- ხედავ ავსულებს როგორი ლხინი გაუმართავთ ჩემო მეგობარო სანჩო. ლამაზი ასულებიც რომ დაუტყვევებიათ... როგორ გოდებენ საბრალონი...
- ავსულებს სად ხედავ ჩემო ბატონო. ესენი ხომ ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრები არიან. ეს ლამაზი გოგონები სულაც არ ტირიან. ფეხბურთის ქომაგები არიან და თამაშისათვის ემზადებიან. სახეებიც უცინით.
- აი ხომ ხედავ სანჩო. ბოროტმა ძალებმა შენც თავგზა აგიბნიეს და ავსულები გულშემატკივრებად გეჩვენება. ამ ციხის ქონგურებს შეხედე, სისხლში ამოსვრილი დროშები რომ აუფრიალებიათ.
- ეგ ხომ ”სანტიაგო ბერნაბეუა”. გულშემატკივრები სტადიონზე შედიან, ესპანეთი-იტალიის ფინალს დიდ ეკრანზე ერთად რომ უყურონ. გავეცალოთ აქაურობას ჩემო ბატონო. გულშემატკივრები აგრესიული ხალხია და რამე რომ ვაწყენინოთ, შეიძლება იმაზე უარს დაგვმართონ, რაც გასულ კვირას ფუნდუკში გვიქნეს.
- ის ფუნდუკი კი არა, ეშმაკეულთა შესაკრებელი იყო ბრიყვო!
- თუნდაც ეგრე ყოფილიყო ჩემო ბატონო. გვერდები ახლაც მტკივა. ის ჩემი 100 ოქროს უზალთუნიც მაშინ ამომაცალეს ჯიბიდან წამხდარმა მეფუნდუკეებმა.
- ჩემი ჩაჩქანი მომეცი სანჩო. ბევრს ნუ ლაპარაკობ. მტვერი ავადინოთ ამ ბოროტ ავსულებს!
- არ ქნათ ბატონო ეგ. ხომ ხედავ როგორი დაბღვერილი ბიჭები არიან. ძვალსა და რბილს გაგვიერთიანებენ. ჯობია წავიდეთ ჩვენს გზაზე.
- შეასრულე მწუხარე სახის რაინდის ბრძანება მშიშარავ!
- აი, აიღეთ თქვენი შუბი და სადალაქო თასი, რომელიც რატომღაც ჩაჩქანი გგონიათ. მე კი თუ ნებას მომცემთ, აქვე სადმე დუქანში დავიმალები. ვიცი, ცუდი ამბავი მოხდება.
- საჭურველთმტვირთველს მე ბრძოლაში არ ვრევ. დაე, წადი სადაც გინდა და როდესაც გავიმარჯვებ, მოსისხართა გვამები შენ უნდა მიაბარო მიწას. ჩვენ ხომ მავრები არა ვართ, გვამები ყორანთა საჯიჯგნად რომ დავტოვოთ. დადეექ!!!...
ორი საათის შემდეგ...
- ვაიმე ჩემო ბატონო, ასე უღვთოდ რატომ გცემეს იმ უსინდისო ინჩასებმა. ხომ გითხარით, რომ მაგათთან ჩხუბი კარგს არაფერს მოგიტანდათ.
- ჩსუბი სად ნახე სანჩო? ეს დიდი ბრძოლა იყო, სადაც მე გავიმარჯვე. ნახე, როგორ დაზაფრულნი გარბიან...
- პოლიციას გაურბიან ჩემო ბატონო. აბა, ერთ კაცს ამდენი რომ გირტყამდათ, საქმეა ეგ?
- პოლიცია რაღა ოხრობაა? ან ეს რა სიმღერის ხმა მესმის ჩემო მსახურო?
- როგორც ჩანს ფინალი დაიწყო და ესპანეთის ჰიმნს მღერიან.
- განა ეს ესპანეთის ჰიმნია? ან რა ესპანურად ლაპარაკობდნენ. იმათი ვერაფერი გავიგე.
- იმათმა ვერ გაიგეს თქვენი ვერაფერი ჩემო ნათეთქვო ბატონო. აბა ასე გამოწყობილი კაცი შუბით რომ მიეჭერით, რას გაიგებდნენ.
- ხის დროშაზე გამოსახული მთავარი ავსული რომ განვგმირე, ხომ დაინახე ჩემო ერთგულო სანჩო? როგორ ოსტატურად ჩავასე შუბი ულვაშს ქვემოთ!
- ეგ ხომ სენიორ ვისენტე დელ ბოსკე იყო! ”ფურია როხოს” მწვრთნელი. მაგან წაიყვანა ჩვენი ბიჭები სლავთა მიწაზე ფეხბურთის სათამაშოდ.
- სლავებს რაღას ერჩოდა ეგ ღვთის მგმობელი?
- სლავებს არაფერს ბატონო... დიდი მთავრის, კიის მიწაზე, ევროპის ჩემპიონატი იმართება და ჩვენი ბიჭები ფინალში რომაელებს ხვდებიან.
- რომაელებს? დასწყევლოს მარსმა ეგ სისხლისმხმელები! მე მაინც ვერაფერი გავიგე ჩემო მეგობარო. მაგას ისა სჯობს, ფეხზე ჭრილობა უფრო მაგრად გადამიხვიო. ხომ ნახე, ავსულთა ასმეთაურმა შუბი ბარძაყში როგორ მაძგერა...
- ჯერ გავეცალოთ აქაურობას ბატონო. მერე ფეხსაც გადაგიხვევთ და რამდენიმე ყლუპ რიოხას ღვინოსაც შეგასმევთ. რიოხას ღვინოს ხომ სასწაულების მოხდენა შეუძლია!
- ჩაჩქანი, ჩემი გაუბზარავი ჩაჩქანი არ დაგრჩეს სანჩო. წინ კიდევ არაერთი ბრძოლა გვაქვს გადასატანი!
ლევან სეფისკვერაძე