ფეხბურთი

12:28 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ყველაზე სტაჟიანი, ყველაზე ტიტულოვანი
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 13 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C და D ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე E ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - ამჯერზე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტისა და ყველაზე ტიტულოვანი ნაკრების, ბრაზილიის შესახებ გიამბობთ.

მონაწილეობა – 21

ბრაზილიის ნაკრები ერთადერთია, რომელსაც აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა ფინალურ ეტაპზე აქვს ნათამაშები. ტრადიცია რუსეთშიც არ დაირღვევა, სადაც “სელესაო” ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით ჩადის.

20 მონაწილეობიდან, ბრაზილიამ ხუთჯერ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ორჯერ ვერცხლის, ორჯერაც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხოლო ორჯერ მეოთხე ადგილზე გავიდა. ბრაზილიელთა ტრიუმფზე ქვემოთაც ვისაუბრებთ, იქამდე ვთქვათ, რომ 1950 და 1998 წლებში ფინალში წააგო. განსაკუთრებით მძიმე სამშობლოში წაგებული ფინალი აღმოჩნდა ურუგვაის ნაკრებთან, რის შემდგომაც გადავსებული “მარაკანა” ცრემლებით აივსო. ბევრმა ამ თამაშის მერე თვითმკვლელობაც ჩაიდინა – მოკლედ, ეს დიდი ტრაგედია იყო. მეორე ფინალი კი, 20 წლის წინ დათმო, უკვე მასპინძელთან, საფრანგეთთან უშანსოდ – 0:3.

ორჯერ გავიდა მესამე ადგილზე: 1938 წელს და 1978 წლებში. რაც შეეხება მეოთხე ადგილს, “სელესაომ” ამ შედეგს 1974 წელს და ოთხი წლის წინ, სამშობლოში უწია. ბოლო მუნდიალს სწორედ ბრაზილიამ უმასპინძლა და ნახევარფინალამდე გუნდი ნორმალურად მივიდა. მაგრამ იქ “პენტაკაპმეონელებს” ნამდვილი კოშმარი ელოდათ. ჯერ გერმანიასთან შერცხვნენ (1:7), მერე მცირე ფინალი ჰოლანდიასთანაც შანსის გარეშე წააგეს (0:3).

ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში ორჯერ ჩარჩა და ისიც შორეულ – 1930 და 1966 წლებში. სწორედ ამ ორ ტურნირზე დაფიქსირდა სამხრეთამერიკელთა ყველაზე წარუმატებელი გამოსვლა.

და ბოლოს, ბრაზილიის ნაკრების შედეგი მუნდიალის ისტორიაში სტატისტიკურად ასეთია: 5 ჩემპიონობა, 2 ვერცხლის მედალი, 2 ბრინჯაოს მედალი, 2 მეოთხე ადგილი, 4 მეპთხედფინალი, 1 მერვედფინალი, 1 მეორე ჯგუფური ეტაპი, 1 პირველი რაუნდი, ორი ჯგუფური ეტაპი.

საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1958, 1962, 1970, 1994, 2002)

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი პირველად 1958 წელს, შვედეთში გახდა. ჯგუფში “სელესაომ” ავსტრიას (3:0) და საბჭოთა კავშირს (2:0) აჯობა, ხოლო ინგლისთან ნულოვანი ფრე საკმარისი გამოდგა, ჯგუფური ეტაპის პირველი ადგილით დასაძლევად. მეოთხედფინალში ბრაზილიელებმა 18 წლის პელეს გოლით უელსს აჯობეს (1:0), ხოლო ნახევარფინალსა და ფინალში პრობლემა არ ყოფილა. საფრანგეთსა და მასპინძელ შვედეთს ერთნაირი ანგარიშით 5:2 მოუგეს და ნანატრ ტიტულს პირველად დაეუფლნენ. პლეი-ოფში ბრწყინავდა პელე, რომელმაც სამ მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

ბრაზილიამ ტიტული 4 წლის თავზე, ჩილეში დაიცვა. ჯგუფურ ეტაპზე “სელესაომ” მექსიკას 2:0, ხოლო ესპანეთს 2:1 მოუგო, მეორე ტურში კი ჩეხოსლოვაკიას უგოლოდ დაშორდა. 5 ქულით სამხრეთამერიკელები პირველი ადგილით გავიდნენ მეოთხედფინალში, სადაც ინგლისის ნაკრებს გარინჩას ლიდერობით 3:1 აჯობეს და ნახევარფინალში მასპინძელ ჩილეს დაუპირისპირდნენ. გარინჩამ ისევ დუბლი გაიფორმა და მას ვავაც არ ჩამორჩა – 4:2. ფინალში გარინჩას არ გაუტანია, მაგრამ სამაგიეროდ ამარილდომ, ზიტომ და ვავამ იხეირეს და ბრაზილიამ ჩეხოსლოვაკიას 3:1 სძლია.

მესამე საჩემპიონო ტიტული ბრაზილიის ნაკრებმა 1970 წელს მექსიკაში მოიპოვა. ბევრის აზრით, მაშინდელი ბრაზილია ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდიც იყო. ეს განსჯის საგანია, მაგრამ ფაქტია, ის მუნდიალი ულამაზეს სტილში მოიგო. “სელესაომ” ჯგუფში ჩეხოსლოვაკიას (4:1), ინგლისს (1:0) და რუმინეთს აჯობა (3:2). 1/4 ფინალში პერუს ჯერი დადგა (4:2), რასაც ურუგვაის ძლევა მოჰყვა ნახევარფინალში – 3:1.

ფინალური მატჩი 21 ივნისს, “აცტეკაზე” გაიმართა და იმ დღეს ბრაზილიის ნაკრები დაფრინავდა. იტალიის ნაკრებს შანსი არ ჰქონია, პელემ, ჟერსონმა, ჟაირზინიომ და კარლოს ალბერტომ ერთმანეთზე უკეთესი გოლები შეაგდეს – 4:1. აღსანიშნავია, რომ ფინალამდე იტალიასა და ბრაზილიას 2-2 ჩემპიონობა ჰქონდათ და გამარჯვება კიდევ უფრო ფასობდა.

აქედან მოყოლებული ბრაზილიაში ოქროს მედლისთვის ლოდინი 24 წელი მოუხდათ. მეოთხე ჩემპიონობა კი 1994 წელს, აშშ-ში მოვიდა. მექსიკური ფინალის ისტორია კი გამეორდა. ფინალში “პენტაკამპეონელებმა” მათსავით სამგზის ჩემპიონი იტალია დაამარცხეს და მეოთხე ტიტულით დაისაკუთრეს. “სკუადრა აძურას” კი სამი ჩემპიონობით მოუწია მაშინ დაკმაყოფილება და როგორც, 1970 წელს, ბრაზილიას ისევ ჩამორჩა.

ჯგუფურ ტურნირზე “სელესაომ” რუსეთსა (2:0) და კამერუნს (3:0) აჯობა, ხოლო ბოლო ტურში შვედეთს დაუზავდა – 1:1. 1/8 ფინალში ბრაზილიამ მასპინძელ აშშ-ს ბებეტოს კინკილა გოლით აჯობა, ხოლო მეოთხედფინალი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა – 3:2 ჰოლანდიასთან. სამხრეთამერიკელებმა რომარიოსა და ბებეტოს გოლებით დამაჯერებლად წაიყვანეს მატჩი, მაგრამ დენის ბერგკამპმა და ვინტერმა გაათანაბრეს. გამარჯვების გოლი, რომელმაც ბრაზილია ნახევარფინალში შვედეთის ნაკრებზე გაიყვანა, 81-ე წუთზე ბრანკომ შეაგდო.

ადვილი მატჩი არც შემდეგ ეტაპზე ჰქონიათ ბრაზილიელებს. შვედეთმა, როგორც ჯგუფურ ეტაპზე ისევ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს და ოდენ 0:1 დამარცხდა. რომარიომ მე-80 წუთზე შეაგდო ფინალში გამსვლელი გოლი. ფინალი კი, 17 ივლისს, “როუზ ბოულის” სტადიონზე შედგა. მეტად მოსაწყენ მატჩში გოლი არ გასულა, ხოლო პენალტების სერიაში ბრაზილიამ 3:2 მოიგო. გადამწყვეტი გამოდგა რობეტო ბაჯოს გაცუდებული პენალტი, რის გამოც უდიდესი იტალიელი სამშობლოში კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ასე იყო თუ ისე, ბრაზილია მეოთხედ ავიდა საფეხბურთო მწვევრვალზე.

მეხუთე და ჯერჯერობით ბოლო ჩემპიონობა კი 2002 წლით თარიღდება. ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა აზიაში გამართულ პირველობაზე შვიდივე მატჩი მოიგო და ისე დაეფულა ოქროს მედალს. “სელესაომ” ჯგუფში თურქეთი (2:1), ჩინეთი (4:0) და კოსტა რიკა დაამარცხა (5:2), ხოლო მერვედფინალში ბელგია სამშობლოში გაამგზავრა – 2:0. მეოთხედფინალში ბრაზილია ინგლისთან მარცხდებოდა, მაგრამ რივალდოსა და რონალდინიოს გოლებით გამარჯვება მაინც მოიპოვა. ფინალში გადასასვლელი შეხვედრა კი თურქეთს მინიმალურად მოუგო (1:0).

ფინალურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა რონალდოს დუბლით, რომელიც 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გერმანიას აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა.

გზა რუსეთამდე

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარუმატებლად დაიწყო და პირველივე ტურში ხელმოცარული დარჩა. 2015 წლის 8 ოქტომბერს, “სელესაომ” ჩილესთან 0:2 წააგო. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, მთელ შესარჩევ ეტაპზე ეს ერთადერთი მარცხი გამოდგა. შედეგად, ბრაზილიის ნაკრებმა 18 მატჩიდან 12 მოიგო, 5 ფრე ითამაშა, ერთხელ წააგო და 41 ქულა დააგროვა. ეს კი, პირველ ადგილზე მეტად დამაჯერებლად გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. “სელესაომ” მდევარი ურუგვაი მთელი 10 ქულით მოიტოვა უკან და რუსეთის ბილეთები საკმაოდ მარტივად მიიღო.

რუსეთში გასავლელი გზა

17 ივნისი, 2018, როსტოვი. ბრაზილია – შვეიცარია

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 17 ივნისს ჩაერთვება, როდესაც როსტოვში შვეიცარიის ნაკრებს გაეჯიბრება. “სელესაო" დადებითი ბალანსით იწონებს თავს: 3 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება, 10:8 ბურთების ბალანსი.

პირველი და ერთადერთი ოფიციალური მატჩი ამ გუნდებს შორის, შორეულ 1950 წელს, ბრაზილიურ მუნდიალზე შედგა და გამარჯვებული არ გამოვლენილა – 2:2. ამას გარდა იყო კიდევ ორი ფრე, ორ სპარინგში: 1956 წელს (1:1) და 1982 წელს (1:1). ბრაზილიამ 1980 წელს (2:0), 1983 წელს (2:1) და 2006 წელს (2:1) მოიგო, ხოლო შვეიცარიელებმა წარმატებას 1989 წელს (1:0) და ამ გუნდთა ბოლო დაპირისპირებაში, 2013 წლის 14 აგვისტოს მიაღწიეს (1:0).

22 ივნისი, 2018, სანქტ-პეტერბურგი. ბრაზილია – კოსტა რიკა

ტიტეს შეგირდები მეორე შეხვედრას 22 ივნისს, კოსტა რიკის ნაკრებთან გამართავენ. ჩრდილოეთ ამერიკელები “სელესაოსთვის” მეტად ნაცნობი მეტოქეა და პირად შეხვედრებში საკმაოდ დიდ უპირატესობასაც ფლობს: 10 თამაში, 9 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება, 32:9 ბურთების ბალანსი.

პირველი შეხვედრა შორეულ 1956 წელს პანაამერიკულ თამაშებზე შედგა და ბრაზილიამ 7:1 გაანადგურა მეტოქე. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ იმავე ტურნირზე კოსტა რიკამ რევანში აიღო და 3:0 სძლია იმ დროისთვის მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს. ბედის ირონიით, ეს ერთადერთი შემთხვევაა დღემდე, როცა კოსტა რიკამ ბრაზილიას აჯობა. სხვათა შორის, ამ მატჩიდან ერთ კვირაში ბრაზილიელებმა უკვე 4:0 გაიმარჯვეს.

1990 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კი სამხრეთამერიკელებმა მოკრძალებულად იმარჯვეს (1:0). მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზევე შეხვდნენ, 2002 წელს კოსტა რიკა ისევ დამარცხდა – 2:5. 1997 და 2004 წლებში ბრაზილიამ კოპა ამერიკაზე აჯობა მეტოქეს, ჯერ 5:0 და შემდეგ 4:1.

დანარჩენი სამი მატჩი კი ამხანაგური ხასიათის იყო. 1992 წელს, ბრაზილიამ 4:2 იმარჯვა, ხოლო ბოლო ორი დაპირისპირებაც “პენტაკამპეონელთა” გამარჯვებით დასრულდა, ერთნაირი ანგარიშით (1:0) 2011 და 2015 წლებში.

27 ივნისი, 2018, მოსკოვი. სერბეთი – ბრაზილია

ჯგუფური ტურნირი ბრაზილიის ნაკრებისთვის 27 ივნისს, სერბეთის ნაკრებთან დასრულდება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია. 2014 წელს სამხრეთამერიკელებმა სან პაულუში ფრედის ერთადერთი გოლით იმარჯვეს.

კონტიგენტი

ბრაზილიის ნაკრები კონტიგენტის მხრივ მუნდიალზე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. ტიტეს ყველა რგოლში ჩინებული არჩევანი აქვს. მაგალითად, მეკარის პოზიციაზე ორი ისეთი მოთამაშე ჰყავს, როგორებიც ალისონ ბეკერი და ედერსონ მორაეში არიან. გამოცდილი სახეები არიან დაცვის ხაზშიც: ტიაგო სილვა, მარსელო, მარკინიოსი. აღსანიშნავია, რომ “სელესაოს” კაპიტანი დანი ალვეში გამოაკლდა და შესაბამისად, მარჯვენა მცველის პოზიცია დღეს ალბათ ყველაზე პრობლემატურია ტიტესთვის.

ასევე ტრავმირებულია უკვე სამი თვეა ნეიმარი. თუმცა, პსჟ-ს ვარსკვლავმა და ბრაზილიელთა მთავარმა დასაყრდენმა ვარჯიში უკვე დაიწყო. აი, სხვა საკითხია რამდენად ოპტიმალურ ფორმაში იქნება. სამაგიეროდ, კარგ ფორმაში არიან, ვილიანი, ფილიპე კოუტინიო და დუგლას კოშტა. შეტევაში კი, რობერტო ფირმინო და გაბრიელ ჟესუსი იბრძოლებენ სასტარტოში მოსახვედრად.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ბრაზილიის ნაკრები ვარსკვლავების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, მაგრამ მათ შორის, გამორჩეული მაინც ნეიმარია. 26 წლის შემტევს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჯერ კიდევ 2010 წლის 11 აგვისტოს, აშშ-სთან ჰქონდა და გოლის გატანაც შეძლო. იქედან მოყოლებული ნეიმარმა “სელესაოს” ღირსება 83 მატჩში დაიცვა და 53 გოლის გატანა მოასწრო. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 14 თამაში ჩაატარა და გუნდს 6 გოლით შეეწია.

ამასთან, უთამაშია 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც 5 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო. თუმცა, მეოთხედფინალში ზურგის ტრავმა მიიღო კოლუმბიასთან და ტურნირი ვეღარ გააგრძელა. მის გარეშე დარჩენილი “სელესაო” კი ნახევარფინალში გერმანიასთან აბსოლუტურად სტატისტის როლში იყო, რასაც ჰოლანდიასთან მძიმე მარცხიც მოჰყვა ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება, ნეიმარმა სახელი “სანტოსში” თამაშით დაიგდო, სადაც მისი ბრწყინვალე გარჯა ბუნებრივია ევროპულ გრანდებს არ გამორჩენიათ. საბოლოოდ, 2013 წლის ზაფხულში “ბარსელონაში” აღმოჩნდა, რომელსაც 4 წელი ემსახურა და გასულ ზაფხულს პსჟ-ს მიაშურა. საერთოდ, ამ ტრანსფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ ფაქტია: ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა (222 მილიონი ევრო). ფრანგული გუნდის მაისურით ბრაზილიელმა სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. თუმცა, 25 თებერვალს, “მარსელთან” მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და საწვრთნელ პროცესს ახლახან დაუბრუნდა.

ვნახოთ, ნეიმარისთვის ეს მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. სამშობლოში მასზე დიდი იმედია დამყარებული. თანაც, “სელესაო” ტიტულს მონატრებულია, ბოლო მუნდიალი ხომ 16 წლის წინ მოიგო. გარდა ამისა, 4 წლის წინანდელი სირცხვილი ჯერაც ჩამოსაწმენდია...

მწვრთნელი

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტიტემ მიიყვანა, რომელმაც “სელესაო” 2016 წლის 20 ივლისს, დუნგასგან გადაიბარა. მასთან ერთად “პენტაკამპეონელები” ჩინებულად ათამაშდნენ და ოფიციალური მატჩი საერთოდ არ წაუგიათ. ეგ კი არა, სტატისტიკა ჩინებულია: 19 თამაში, 15 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება. ეს ერთადერთი მარცხი 2017 წლის 9 ივნისს, სპარინგში არგენტინის ნაკრებთან განიცადეს – 0:1.

57 წლის სპეციალისტს ევროპაში არასდროს უმუშავია. სამაგიეროდ, სამშობლოში მთელი რიგი გუნდები ჰყავს გაწვრთნილი: “ჟუვენტუდი”, “გრემიო”, “სან კაეტანო”, “კორინთიანსი”, “ატლეტიკო მინეირო”, “პალმეირასი”, “ინტერნასიონალი”, “კორინთიანსი”.

გარდა ამისა, მუშაობდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, სადაც 2007 წელს “ალ აინს” ავარჯიშებდა, ხოლო 2010 წელს უკვე “ალ ვაჰდა” ჩაიბარა.

ტიტულებს რაც შეეხება – ბრაზილიის თასი მოიგო “გრემიოსთან” ერთად (2001). ორჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი “კორინთიანსის” რიგებში (2011, 2015), 2012 წელს კოპა ლიდერტადორესი მოიპოვა და იმავე წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც იმარჯვა. “კორინთიანსის” თავკაცის რანგში ტიტემ 2013 წელს რეკოპა სუდამერიკანაზეც მიაღწია წარმატებას. “ინტერნასიონალში” კი 2008 წელს კოპა სუდამერიკანას გამარჯვებული გახდა.

ბრაზილია – ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონი (5): 1958, 1962, 1970, 1994, 2002

კონფედერაციათა თასი (4): 1997, 2005, 2009, 2013

კოპა ამერიკა (8): 1919, 1922, 1949, 1989, 1997, 1999, 2004, 2007

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120967