სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:24 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: პირველი აფრიკელები
ტუნისის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 8 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D, E და F ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე G ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - დავიწყოთ ტუნისის ეროვნული ნაკრებით.

მონაწილეობა – 5

ტუნისის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთედ ითამაშებს. ბოლოს კი მუნდიალზე 2006 წელს იმყოფებოდა, როცა საუდის არაბეთთან, ესპანეთთან და უკრაინასთან ჭიდილში ჯგუფში ჩარჩა 1 ქულით (საუდის არაბეთთან ფრე).

საერთოდ, ტუნისელები 1998-2002-2006 წლებში მიჯრით სამჯერ თამაშობდნენ პლანეტის პირველობაზე, სამჯერვე ჯგუფში ჩარჩნენ და სამჯერვე 1 ქულით დაასრულეს ტურნირი. 2006 წელზე უკვე მოგახსენეთ, ხოლო 1998 წელს საფრანგეთში ინგლისთან (0:2), კოლუმბიასთან (0:1) წააგეს და ბოლო ტურში დაუზავდნენ რუმინეთს (1:1). 2002 წელს კი, რუსეთთან (0:2) და იაპონიასთან (0:2) დამარცხდნენ, ხოლო შუალედში ბელგიასთან ფრეს გამოჰკრეს ხელი – 1:1.

იქამდე, ტუნისს 1978 წელსაც ჰქონდა მუნდიალზე ნათამაშები და ჯგუფური ეტაპი მაშინაც ვერ დაძლია. თუმცა, ტუნისი აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში მაშინ მაინც ჩაეწერა.

საუკეთესო შედეგი – ჯგუფური ეტაპი (1978 წელი)

ტუნისის ნაკრებს დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონატზე 40 წლის წინ, არგენტინაში ჰქონდა. “არწივებმა” მაშინ ისტორია დაწერეს. 1978 წლის 2 ივნისს, როსარიოში ტუნისმა მექსიკის ნაკრები 3:1 დაამარცხა და გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მთამაში ოიგო! ბედის ირონიით, ეს ტუნისელთა ერთადერთი გამარჯვებაა დღემდე მუნდიალზე. მაშინდელ ტურნირზე პოლონეთთან 0:1 წააგო მეორე ტურში, ხოლო ბოლო ტურში გერმანიას დაუზავდა – 0:0. მოპოვებული სამი ქულა კი, მხოლოდ მესამე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

გზა რუსეთამდე

ტუნისის ნაკრებმა ორი გამოტოვებული მუნდიალის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატსიკენ სვლა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, ლიბიასთან და გვინეასთან ჭიდილში დაიწყო. საბოლოოდ, ყველაფერი დიდებულად წარიმართა და ტუნისმა 14 ქულით ჯგუფში იპირველა (4 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება). “არწივებმა” რუსეთის საგზური 11 ნოემბერს გაიფორმეს. სხვათა შორის, კონგო ტუნისს ოდენ კინკილა ქულით ჩამორჩა. ასე რომ, არც ისე ადვილი გზა გამოიარა დიდ წარმატებამდე.

რუსეთში გასავლელი გზა

18 ივნისი, 2018, ვოლგოგრადი. ტუნისი – ინგლისი

12-წლიანი ლოდინი 18 ივნისს, ინგლისის ნაკრებთან მატჩით დასრულდება. ტუნისი “ნისლიან ალბიონელებს” აქამდე ორჯერ შეხვედრია და ბალანსი უარყოფითია: 1 ფრე, 1 წაგება.

პირველად ასეთი რამ 1990 წლის 2 ივნისს მოხდა, როდესაც სპარინგში გუნდებმა გოლები გაცვალეს. მეორე და გაცილებით ფასეული მატჩი კი 20 წლის წინ, 1998 წლის 15 ივნისს, მარსელში შედგა. მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აფრიკელებმა მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ალან შირერის დუბლის გამო უქულოდ დარჩნენ – 0:2.

23 ივნისი, 2018, მოსკოვი. ბელგია – ტუნისი

მეორე მატჩს ტუნისელები ბელგიის მძლავრ ნაკრებთან ჩაატარებენ. ისტორიას მათი სამი დაპირისპირება ახსოვს და სრული თანაფარდობაა: 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

1992 წლის 26 თებერვალს, ამხანაგურ შეხვედრაში ტუნისმა 2:1 დაამარცხა მეტოქე, ხოლო ბოლო შეხვედრა, ასევე ამხანაგური ხასიათის, 2014 წლის 7 ივნისითაა დათარიღებული. ბელგიამ დრის მერტენსის 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

შუალედში იყო ერთი ოფიციალური მატჩიც. 2002 წლის მუნდიალზე მათი გზები ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. 10 ივნისს, ოიტაში მარკ ვილმოტსმა მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში, რასაც რაუფ ბუზაინემ ოთხ წუთში უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

28 ივნისი, 2018, სარანსკი. პანამა – ტუნისი

ტუნისი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 28 ივნისს, დებიუტანტ პანამის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.

კონტიგენტი

ტუნისის ნაკრების კონტიგენტი ალბათ ერთ-ერთია დამდეგი მუნდიალის მონაწილეთგან, რომელიც ბევრს ვერაფერს გვეუბნება. არიან ფეხბურთელები საფრანგეთის დაბალი რანგის კლუბებიდან. გარდა ამისა, ლეგიონერები საუდის არაბეთის ჩემპიონატიდან.

თუმცა, რამდენიმე მოთამაშე მაინც უნდა გამოვყოთ. მაგალითად მეკარე, გუნდის კაპიტანი აიმენ მათლუთი. დაცვაში გამორჩეული ფიგურაა “ლესტერ სიტის” წევრი იოჰან ბენალუანე, ხოლო ნახევარდაცვაში “რენის” ლიდერი ვაჰბი ხაზრი, რომელზეც ქვემოთ უფრო ვრცლად გიამბობთ.

სხვა მხრივ, ტუნისის ნაკრების ფეხბურთელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ კარს მომდგარი მუნდიალი გაგვაცნობს.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ვაჰბი ხაზრი ტუნისის ნაკრების ვიცე-კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავია. 27 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველის საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა ფრანგულ “რენში” – ლიგა 1-ში ხაზრიმ 24 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა. საფრანგეთში ის იჯარით ირჯებოდა, ისე კი, ინგლისური “სანდერლენდის” საკუთრებაა.

სახელი “ბასტიაში” თამაშით გაითქვა (2009-2014), ხოლო 2014-2016 წლებში წარმატებულად ირჯებოდა “ბორდოში”. საერთოდაც, ხაზრიმ ბურთის გორება “აიაჩოს” აკადემიაში (1995-2003) დაიწყო. ვაჰბი სწორედ აიაჩოშია დაბადებული და დრო იყო საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებშიც თამაშობდა. თუმცა, 2013 წელს ტუნისის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი.

იქედან მოყოლებული ხაზრიმ ტუნისელთა მაისურით 36 თამაში ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 27 წლის ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს 6 მატჩში გატანილი 2 გოლით შეეწია.

მწვრთნელი

ტუნისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ნაბილ მაალულმა გაიყვანა. 55 წლის სპეციალისტმა ტუნისი 2017 წლის აპრილში ჩაიბარა და მალევე მოახერხა წარმტების მიღწევა. სხვათა შორის, მისთვის ტუნისის ნაკრები უცხო არც იქამდე ყოფილა. 2002-2004 და 2006-2008 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო 2013 წელს თავად ასრულებდა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას.

სხვა და სხვა პერიოდში კი სამშობლოში კლუბებს ავარჯიშებდა. ტიტულებიც აქვს მოგებული: 2011 და 2012 წლებში ტუნისის ჩემპიონი გახდა. ასევე 2011 წელს ტუნისის თასი და სუპერთასი დაისაკუთრა. 2014 წელს “ელ ჯაიშთან” ერთად ყატარის თასი მოიპოვა.

მაალულის საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერაც ჰქონდა. 1989-1991 წლებში კი გერმანული “ჰანოვერის” ღირსებასაც იცავდა. ტუნისის ეროვნულ ნაკრებში 1985-1995 წლებში 74-ჯერ ითამაშა და 11 გოლიც გაიტანა.

ტუნისი – ტიტულები

აფრიკის ჩემპიონი (1): 2004

აფრიკის ერების ჩემპიონი (1): 2011

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116274