ფეხბურთი

10:28 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ამაყი, მაგრამ არასტაბილური "მამალი"
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 21 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A და B ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე C ჯგუფის მონაწილეებს გაგაცნობთ - ჯერი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ საფრანგეთის ნაკრებზეა.

მონაწილეობა – 15

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ეს იქნება საფრანგეთის ნაკრების მე-15 გამოჩენა. პირველად ეს 1930 წელს მოხდა, მაგრამ “მამლებმა” წარუმატებლად ითამაშეს და ჯგუფში ჩარჩნენ. უკეთესი შედეგი ვერც ოთხი წლის შემდეგ აჩვენეს, ხოლო 1938 წელს, როდესაც მუნდიალი საფრანგეთში გაიმართა, 1/4 ფინალს უწია.

პირველი სერიოზული წარმატება 20 წლის თავზე მოვიდა. საფრანგეთი 1958 წელს, ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც გენიალურ ბრაზილიასთან ვერას გახდა. საბოლოოდ, მცირე ფინალი მოიგო და მესამე ადგილი დაისაკუთრა. შვედეთში ბრწყინავდა ჟუს ფონტენი, რომელმაც 13 გოლი გაიტანა და ეს რეკორდი დღემდე ხელუხლებელია – ერთ ჩემპიონატზე ამდენი გოლი არავის გაუტანია.

თუმცა, აქედან მოყოლებული ფრანგები მუნდიალზე სერიოზულ წარმატებას კარგა ხანი ვერ აღწევდნენ. 1962, 1970 და 1974 წლებში საერთოდ ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა, ხოლო 1966 და 1978 წლებში ჯგუში ჩარჩა. საფრანგეთმა თავისი წონადი სიტყვა როგორც იქნა 1982 წელს, ესპანეთში თქვა. მიშელ პლატინის წინამძღოლობით “ლე ბლე” ნახევარფინალში გავიდა. იქ კი, მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მატჩში დამარცხდა გერმანიასთან (3:3) პენალტების სერიაში (4:5), ამას კი მცირე ფინალში პოლონეთთან მარცხი მოჰყვა და გალები მედლის გარეშე დარჩნენ. თუმცა, 24 წლის შემდეგ ოთხეულში მოხვედრაც დიდი შედეგი იყო.

საერთოდ, 80-იან წლებში ფრანგულ ფეხბურთს ჩინებული დროება ედგა. ამას მოჰყვა სამშობლოში მოგებული ევრო 1984 და მექსიკის 1986 წლის მუნდიალი. სადაც ისევ პლატინი ლიდერობდა საფრანგეთის ნაკრებს. მიზანი ჩემპიონობა იყო და ფრანგები ამისკენ კარგადაც მიდიოდნენ. ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს, საბჭოთა კავშირთან, უნგრეთთან და კანადასთან, ხოლო მერვედფინალში მოქმედი მსოფლოს ჩემპიონი და მეზობელი იტალია სახლში გაამგზავრეს (2:0). ამას მოჰყვა 1/4 ფინალი ზიკოს ბრაზილიასთან, სადაც პლატინიმ ისევ გაიტანა და ყველაფერი მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გადაწყდა – 4:3. თუმცა, საფრანგეთს ნახევარფინალში იმედგაცრუება და ისევ მარცხი ელოდა. ისევ გერმანიის ნაკრებთან, თუმცა ამჯერად არც ისე დრამატულად – 0:2. მესამე ადგილისთვის მატჩში “მამლები” ბელგიას დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში მიშელ პლატინიმ არ ითამაშა და თქვა: “მე აქ საჩემპიონოდ ჩამოვედი და არა ბრინჯაოს მედლისთვის”. საფრნაგეთმა მის გარეშეც აჯობა ბელგიას – 4:2 და მესამე ადგილი ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

წარმატებულ ორ მსოფლიოს ჩემპიონატს, ორი ფიასკო მოჰყვა. საფრანგეთი, რომელიც თაობათა ცვლას განიცდიდა, 1990 და 1994 მუნდიალის ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა. პლანეტის მთავარ პირველობას კი 1998 წელს, სამშობლოში დაუბრუნდა და ისტორიულ წარმატებას უწია – ჩემპიონი გახდა. თუმცა, ამაზე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.

ტრიუმფს ისევ ფიასკო მოჰყვა: 2002 წელს, საფრანგეთი აზიურ მუნდიალზე მოქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსითა და მთავარი ფავორიტის რანგში ჩავიდა. მაგრამ იქ როჟე ლემერის გუნდს ნამდვილი სირცხვილი ელოდა. ეს იყო საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ალბათ ყველაზე წარუმატებელი მსოფლიოს ჩემპიონატი. თავად განსაჯეთ, საფრნაგეთმა გახსნის მატჩი დებიუტანტ და სრულიად უცნობ სენეგალის ნაკრებთან წააგო (0:1), რასაც ურუგვაისთან უსახური ნულოვანი ფრე მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ლემერის გუნდი მაინც ინარჩუნებდა ჯგუფიდან გასლვის შანსს, მაგრამ ბოლო ტურში დანია აუცილებლად დაემარცხებინა. დამარცხებას ვინ ჩივის, ფრანგებმა კვლავ წააგეს (0:2) და ტურნირს ისე დაემშვიდობნენ, რომ კინკილა გოლიც ვერ შეაგდეს.

დაღმასვლას აღმასვლა მოჰყვა – ოქროს თაობის ბოლო შანსი 2006 წლის მუნდიალი იყო. საფრანგეთმა გერმანული ჩემპიონატი მძიმედ, შვეიცარიასთან და სამხრეთ კორეასთან უსახური ფრეებით დაიწყო. რაიმონ დომენეკის გუნდი ყველამ ჩამოწერა. შემადგენლობაც თითქოს ასაკში იყო, ფეხბურთიდან მიმავალი ზინედინ ზიდანი თავის თავს არ ჰგავდა... მაგრამ აქედან მოყოლებული საფრანგეთი და ზიზუ ფანტასტიკურად ათამაშდნენ. ტოგოს ძლევის შემდეგ ფრანგებმა პლეი-ოფში სახლში გაისტუმრეს თავმომწონე ესპანეთი, ბრაზილია და პორტუგალია. თუმცა, ოქროს მედლები მაინც ვერ დაისაკუთრეს. 9 ივლისს, ბერლინში ზიდანმა კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა. გოლიც გაიტანა და მერე მარკო მატერაცის თავი უთავაზა... იტალიამ კი პენალტების სერიაში იმარჯვა, “მამლებთან” ევრო 2000-ის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო და მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

აღმასვლას დაღმასვლა მოჰყვა – საფრანგეთში ისევ თაობათა ცვლის დრო დადგა და ამან კვლავ მძიმე დაღი დაასვა ეროვნულ ნაკრებს. ევრო 2008-ის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, “ლურჯებმა” მუნდიალზეც ფიასკო განიცადეს. ეს მუნდიალი მათთვის 2002 წლის ანალოგი გამოდგა. არცთუ ძლიერ ჯგუფში ერთი ქულა და ბოლო ადგილი. ოღონდ, ამჯერზე უგოლოდ არ დაუტოვებია ჩემპიონატი. ფრანგებმა პირველ ტურში ურუგვაისთან ფრე გაახერხეს (0:0), რასაც მექსიკასთან (0:2) და მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან წაგებები მოჰყვა (1:2).

და ბოლოს, ოთხი წლის წინ დიდიე დეშამის გუნდის მაქსიმუმი 1/4 ფინალი გამოდგა. “მამლებმა” ჯგუფური ეტაპი უპრობლემოდ დაძლიეს, აჯობეს რა, შვეიცარიას, ეკვადროსა და ჰონდურასს. მერვედფინალში ნიგერიას დაამარცხეს (2:0, მაგრამ მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან ვერაფერი გააწყვეს – 0:1. ვნახოთ, რა შედეგს აჩვენებს ამჯერად ევროპის ვიცე-ჩემპიონი. წარსულს თუ გადავხედავთ, ნათელია, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატებზე არასტაბილურად თამაშობს.

საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1998)

საფრანგეთის ნაკრებმა საუკეთესო შედეგს 20 წლის წინ, სამშობლოში უწია. ემე ჟაკეს გუნდმა ოქროს მედლებისკენ სვლა სამხრეთ აფრიკის ძლევით დაიწყო (3:0). ამას მოჰყვა გამარჯვებები საუდის არაბეთთან (4:0) და დანიასთან (2:1). შედეგად, პლეი-ოფში უდანაკარგოდ გავიდა. აი, აქ კი, ჟაკეს გუნდს უფრო რთული გზის გავლა მოუწია, რადგან ფინალამდე უბრძოლველად არაფერი მოუგია. 1/8 ფინალში პარაგვაი დამატებით დროში ლორან ბლანის კინკილა გოლით გატეხა, ხოლო მეოთხედფინალში იტალიის ნაკრებს გოლი საერთოდ ვერ გაუტანა. თუმცა, თავადაც არ გაუშვია და პენალტების სერიაში მეტად გაუმართლა (4:3). ნახევარფინალში კი, ტურნირის აღმოჩენა ხორვატიას აჯობა – 2:1. ბალკანელები დავორ შუკერის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ იმ დღეს ლილიან ტურამი უბრალოდ შეუდარებელი გახლდათ. ლეგენდარულმა მცველმა დუბლი გაიფორმა და თავისიანებს ფინალში გაუძღვა. უცნაურია, მაგრამ ტურამი ჩატარებული მატჩების რაოდენობით (142) საფრანგეთის ნაკრების რეკორდსმენია. გოლების რაოდენას არ იკითხავთ? – ორი! ორივე იმ დღეს, 8 ივლისს, “სტად დე ფრანსზე” გაიტანა...

ფინალში კი საფრანგეთს პრობლემა აღარ შექმნია. 12 ივლისს, მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რადგან ზინედინ ზიდანმა დუბლი გაიფორმა. ბოლოსკენ ემანუელ პეტიმ უფრო სოლიდური გახადა ანგარიშში სხვაობა და საფრანგეთი ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

საერთო ჯამში, საფრანგეთის მონაგარი წინა 14 მუნდიალიდან ასეთია: 1 პირველი ადგილი, ერთიც მეორე ადგილი. ორი ბრინჯაოს მედალი, ერთხელ მეოთხე ადგილი. ორჯერ მეოთხედფინალისტი და 7 ჯგუფში ჩარჩენა.

გზა რუსეთამდე

მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. რუსეთში გასამართ მუნდიალზე საფრანგეთს ლოგიკურია, რომ შესარჩევი ეტაპის გადალახვა მოუწია. დიდიე დეშამის გუნდი საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა (ჰოლანდია, შვედეთი, ბულგარეთი), თუმცა პრობლემა არ შექმნილა. 10 მატჩში ფრანგებმა 23 ქულა დააგროვეს (7 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება) და მეორეადგილოსან შვედეთს 4 ქულით აჯობეს.

შესაბამისად, საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდა და სანერვიულოც არ ჰქონია.

რუსეთში გასავლელი გზა

16 ივნისი, 2018, ყაზანი. საფრანგეთი – ავსტრალია

საფრანგეთი მუნდიალს 16 ივნისს, ყაზანში ავსტრალიის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს, რომელსაც აქამდე ოთხჯერ შეხვედრია. პირველად ეს 1994 წლის 26 მაისს მოხდა სპარინგში “მამლებმა” 1:0 მოიგეს. მეორე მატჩი უკვე ოფიციალური ხასიათის გახლდათ. 2001 წლის 1 ივნისს, ტეგუში (სამხრეთ კორეა) კონფედერაციათა თასზე ავსტრალიამ მაშინ მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და კონფედერაციათა თასის მომავალი ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დაამარცხა (1:0). ეს ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე კლეიტონ ზანემ გაიტანა.

იმავე წლის 11 ნოემბერს, ეს გუნდები უკვე ამხანაგურად გაეჯიბრნენ ერთმანეთს. მელბურნში, კეიგ მურის 44-ე წუთზე გატანილი გოლი 49-ე წუთზე დავიდ ტრეზეგემ გაქვითა. ბოლო დაპირისპირება კი ფრანგებისთვი მარლთაც კარგად მოსაგონარია. 2013 წლის 11 ოქტომბერს, “კენგურუები” 6:0 გაანადგურეს. გოლები იმ დღეს ფრანკ რიბერიმ, ოლივიე ჟირუმ (დუბლი), იოან კაბაიემ, მატიე დებუშიმ და კარიმ ბენზემამ გაიტანეს. საერთო სტატისტიკა ასეთია: 4 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 8:2 ბურთების ბალანსი. თუმცა, ერთადერთი ოფიციალური მატჩი ავსტრალიის სასარგებლოდაა დასრულებული.

21 ივნისი, 2018, ეკატერინბურგი. საფრანგეთი – პერუ

დიდიე დეშამის გუნდს ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი პერუსთან ელოდება. “მამლებს” სამხრეთ-ამერიკელებთან კარგი მოგონება არ აკავშირებს. აქამდე ერთადერთხელ შეხვედრია და წაგებული აქვს. ეს შორეულ 1982 წლის 28 აპრილს მოხდა, როდესაც სპარინგში პერუელებმა 1:0 მოიგეს.

26 ივნისი, 2018, მოსკოვი. დანია – საფრანგეთი

საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ძლიერი და ნაცნობი მეტოქე მესამე ტურში, 26 ივნისს ელოდება დანია. “მამლებისა” და სკანდინავიელების ისტორია 13 მატჩს იტევს და უპირატესობა ფრანგთან მხარესაა: 8 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება.

პირველად ეს 1973 წლის 21 ნოემბერს მოხდა, როდესაც სპარინგში საფრანგეთმა 3:0 მოიგო. შემდეგ ორი სპარინგი იყო და პირველი ოფიციალური შეხვედრა 184 წლის ევროპის ჩემპიონატზე შედგა. 12 ივნისს, პარიზში, მიშელ პლატინიმ გაიტანა ერთადერთი გოლი. 1992 წელს, ისევ ევროფორუმზე გადაიკვეთა მათი გზები და ამჯერად დანიამ, რომელიც ამავე პირველობის ჩემპიონი გახდა, იმარჯვა – 2:1. 17 ივნისს, მალმეში (ჯგუფურ ეტაპზე) ანგარიში ლარსენმა გახსნა და ჟან-პიერ პაპინმა გაათანაბრა, მაგრამ 78-ე წუთზე დანიამ ელსტრუპის გოლით მოიგო, ჯგუფიდან გავიდა და მოგვიანებით თასიც აღმართა. საფრანგეთი კი ამ მარცხით ჯგუფში ჩარჩა. 1996 წელს სპარინგი დანიამ მოიგო (1:0), ხოლო 1998 წელს უკვე ჯერი ისევ ოფიციალურ მატჩზე მიდგა. მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. 24 ივნისს, ლიონში იური ჯორკაეფის პენალტი ასევე პენალტით მიქაელ ლაუდრუპმა გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში ემანუელ პეტიმ 3 ქულა “მამლებს” მოუტანა.

2000 წელს, გუნდები უკვე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთურთს. 11 ივნისს, ბრიუგეში გუნდებმა ევრო 2000 სწორედ ამ მატჩით გახსენს. როჟე ლემერის გუნდი მორტენ ოლსენის ბიჭებზე იმ დღეს ერთი თავით მაღლა იდგნენ – 3:0. გოლები ლორან ბლანმა, ტიერი ანრიმ და სილვენ ვილტორმა მიითვალეს.

2002 წლის 11 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ეგიდით გამართული მატჩი კი ჯერჯერობით ამ გუნდებს შორის ბოლო ოფიციალური მატჩია. დანიამ ინჩხონში რევანში აიღო “მამლებზე”. პირველ ტაიმში დენის რომედალმა, ხოლო მეორე ნახევარში იონ დალ ტომასონმა შეაგდეს. დანიამ ჯგუფში იპირველა, ხოლო საფრანგეთი ჯგუფში ჩარჩა.

აქედან მოყოლებული გუნდები კიდევ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სამჯერვე ამხანაგურად და სამივე თამაში ფრანგებმა მოიგეს. 2006 წლის 31 მაისს, “პარკ დე პრენსზე” (2:0). იგივე ანგარიში მოიგეს “მამლებმა” 2015 წლის 29 მარტს (გოლები: ლაკაზეტი და ჟირუ), ხოლო იმავე წლის 11 ოქტომბერს, დანიამ გოლის გატანა შეძლო და 1:2 წააგო (ჟირუს დუბლი და სვიატჩენკოს გოლი).

კონტიგენტი

საფრანგეთის ნაკრებს შემადგენლობის მხრივ ძალიან უხლინს. ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მუნდიალზე სამი გუნდის გაყვანაც შეუძლია. თუმცა, საქმე ისაა, რომ დიდიე დეშამმა 23 ფეხბურთელი შეარჩია. სიაში ვერ მოხვდნენ: ადრიენ რაბიო, კინგსლი კომანი, დიმიტრი პაიე, ენტონი მარსიალი, ალექსანდრ ლაკაზეტი, კურტ ზუმა, ლაიუნ კურზავა, სხვანი და სხვანი... დეშამი ბევრმ გააკრტიკა, მაგრამ ასე გადაჭრითაც ვერ ვიტყვით, რადგან მას ძალზე ფართო არჩევანი ჰქონდა. საფრანგეთის ნაკრებში ისევ არაა ქარიმ ბენზემა, რომელიც უკვე 2 წელია გუნდიდან გარიცხულია. როგორც ჩანს, საფრანგეთში ამის ფუფუნებაც აქვთ.

რაც შეეხება წამსვლელთა სიას: ყველა რგოლი დაბალანსებულია, მეკარიდან დაწყებული შეტევით დასრულებული. ნგოლო კანტე, პოლ პოგბა, ბლეზ მატუიდი, ოლივიე ჟირუ, ანტუან გრიზმანი, კილიან მბაპე, უსმან დემბელერ, რაფაელ ვარანი, სამუელ უმტიტი, უგო ლორისი... ძალიან შორს წავალ, რომ განვიხილოთ. რაც მთავარია, “ლე ბლე” საკმაოდ ახალგაზრდული ნაკრებია. აი, ყველაზე ასაკოვანი ადილ რამია (32 წლის) და შემდეგ ლორისი და ჟირუ (ორივე 31 წლის). თუმცა, ძირითადი ბირთვის ჯერაც, 22-23-24-25 წლის ბიჭებისგან შედგება. არის, 19 წლის ლიდერიც – კილიან მბაპე.

მოკლედ, “მამლებში” თაობათა ცვლა, რომელიც ასე მძიმედ ისახებოდა ნაკრებზე, დასრულებულია! შესაბამისად, ახლა დეშამის გუნდისგან შედეგს ელოდებიან, შედეგი კი წესით ამ კონტიგენტით მხოლოდ ჩემპიონობა უნდა იყოს. რატომაც არა?!

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

საფრანგეთის ნაკრებს ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც აქ მოხვედრა შეეძლო, მაგრამ ერთი უნდა შეგვერჩია. არჩევანი კი მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ ანტუან გრიზმანზე შევაჩერეთ. 27 წლის შემტევს “მამლების” რიგებში დებუტი 2014 წლის 1 ივნისს, პარაგვაის ნაკრებთან ჰქონდა. ანტუანის დებიუტი ჩინებული გამოვიდა – გოლი გაიტანა. ოთხი წლის წინანდელ მუნდიალზე გრიზმანმა ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეუდარებლად ითამაშა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა: 7 მატჩი, 6 გოლი. გრიზმანის დიდი წვლილი იყო იმაში, რომ საფრანგეთი ფინალში გავიდა, თუმცა იქ პორტუგალიასთან დამარცხდა ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი “ატლეტიკოს” შემტევმა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეები ოთხჯერ დაამწუხრა (ბელარუსი, ჰოლანდია, ლუქსემბურგი და ბულგარეთი). საერთოდ ჯამში 2014 წლიდან დღემდე გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრების ღირსება 51-ჯერ დაიცვა და 19 გოლის გატანა მოასწრო.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – ყველაფერი სან სებასტიანის “რეალ სოსიედადის” დაიწყო, რომლის რიგებში 2009-2014 წლებში ჩინებულად ირჯებოდა. გასული მუნდიალის შემდეგ კი მადრიდის “ატლეტიკოს” შეუერთდა. გრიზმანი “როხიბლანკოს” უდაო ლიდერია და როგორც ამბობენ, “ბარსელონაში” გადაბარგებასთან ძალიან ახლოსაა. აწ დასრულებულ სეზონში მადრიდელთა რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 49 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. ახლახან კი, ევროპა ლიგა მოიგო.

მწვრთნელი

დიდიე დეშამი საკმაოდ წარმატებული მწვრთნელია, თუმცა მას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაიმარჯვა. დეშამის სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს “მონაკოდან” დაიწყო, რომელსაც 2003 წელს საფრანგეთის ლიგის თასი მოაგებინა. 2003-2004 წლების სეზონში კი მოკკრძალებული “მონაკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. მაშინ ახალგაზრდა სპეციალისტის გადაბირება ტურინის “იუვენტუსმა” მოინდომა, რომელიც მარჩელო ლიპის შემცვლელად განიხილავდა. თუმცა ტურინში არჩევანი ფაბიო კაპელოზე გააკეთეს. საბოლოოდ, დეშამი მონტე კარლოში 2005 წლამდე დარჩა. 2006 წელს კი, მისთვის ერთობ ნაცნობ “იუვენტუსს” მაინც დაუბრუნდა. მაშინ “ბებერი ქალბატონი” ქვედა ლიგაში დააქვეითეს და სწორედ დეშამის თავკაცობით დაუბრუნდა მისთვის ჩვეულ ადგილს. მაგრამ, სეზონის ბოლოს დიდიეს იტალიის დატოვება მოუხდა, რადგან ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი წარმოიშვა.

2009 წელს დეშამი უკვე მარსელის “ოლიმპიკის” თავკაცი გახდა და “ველოდრომზე” სამი სეზონი იმუშავა. პირველივე სეზონი ტრიუმფით დასრულდა, “მარსელი” საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ამის გაკეთება 1992 წლის შემდგომ პირველად მოახერხა! შესაბამისად, დიდიე, რომელიც მარსელში ისედაც უყვარდათ, კიდევ უფრო შეუყვარდათ. 2012 წლის ზაფხულში კი კლუბი დატოვა და მას შემდეგ ეროვნულ ნაკრებს უცვლელად ხელმძღვანელობს. წინა მუნდიალზე მეოთხედფინალს უწია, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ფინალში დამარცხდა.

რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას, კიდევ უფრო წარმატებული ჰქონდა. დეშამი 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2000 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ორივე შემთხვევაში საფრანგეთის კაპიტანი დიდიე გახლდათ. მთლიანობაში ეროვნული ნაკრების ღირსება 1989-2000 წლებში 103 მატჩში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა.

49 წლის სპეციალისტს ორჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული. 1993 წელს, “მარსელის”, ხოლო 1996 წელს “იუვენტუსის” რიგებში. ტურინელებთან ერთად 1997 და 1998 წლებში ფინალში კიდევ ორჯერ ითამაშა, მაგრამ დამარცხდა. დეშამის კარიერა 1985 წელს “ნანტში” დაიწყო, ხოლო 1989-1994 წლებში “მარსელს” ლიდერობდა. 1994 წელს, დეშამს მარჩელო ლიპიმ ტურინის “იუვენტუსში” უხმო და მისი იტალიური ოდისეა 1999 წლამდე წარმატებით გაგრძელდა. კარიერის ბოლოს დეშამი “ჩელსისა” და “ვალენსიას” რიგებში გამოდიოდა, ხოლო საფეხბურთო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა.

საფრანგეთი – ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონი (1): 1998

ევროპის ჩემპიონი (2): 1984, 2000

კონფედერაციათა თასი (2): 2001, 2003

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115126