გულშემატკივრის სვეტი

19:46 | 8.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნინო

არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩემი შეხედულება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ვინ მიმაჩნია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ქართველ სპორტსმენად, აუცილებლად გიპასუხებთ – ასეთად, უპირველესად, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე მესახება. სასიხარულოა, რომ ტიტულების მხრივ, ნინოზე არანაკლები სპორტსმენი სხვებიც გვყავს, მაგრამ საუკეთესო სპორტსმენი, ჩემი აზრით, სამაგალითო და მისაბაძიც უნდა იყოს. ნინო სალუქვაძე კი ამ მხრივ უდავოდ ნომერ პირველია!
დღემდე გაოცებას იწვევს ნინო სალუქვაძის შემართება და სპორტისადმი სიყვარული. ეს ადამიანი არც წლებს ეპუება და არც იმას, რომ სახეობაში სადაც თავად გამოდის, ლამის ყოველ წელს ახალ-ახალი ტალანტები ჩნდებიან. ნინო მაინც ძველებურად, ფორმაშია და გასულ ოლიმპიადაზე ყველასათვის მოულოდნელად მოპოვებული ბრინჯაოს მედალიც ადასტურებს, რომ ნინო სალუქვაძე ოლიმპიადებზე მხოლოდ და მხოლოდ წარმატებისათვის მიდის და ქართველ სპორტის მოყვარულებს თუკი ვინმეს იმედი უნდა ჰქონდეთ, ეს, უპირველეს ყოვლისა, ნინო სალუქვაძეა.
ამბობენ, ქალებს ასაკს არ ეკითხებიანო. არც ჩვენ დავინტერესდეთ ამით. მით უმეტეს, რომ ნინო სალუქვაძე ნიმუშია ქალისა, რომელსაც წლები მართლაც რომ ვერაფერს აკლებს. ახლა, ლონდონში გასამართი ოლიმპიადის ლიცენზიაც, ქართველი სპორტმენებიდან პირველმა სწორედ ნინო სალუქვაძემ მოიპოვა და ჩვენი ოლიმპიელებიდან ყველაზე გამოცდილი და მე ვიტყოდი, ჭეშმარიტი ლიდერი, ეს ქალბატონი იქნება.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ გასული - 2011 წელი, ქართველი ქალი სპორტსმენებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი იყო. გაუსლ წელიწადში ქართველმა ქალებმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე დიდ წარმატებას მერი არაბიძემ მიაღწია, რომელიც ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ქალთა ჭადრაკი ჯერ ისევ თავის სიმაღლეზე დგას.
გარდა ამისა, შარშან, ევროპის ზამთრის ჩემპიონატში იმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა, რაც წლის სენსაციად შეგვიძლია ჩავთვალოთ. საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები, რომელიც ძირითადად ბათუმელი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული, თანდათან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება. ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - ქრისტინე ესებუა კი, გუნდურ წარმატებასაც აღარ დასჯერდა და მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
თამამად შეიძლება დავასკვნათ, რომ 2011 წელს, ქართული სპორტის წარმატებების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველ ქალ სპორტსმენებზე მოდის. მშვილდოსანი ქრისტინა ესებუა, სნაიპერი ნინო სალუქვაძე, მოჭადრაკე მერი არაბიძე – ეს ის ქალბატონები არიან, რომლებმაც ქართველ სპორტსმენ მამაკაცებს ტოლი არაფერში დაუდეს და ქართველი კალათბურთელების წარმატებასთან ერთად, 2011 წელს, ქალი სპორტსმენების ღირსეული გამოსვლებიც აუცილებლად უნდა გამოვყოთ.
თუმცა, როდესაც ქართველ ქალ სპორტსმენებს ვახსენებთ, საუბარი ალბათ მაინც გასული ოცწლეულის ქართული სპორტის ლეგენდით, მიზანში მსროლელ ნინო სალუქვაძით უნდა დაიწყო და დაასრულო კიდეც!
ამ საოცარ ქალბატონს ვერც ასაკი და ვერც კონკურენცია ვერაფერის აკლებს. ნინო სალუქვაძემ თავისი კოლექციას მედლები გასულ წელსაც მიუმატა და ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ იქნებ ლონდონის ოლიმპიადაზეც ძველებურად კარგად გამოვიდეს და ერთი მედლით შეეწიოს ჩვენს ოლიმპიურ გუნდს. ეს ნინო სალუქვაძეს ნამდვილად შეუძლია და ჩვენც გვჯერა, რომ ეს ქალბატონი მიღწეულზე არასოდეს შეჩერდება.
ქართველ სპორტის მოყვარულებს სახელი – ნინო სალუქვაძე არასოდეს დაგვავიწყდება. ნინო ხომ უკვე ჭეშმარიტი ლეგენდაა!
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.11614