ფეხბურთელებზე?“, “ხომ არ მოძველდა მათი სტილი“, “იქნებ ფეხბურთელები დაუბერდნენ ესპანეთს?“ – ხშირად სვამდნენ ამ კითხვებს ფეხბურთის ქომაგები. მაგრამ, იტალიის სიმპათიურ ნაკრებთან ფინალურ შეხვედრაში გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, ყველამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ “ფურია როხა“ ძველებურად მძვინვარე გუნდია და ძველებურად დიდებულად შეუძლია თამაში. სხვა გუნდის ქომაგებს რასაკვირველია გული დასწყვიტა საყვარელი ნაკრების წარუმტებლობამ. ზოგი გერმანიის ნაკრების ფინალამდე გამოვარდნას მისტიროდა, ზოგი ინგლისის ცუდ თამაშს ვერ ეგუებოდა და ზოგს რუსეთის უდავოდ საინტერესო გუნდზე სწყდებოდა გული. იყვნენ ისეთები, რომლებსაც ჰოლანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა მიაჩნდათ შემთხვევითობად და ისეთ ადამიანებსაც ვიცნობ, დანიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზე რომ დავობენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფინალამდე ხდებოდა. ფინალამდე ხომ ესპანეთის ნაკრებმა ერთადერთხელ გამოაჩინა ბასრი “კლანჭები“ და ისიც ჩემპიონატის აშკარად ყველაზე სუსტ ირლანდიის კრებულთან. ახლა ყველა ჩუმადაა. პირინეელებმა სათქმელი აღარავის დაუტოვეს და ეს მხოლოდ იტალიის ნაკრების კარში გატანილი ოთხი ერთმანეთზე უკეთესი გოლის დამსახურება როდია...
ულვაშა ვისენტეს ბიჭებმა ფინალში სწორედ ის ფეხბურთი ითამაშეს, რის გამოც, ლამის მთელი მსოფლიო ესპანეთის ქომაგად ვიქეცით 4 წლის წინანდელ ევროპის ჩემპიონატზე. ახლანდელი ესპანეთი, რასაკვირველია, უფრო დაღვინებული გუნდია, რომელიც კონკრეტულ თამაშებში თავს მხოლოდ შედეგზე თამაშის უფლებას აძლევს და ეს მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოსდის. გავიხსენებთ თუნდაც ერთ ესპანელ ფეხბურთელს, რომელმაც ჩემპიონატზე დაბალი მოტივაციით ითამაშა და მოედანზე მთელი გული არ დადო? მთელი გასული სეზონის მანძილზე, საკუთარ კლუბში არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე ფერნანდო ტორესსაც კი, “ფურის როხას“ მაისურმა თითქოს თვალები აუნთო და ახალი ძალები შეჰმატა. ლამის წლის იმედგაცრუებად სახელდებულმა ტორესმა, ევროპის ჩემპიონისა და ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტულით დაასრულა საფეხბურთო სეზონი.
ცალკე თემაა ალბათ ესპანეთის ყველა დროის სამი საუკეთესო ფეხბურთელი – ჩავი, ინისეტა და კასილიასი. ამ ბიჭებმა საკუთარი სამშობლოსათვის ალბათ უკვე იმდენი გააკეთეს, გარდასულ საუკუნეთა ბევრი ესპანელი მონარქი რომ ვერ იოცნებებდა. ესპანეთის დღევნდელი მეფე – ხუან კარლოს მეორე, ინგლისელი მონარქის მსგავსად, ტიტულებსა და წოდებებს ადვილად არ იძლევა, მაგრამ ესპანელი ხალხის გულში ეს სამეული უკვე რაინდებზე მეტნი არიან!
ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, ხშირად მესმოდა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სანაკრებო ფეხბურთს საკლუბო ყოველთვის სჯობს და ესპანეთის ნაკრების თამაშის ცქერას, “ბარსა“-“რეალის“ ნებისმიერი “ელ-კლასიკო“ ურჩევნიათ. ვის რა ურჩევნია არ ვიცი, მაგრამ ამ გადასახედიდიან ალბათ ცოტა ღიმილისმომგვრელადაც კი მოსჩანს ერთი ნებისმიერი ქალაქის კლუბის ქომაგების პრივატული ზეიმი, როდესაც დღეს მთელი ესპანეთი გახარებული და ბედნიერია. ასეთი ბედნიერება მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა. ვივა და ასგზის ვივა ესპანეთს!
ლევან სეფისკვერაძე