ფეხბურთი

1:40 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გავასამოთ!

ახლა ზუსტად ის მომენტია, მოდუნება რომ არ შეიძლება. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე საწყისი ორი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ანდორასთან წარუმატებლობა შესაძლოა დამღუპველიც გამოდგეს. აქ საუბარი არაა მხოლოდ შედეგის კუთხით - არამედ ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, ამაზე ფიქრიც არ შეიძლება.

სამაგიეროდ, თუ დღეს ქართველი ფეხბურთელები გაიმარჯვებენ, ჯგუფში პირველობისკენ მართლაც სოლიდურ ნაბიჯს გადადგამენ და თითქმის ყველა კითხვის ნიშანი გაქრება. თუმცა, წინ 90 წუთია. ანდორა, ანდორაა, მაგრამ ფაქტია, მოდუნება არ შეიძლება. ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ ქართულ ფეხბურთში ნამდვილად არ დგას ის დროება, რომ ვინმეს (თუნდაც ანდორას!) ზემოდან ვუყუროთ. თანაც, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ანდორის ნაკრებს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ეს მათთვის მართლაც ისტორიული სერია სათავეს 2017 წლის ოქტომბრიდან იღებს.

მეორეც - უკანასკნელ თამაშში ლატვიასთან ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს გუნდებთან თამაში, რომლებიც გამოკვეთილ დაცვით ტაქტიკას ირჩევენ და არავის ეპარება ეჭვი, რომ ანდორა თავის დაცვას ყველანაირ ფასად ეცდება. მართალია, ლატვიას უფრო მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს, მაგრამ არც ანდორელთა დაკნინება ივარგებს. ბოლო-ბოლო, იმავე ლატვიას სტუმრად დაუზავდა და არც არფერი დაუთმო.

ფეხბურთელები, ვლადიმირ ვაისი - ყველა თანხმდება, რომ ეს თამაში მოსაგებია, თუმცა ამბობენ, ბოლომდე დახარჯვა იქნება საჭიროო. მართლაც ასეა. არავინ იცის, თამაში როგორ წარიმართება. სწორედ ამიტომ, ვაისმა ხაზი გაუსვა სწრაფი გოლის ფაქტორს. სლოვაკს კარგად ესმის, რომ რაც უფრო ნაკლები დრო დარჩება თამაშის დასრულებამდე, მითუფრო გაძნელდება სტუმართა გატეხვა. აი, სწრაფ გოლს კი ძირფესვიანად შეუძლია თამაშის სურათის შეცვლა და ეს მოსაზრება ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოსაა. რა იქნება და რა მოხდება, ამაზე ახლა მსჯელობა წყლის ნაყვას უფრო წააგავს და ყველაფერი მოედანზე უნდა გამოჩნდეს და გაირკვეს. იქამდე, საინტერესოა რომელ ფეხბურთელებს გაიყვანს სლოვაკი მინდორზე.

მეკარე - აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ლორია აგერ უკვე ერთი თვეა უგუნდოდაა, ძირითად შემასგენლობაში იქნება. ვაისმა კიდევ რთხელ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ლორიას მიიჩნევს პირველ ნომრად და მიუხედავად სირთულეებისა, ენდობა.

დაცვა - დაცვის ოთხეულიც ცნობილია და წესით ეს არაა ის თამაში, რომელშიც სიურპრიზებს უნდა ველოდეთ. ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვირკველია, გურამ კაშია და გიორგი ნავალოვსკი, მოცემული თანმიმდევრობით განლაგდებიან და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აიღებენ პასუხისმგებლობას.

ნახევარდაცვა - საყრდენ ზონაში ისევ ორ ფეხბურთელს ველოდებით. ბევრი მიიჩნევს, რომ ანდორას ნაკრებთან ორი საყრდენი ზედმეტია, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე: სათამაშო დისციპლინის არდარღვევასთან. ვაისი უკვე კარგა ხანია ნაცადი სქემით თამაშობს და შესაძლოა, ცვლილებებმა უარყოფითი შედეგი მოიტანონ. ამიტომაც, არგვგონია, რომ სლოვაკი გარისკავს (არც უყვარს დიდად რისკი). ჯაბა კანკავას გვერდს ისევ ნიკა კვეკვესკირი დაუმშვენებს, რადგან ნიკას მთავარი ალტერნატივა ვაკო გვილია ბოლო დროს იდეალურ ფორმაში ვერ იმყოფება და გუნდში ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვეღარ ხვდება.

ფორვარდს უკან - გამოკვეთილ ფორვარდს უკან სამი შემტევი გაირჯება, რომლებზეც შეტევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. როგორი იქნება სამეული? ერთი ვიცით, რომ ჯანო ანანიძე თამაშს პირველივე წუთიდან არ დაიწყებს. ჯანო ნაკრებისთვის ფასდაუდებელი ფიგურაა, მაგრამ ვაისმა უკვე დააანონსა, რომ 90 წუთისთვის მზად არაა. მხოლოდ ის თქვა, თუ საჭიროება მოითხოვს, შეგვიძლია 30 წუთით დავტვირთოთო. პრინციპში, მოცემულ ვითარებაში სამი შემტევი ასეთი უნდა იყოს: თორნიკე ოქრიაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე. ეს უკანასკნელი და ოქრიაშვილი ნამდვილად სასტარტოში დაიწყებენ თამაშს. აი, რაც შეეხება კიტეიშვილს, ის კარგ სეზონს ატარებს და ალბათ, დროა დამსახურებული შანსი მიიღოს. თანაც, ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ოთარი იახლა და ესეც ერთგვარი მინიშნება უნდა გამოდგეს.

ფორვარდი - ლევან მჭედლიძისა და გიორგი ქვილითაიას არყოფნაში ვაისს ორი არჩევანი აქვს: ნიკა კაჭარავა, რომელიც საუკეთესო ფორმისგან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორსაა და ვაკო ყაზაიშვილი. ვაისმა ახსენა კიდეც, ვაკოს შეუძლია ფორვარდად თამაშიო. ჰოდა, რაღა დაგიმალოთ და ჩვენც ეს ვარიანტი გვეჩვენება ოპტიმალურად.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ოქრიაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე; ყაზაიშვილი

ლაზარეთი

საუბედუროდ, ლაზარეთი ფაქტობრივად სავსეა. გიორგი ქვილითაია ჯერ კიდევ წინა შეკრების დროს დაშავდა და იმთავითვე გაცხადდა, რომ ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა. სამაგიეროდ, თამაში დაიწყო ლევან მჭედლიძემ, მაგრამ ზედ სანაკრებო პაუზის წინ მცირე, მაგრამ მაინც ტრავმა მიიღო და შეკრებას ისიც დააკლდა. ეს ორი განსაკუთრებით მძიმე დანაკლისია საქართველოს ნაკრებისთვის. ამასთან, ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებიან გიორგი მაკარიძე და გიორგი პაპუნაშვილი.

მეტოქე

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები ანდორას ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება. მეტოქეზე კი რა უნდა ითქვას? ფეხბურთელთა სახელ-გვარები უბრალოდ არაფერს გეტყვით და ისინი ნახევრად პროფესიონალები არიან. მიუხედავად ამისა, უკვე ერთი წელია გუნდს თამაში არ წაუგია.

2017 წლის 25 მარტს, ფარერებთან ფრე (0:0) და იმავე წლის 9 ივნისს, ისტორიული გამარჯვების დროც დადგა – ანდორამ 13-წლიანი პაუზის მერე, ოფიციალური თამაში მოიგო და ევრო 2016-ის მერვედფინალისტი უნგრეთი დაამარცხა (1:0)!

ამას მოჰყვა ხუთი წარუმატებელი შეხვედრა (ყატართან, შვეიცარიასთან, ფარერებთან, პორტუგალიასთან და ლატვიასთან). სწორედ ლატვია იყო ბოლო, რომელმაც ანდორის ნაკრების დამარცხება მოახერხა. ეს გასული წლის 10 ოქტომბერს მოხდა.

მას შემდეგ ანდორის ნაკრებმა ლიხტენშტეინი (1:0) დაამარცხა, ხოლო კაპე ვერდესთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, ლატვიასთან და ყაზახეთთან დაზავდა. შედეგად, გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრას კოლდო ალვარესის შეგირდები 5-მატჩიანი და ზუსტად 1-წლიანი წაუგებელი სერიით ხვდებიან! სხვათა შორის, არწაგებას ვინ ჩივის, ყაზახი იური ლოგვინენკოს გოლით დასრულდა ანდორელთა მშრალი სერია, რადგან იქამდე მიჯრით 455 წუთის განმავლობაში გოლი არ ჰქონდათ გაშვებული...

ანდორის ნაკრებს კოლდო ალვარესი წვრთნის, რომელიც სხვათა შორის, ვაისის აზრით, დღევანდელი მეტოქის საუკეთესო მოთამაშეა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სლოვაკმა ხაზი გაუსვა, რომ ანდორა ალვარესის ხელში ორგანიზებულ გუნდად ჩამოყალიბდა. 48 წლის სპეციალისტი ესპანელია და საფეხბურთო კარიერის დროს მეკარის პოზიციაზე ირჯებოდა. ერთ დროს მადრიდის „ატლეტიკოს“ მეორე გუნდშიც ირიცხებოდა, მაგრამ მისი კარიერა საოცნებოდ არ განვითარებულა. საბოლოოდ კი, ანდორის ნაკრებში ითამაშა და 1998-2009 წლებში ამ ქვეყნის უპირველესი გუნდის კარი 78 შეხვედრაშიც დაუცავს.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას - რა უნდა ვთქვათ, ანდორის ნაკრები 2010 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ აქაა. ბოლო დროს ეს პატარა სახელმწიფო მართლაც პროგრესს განიცდის და ძნელია ამაში კოლდოს ღვაწლი არ დავინახოთ.

საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდი

ბოლოს, ოთხი თვის წინ, ლუქსებურგთან სპარინგში წავაგეთ. ეს ცუდია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ვაისის გუნდმა ძალზე გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. იმ გუნდიდან დღეს მოედანზე გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია იქნებიან. მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, სხვა გუნდით ვიყავით.

მანამდე კი იყო სამი მოგებული სპარინგი გოლგაუშვებლად. ლიტვასთან (4:0), ესტონეთთან (2:0) და მალტასთან (1:0). განსაკუთრებით პირველ-ორ თამაშში მაღალი ხარისხის ფეხბურთი იყო და იმედი გაჩნდა. საქართველომ სწორედ ამ მატჩებში ისწავლა პირველ ნომრად თამაში და დღესაც იგივეს ველოდებით. ბურთი უნდა გვქონდეს და მეტოქეს თამაში უნდა ვუკარნახოთ.

ერთა ლიგის საწყის ეტაპზე კი ვიცით: ვაისის გუნდმა ჯერ ასტანაში ყაზახეთი დაამარცხა (2:0), ხოლო შემდეგ თბილისში, ლატვიასთან მეტად მძიმე თამაშში, მაგრამ მაინც მოიპოვა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა.

და ბოლოს, ისე დავასრულოთ, როგორც დავიწყეთ - ახლა ის მომენტია, მოდუნების უფლება რომ არ გვაქვს. მოპოვებული 6 ქულა ჯერჯერობით კარგ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ არაფრის გარანტიას არ გვაძლევს. მოკლედ, ორ გამარჯვებას მესამეც უნდა მოჰყვეს და ეს, ისეთივე ნათელია, როგორც ის, რომ ერთა ლიგა ჩვენი შანსია!..

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114833