ფეხბურთი

18:52 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: "მეტოქეს პატივს ვცემთ და იმედია ფინალშიც შევხვდებით"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

46 წლის მაკედონიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი არც ხვალინდელი მატჩის და ზოგადად, არც ქვეჯგუფის ფავორიტი არაა.

„ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ხვალ ფავორიტები ვართ. ასევე არმგონია, რომ ამ ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდეს, ყველას თანაბარი შანსი გააჩნია. რთული თამაში გველოდება, რადგან საქართველო კარგი გუნდია. ხვალინდელი მატჩის გეგმაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გუნდს ყოველთვის ისე ვამზადებ, რომ საუკეთესოდ ვითამაშოთ. ვეცდებით, რომ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებიდან ვერავის გამოვყოფ, გუნდურად კარგ ფეხბურთს თამაშობს და კარგ შედეგებს აჩვენებს, ამიტომ, მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა გვინდა, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ.

საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ვისურვებ, რომ ნოემბერში, პლეი-ოფის ფინალში სათამაშოდ აქ ისევ ჩამოვიდეთ და ჩვენ ვითამაშოთ გადამწყვეტი თამაში, თუმცა, ახლა თავიდან ბოლომდე ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ ორიენტირებული“, - თქვა ანგელოვსკიმ.

პრესკონფერენციაზე ასევე იმყოფებოდა, მაკედონიელთა ვეტერანი თავდამსხმელი გორან პანდევი:

„დიახ, სომხეთთან ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია თამაში, ძნელი იყო. აქ კი შესანინშავი სტადიონია, მინდორცი კარგ მდგომარეობიაშია. ვეცდებით, რომ ხვალ გამარჯვება მოვიპოვოთ“, - აღნიშნა პანდევმა.

შეგახსენებთ, საქართველომ პირველ ტურში ნიკა კაჭარავას გოლით ტალინში ესტონეთი დაამარცხა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ სკოპიეში სომხეთს აჯობა (2:1). ამ გუნდების შეხვედრა 8 სექტემბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება და მასზე გულშემატკივრები დასწრებას ვერ მოახერხებენ.

0.115693