ფეხბურთი

10:26 | 8.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იდეალური გამოცდა ევრო 2020-ის პლეი-ოფამდე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში მეორე ტურის მატჩს თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ჩაატარებს. პირველ ტურში ორივე გუნდმა წარმატებული სტარტი აიღო - ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ შინ სომხეთი დაამარცხა (2:1), ხოლო საქართველომ ტალინში ესტონეთს მოუგო (1:0), სხვათა შორის, ისტორიაში პირველად.

ვლადიმირ ვაისის გუნდს ვაკო გვილია დაუბრუნდა, რომელმაც წინა მატჩი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გამოტოვა. არაა გამორიცხული „ლეგიას“ ნახევარმცველი ძირითადშიც ვიხილოთ, რადგან კლუბში კარგ ფორმაში იყო. სხვა მხრივ, საქართველოს საკადრო პრობლემები არ აწუხებს. ჩრდილოეთ მაკედონია კი თბილისში 20 ფეხბურთელით ჩამოვიდა. მათ შორისაა, ვეტერანი გორან პანდევი.

„ჯენოას“ თავდამსხმელს „დინამო არენას“ გაზონი მოეწონა და აღნიშნა, რომ სკოპიეში ამ მხრივ სხვა ვითარებაა. მოგეხსენებათ, სომხეთთან მატჩის დაწყების დროით და შედეგად, მინდვრის ხარისხით მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი და ფეხბურთელებიც უკმაყოფილონი დარჩნენ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ორივე გუნდი ევრო 2020-ის პლეი-ოფშია გასული და ნახევარფინალში ერთი ბელარუსს მასპინძლობს, მეორე - კოსოვოს. გამარჯვების შემთხვევაში ორივე ფინალში გავა და 12 ნოემბერს, ისევ თბილისში შეხვდებიან. მოკლედ, ვინ იცის, იქნებ, უმნიშვნელოვანესი მატჩის რეპეტიციის მომსწრენიც გავხდეთ. სხვათა შორის, მაკედონიელთა თავკაცმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისურვა ნოემბერში თბილისში დაბრუნება და ვერაფერს ვიტყვით, ურიგო სცენარი ნამდვილად არაა.

ის თამაში იქეთ იყოს და დღევანდელ მატჩსაც აქვს დატვირთვა. სხვა თუ არაფერი ჯგუფში პირველობა საქართველოსაც სურს და მაკედონიასაც, ამიტომ, მნიშვნელოვანი ქულები დევს სასწორზე. აღსანიშნავია, რომ აქამდე, საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან არასდროს უთამაშია, შესაბამისად, ურთიერთშეხვედრების ისტორიის ათვლა დღეიდან დაიწყება.

სავარაუდო შემადგენლობა

როგორც ამბობენ, გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან, მაგრამ მოსალოდნელია, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, უპირველესაც მჭიდრო გრაფიკის გამო (ყოველ სამ დღეში თამაში). ვაისმა ისიც არ დამალა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა ფლანგზე გამწესებაზე ფიქრობს და არ გამორიცხა, თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას ტრიოს დაშლა. პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებო (ანუ, დღეს).

ჩვენის მხრივ, ვფიქრობთ, რომ ვაკო გვილიას ძირითადში გამწესება სწორედ იმ პოზიციაზე, რომელზეც ტალინში ჩაკვეტაძემ ითამაშა, მოალოდნელია. გვილია სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს „ლეგიაში“ და ერთ-ერთი გამორჩეულიცაა. თანაც, სიმართლე რომ ვთქვათ, გიორგი იდეალურ კონდიციაში არაა და არც ფიზიკურად უნდა იყოს მზად სამ დღეში ორჯერ ძირითადში სათამაშოდ. ასე რომ, ეს ცვლილება ამ ეტაპზე იკითხება.

კარში გიორგი ლორიას საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, მას ესტონეთში საქმე პრაქტიკულად არ ჰქონია. დაცვას რაც შეეხება, აქ ტრავმების გამო მწირი არჩევანია, შეიძლება გია გრიგალავამ ჯაბა ჯიღაური შეცვალოს. ცვლილებებს არც საყრდენ ზონაში უნდა ველოდოთ, რადგან ვაისი კვეკვესკირი-კანკავას დუეტს ხშირად ენდობა. შემტევ სამეულში გვილიამ შესაძლოა ჩაკვეტაძე შეცვალოს, არ გამოვრიცხოთ სხვა ვარიანტიც - მაგალითად, თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად, ზურიკო დავითაშვილის, საბა ლობჟანიძის ან ლევან შენგელიას გამოჩენა. სხვათა შორის, შენგელია ჩამოთვლილ ფეხბურთელებში ერთადერთი ცაციაა და მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელია. შესაბამისად, თუ ვაისს კვარაცხელიას მარცხნივ დაყენება სურს, „ქონიასფორის“ შემტევი მისწრება უნდა იყოს. ფორვარდის პოზიციაზე კი ნიკა კაჭარავას შანსი უფრო დიდად მოსჩანს, ვიდრე გიორგი ქვილითაიას, სხვა თუ არაფერი, გამარჯვების გოლი მან გაიტანა.

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა (ჯიღაური); კანკავა, კვეკვესკირი; ოქრიაშვილი (დავითაშვილი), გვილია (ჩაკვეტაძე), კვარაცხელია; კაჭარავა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ იქნება. მატჩს დანიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

0.116056