ფეხბურთი

18:15 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვეკვესკირი: "ბურთს ბავშვობიდან ვთამაშობთ და ბურთი წაგვართვეს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, არ არის ადვილი ფეხბურთის თამაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ.

ფეხბურთელი მაყურებლების თემასაც შეეხო და აღნისნა, რომ "დინამო არენაზე", თბილისში თამაში მაყურებლის თანდასწრებით წნეხი არასდროს არ არის.

„დღეს ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ფეხბურთის თამაში, რომ თავიდან ძალიან რთული იყო შეგუება, განსაკუთრებით ფეხბურთელებისთვის. ბავშვობიდან ფეხბურთს ვთამაშობ და ბურთი წაგვართვეს. დაბრუნება ორმაგად სასიხარულო იყო, ეროვნულ ნაკრებში 10-თვიანი პაუზის შემდეგ გვაქვს შანსი ჩვენი ქვეყანა წარმოვადგინოთ.

ფიზიკურ კონდიციები, რთულადაა, რადგან ყაზახეთის ჩემპიონატში 9დღეში 3 თამაში ვითამაშეთ და ეს ძალიან რთული იყო. 3-თვიანი პაუზის შემდეგ ძნელია ასეთ მოკლე ინტერვალში 270 წუთი ითამაშა. ფრენების კუთხითაც გართულებულია ყველაფერი და მე და ჯაბა კანკავა გზაში 24 საათი ვიყავით, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაში ჩვენთვის ყველაფერია. ბელარუსთან მატჩს რაც შეეხება, ერთი თამაშია, ყველაფერი შესაძლებელია და ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ესტონეთთან ბევრი ჩვენი თამაშით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე და მგონია, რომ კარგად ვითამაშეთ და რაც მთავარი მოვიგეთ. ვეცდებით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან უფრო კარგი თამაში ვაჩვენოთ და ისევ გავიმარჯვოთ.

ქართველი მაყურებელი დინამო არენაზე ჩვენთვის წნეხი არასდროს ყოფილა. ვისაც ვიცნობ და აქ მეტოქის რანგში უთამაშია, ყველა აღნიშნავს, რომ აქ თამაში მათთვის ძალიან რთულია. უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ გულშემატკივართან ერთად გავიზიაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ვერ დაესწრებიან, მგონია, რომ მათ ხმას მაინც გავიგონებთ და სადღაც აქ იქნებიან. როდესაც ვერთიანდებით, დიდ რაღაცას ვაკეთებთ და მჯერა ახლაც მოვახერხებთ ამის გაკეთებას. თხოვნაც არ სჭირდება, რომ მხარი დაგვიჭირონ", - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 8 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.152008