ფეხბურთი

17:59 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "როდესაც ჩამოვედი, ფეხბურთელები კარგ გუნდებში იყვნენ, ახლა კვიპროსსა და ყაზახეთში არიან"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი სათამაშოთ მზადაა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერია, გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ვაისმა არც ის გამორიცხა, რომ შემტევი სამეულიდან (ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ოქრიაშვილი) ერთ-ერთი ძირითადში ვერ მოხვდეს.

„პირველ რიგში მოგესალმებით და მიხარია, რომ ერთმანეთს კვლავ ვხვდებით თბილისში, მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის, მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი თამაში მოვიგეთ. ჩრდილოეთ მაკედონია ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ვაკო გვილიას ტრავმა არ ჰქონია, კონკრეტულად ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ახლა კარგადაა, 3-4 დღე დაისვენა. სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა.

კაშია და ყაზაიშვილი? მოგეხსენებათ, ადვილი არაა ამჟამინდელ ვითარებაში ამერიკიდან ჩამოსვლა. ჩვენ გვოქნდა კომუნიკაცია „სან ხოსესთან“ და დაგვპირდნენ, რომ ოქტომბერში ეცდებიან უფრო ადრე გამოუშვან კლუბიდან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს დახმარებას შეძლებენ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. სამწუხაროა, რომ კაშია ბოლო თამაშებში სათადარიგო სკამზე იყო და პრაქტიკა არ ჰქონდა, ის ჩვენი ვიცე-კაპიტანი და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

ჩაკვეტაძე? რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, ის ჩაკვეტაძე ვნახოთ, რაც ორი წლის წინ იყო, მაგრამ მას ტრავმების გამო ძალიან ბევრი გაუცდა, რასაც კორონავირუსის პაუზა დაემატა და ადვილი არაა ამხელა პერიოდის შემდეგ დაბრუნება. ყველა ფეხბურთელს სჭირდება ფორმაში შესასვლელად დრო და პრაქტიკა. იმედია, მალე მოახერხებს ძველ ფორმაში დაბრუნებას, რადგან ეს ნამდვილად შეუძლია და ვიმედოვნებ, რომ ოქტომბერში გაცილებით კარგ კონდიციაში იქნება.

ხვიჩა კვარაცხელია დიდი ტალანტია. ჩვენ ბევრ ახალგაზრდას მივეცით შანსი, არაბიძეს, ხარაბაძეს, თუმცა, ვერცერთმა პროგრესი ვერ მოახერხა და ამიტომ, ეს საკითხი ცოტა მაშინებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ განვითარებისთის, მას უყვარს ბურთი და ძალიან ნიჭიერია, ის ლეონიდ სლუცკისთან მუშაობს, რომელიც დიდი პროფესიონალია და ეს კარგია. ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული, ძალიან ნიჭიერია და მომატება ნამდვილად შეუძლია, ეს სჭირდება როგორც კლუბს, ისე ნაკრებს.

მინდა ვთქვა, რომ ახლა ხვალინდელ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. რთულია იმ თამაშზე საუბარი, რომელიც ერთი თვის შემდეგ იქნება, რადგან არავინ იცის ამ სიტუაციაში რა მოხდება, ვინ უკეთეს ფორმაში იქნება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მინდა ვთქვა, რომ ნახევარფინალში მყოფ ოთხივე ნაკრებს სრულიად თანაბარი შანსი აქვთ - 25%.

ფეხბურთის გარეშე 10 თვე ყოფნა ჩემთვის ძალიან რთული იყო, ისევე როგორც მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის. ბელარუსში სეზონი გრძელდებოდა პაუზის დროსაც და ფორმაში არიან, მაგრამ ჩვენ 100%-ზე მეტით დავიხარჯებით და მაქსიმუმს გავაკეთებთ. ყველაფერს გავაკეთებთ ქომაგების გასახარებლად.

თორნიკე ოქრიაშვილი ჩემი აზრით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას ძალიან დიდი პერიოდი ორი მძიმე ტრავმის გამო გაუცდა და დაბრუნება ამის შემდეგ ადვილი არ იყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დაბრუნდა. მას უყვარს თავისი ქვეყანა, მაქსიმალურად იხარჯება ვარჯიშებზე და თამაშებზე. რაც შეეხება კვარაცხელიას მარცხენა ფლანგზე თამაშს, გადაწყვეტილებას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ. არ გამოვრიცხავ, რომ ოქრიაშვილს, ჩაკვეტაძესა და კვარაცხელიას შორის, ერთ-ერთი ძირითადში ვერ მოხვდეს.

როდესაც საქართველოში ჩამოვედი, საუკეთესო ფორვარდი მჭედლიძე იყო. ფეხბურთელები გვყავდა იტალიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, კარგ გუნდებში, მაგრამ ახლა ყაზახეთში, კვიპროსში. ქვილითაიასა და კაჭარავას სტაბილური სათამაშო დრო არ აქვთ და რთულია“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველომ პირველ ტურში ნიკა კაჭარავას გოლით ტალინში ესტონეთი დაამარცხა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ სკოპიეში სომხეთს აჯობა (2:1). ამ გუნდების შეხვედრა 8 სექტემბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება და მასზე გულშემატკივრები დასწრებას ვერ მოახერხებენ.

0.110501