ფეხბურთი

12:09 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: სიურპრიზების მოყვარული
შვედეთის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 12 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D და E ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე F ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - დავიწყოთ შვედეთის ეროვნული ნაკრებით.

მონაწილეობა – 12

შვედეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეთორმეტედ ითამაშებს. სკანდინავიელებს საკმაოდ წარმატებული ისტორია აქვთ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე. წინა 11 ასპარეზობიდან 4-ჯერ მოახერხა ნახევარფინალში და მათ შორის, ერთხელ ფინალში თამაში.

პირველად შვედები მუნდიალზე 1934 წელს, იტალიაში გამოჩნდნენ და მეოთხედფინალს უწიეს, სადაც გერმანიასთან დამარცხდნენ – 1:2. უფრო წარმატებული გამოდგა შვედეთისთვის 1938 წლის ტურნირი, როდესაც მეოთხე ადგილი დაიკავა. შვედებმა ნახევარფინალი უნგრეთთან (1:5), ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი ბრაზილიასთან დათმეს (2:4). კიდევ უფრო კარგად იასპარეზა 1950 წელს, ბრაზილიაში. სკანდინავიელებმა ჯგუფში იტალიას აჯობეს (3:2) და პარაგვაის (2:2) დაუზავნდნენ, რაც ფინალურ რაუნდში გასვლას ნიშნავდა. იქ, შვედეთმა ბრაზილიასთან ვერაფერი გააწყო და 1:7 განადგურდა, რასაც ურუგვაისთან მარცხი მოჰყვა (2:3). თუმცა, ბრინჯაოს მედლები მას მერე დაისაკუთრა, რაც ესპანეთი (3:1) დაამარცხა.

ამის შემდეგ იყო წარუმატებელი პერიოდი თუ 1958 წლის ჩემპიონატს არ ჩავთვლით (რაზეც ქვემოთ გიამბობთ). 1970 და 1978 წლებში შვედეთი ჯგუფში ჩარჩა, ისევე როგორც 1990 წელს. 1974 წელს კი, მეორე ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია. საბოლოო წარმატება კი 1994 წელს, აშში-ში მოვიდა. როდესაც მართლაც სიმპათიური შვედეთი ბრინჯაოს მედლებს ისტორიაში მეორედ შესწვდა. სკანდინავიელები ჯგუფში მეორე ადგილს შესწვდნენ მას შემდეგ, რაც კამერუნსა (2:2) და ბრაზილიას (1:1) დაუზავდნენ, ხოლო მეორე ტურში რუსეთი (3:1) დაამარცხეს. მერვედფინალში შვედეთმა კენეტ ანდერსონისა და დალინის გოლებით საუდის არაბეთს სძლია (3:1), ხოლო 1/4 ფინალში რუმინეთს აჯობა მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში (5:4, ძირითადი დრო 1:1, დამატებითი დრო 1:1). ნახევარფინალში შვედებს ბრაზილიამ რომარიოს მე-80 წუთზე გატანილი გოლით აჯობა, მაგრამ ეს უდიდესი წარმატება იყო. მცირე ფინალში კი, შვედეთმა ბულგარეთი უშანსოდ დატოვა (4:0) და საპატიო მესამე ადგილს დაეპატრონა.

შემდეგ იყო 1998 წლის მუნდიალის გამოტოვება და ორი მერვედფინალი 2002 და 2006 წლებში. აზიაში სკანდინავიელთა სვლა დამატებით დროში სენეგალმა შეაჩერა (1:2), ხოლო 2006 წელს, მასპინძელმა გერმანიამ (0:2). შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ 12-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, რადგან 2010 და 2014 წლებში კვალიფიცირება ვერ მოახერხა.

საუკეთესო შედეგი – მეორე ადგილი (1958)

შვედეთის ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი ზუსტად 60 წლის წინ, სამშობლოში დააფიქსირა, როდესაც ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა იქ ბრაზილიასთან დამარცხდა.

მასპინძლებმა ჯგუფური ეტაპი ადვილად გაიარეს. ჯერ მექსიკას აჯობეს (3:0), ხოლო მეორე ტურში უნგრეთის ბარიერი დაძლიეს (2:1). ბოლო ტურში შვედეთი უელსს უგოლოდ დაშორდა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა. 1/4 ფინალში სკანდინავიელებმა საბჭოთა კავშირი დაამარცხეს – 2:0, ხოლო ნახევარფინალში დასავლეთ გერმანიაც მშრალზე დატოვეს (3:1). თუმცა, ფინალში შვედების ოცნება ვერ ახდა, რადგან პელეს ლიდერობით ბრაზილიამ ადვილად მოიგო – 5:2. არადა, ნილს ლიდჰოლმის გოლით მე-4 წუთზე ანგარიში სწორედ მასპინძლებმა გახსნეს.

გზა რუსეთამდე

შვედეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12-წლიანი პაუზის შემდეგ დასაბრუნებლად საკმაოდ გრძელი და რთული გზა გაიარა. შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე სკანდინავიელებმა საფრანგეთთან, ჰოლანდიასთან, ბულგარეთთან, ლუქსემბურგთან და ბელარუსთან ჭიდილში მიაღწიეს წარმატებას. მართალია შვედებმა პირველი ადგილი საფრანგეთს დაუთმეს, მაგრამ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში თვით ჰოლანდია დაჯაბნეს. საბოლოოდ, ორივე გუნდმა 19-19 ქულა დააგროვეს, მაგრამ შვედეთი ბურთების უკეთესი ბალანსის გამო პლეი-ოფში მოხვდა.

თუმცა, იქ შვედეთის შანსი დიდად არ ფასობდა, რადგან წილისყრამ იტალიის ნაკრები არგუნა მეტოქე. პლეი-ოფის ყველაზე დიდი სენსაცია სწორედ სკანდინავიელებმა დააფიქსირეს. “სკუადრა აძურას” შინ 1:0 მოუგეს, ხოლო საპასუხო მატჩში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს (0:0) და ისტორია დაწერეს. შვედეთმა მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი იტალია ისტორიაში მესამედ და 1958 წლის შემდეგ პირველად დატოვა მუნდიალის ფინალურ ეტაპს მიღმა.

რუსეთში გასასვლელი გზა

18 ივნისი, 2018, ნიჟნი ნოვგოროდი. შვედეთი – სამხრეთ კორეა

შვედების 12-წლიანი მოლოდინი 18 ივნისს დასრულდება და სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება. ევროპელებს აზიელებთან დადებითი ბალანსი გააჩნიათ: 1 მოგება, 2 ფრე. პირველად ამ გუნდთა გზა 1996 წლის 16 მაისს გადაიკვეთა და ევროპელებმა 2:0 იმარჯვეს. მომდევნო ორი დაპირისპირება კი 2005 წლით თარიღდება (22 იანვარი, 12 ნოემბერი) და ორჯერვე ფრე დაფიქსირდა – ჯერ 1:1, შემდეგ – 2:2. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სამივე მატჩი ამხანაგური ხასიათის გახლდათ და შესაბამისად, მათ შორის პირველად შედგება ოფიციალური მატჩი.

23 ივნისი, 2018, სოჭი. გერმანია – შვედეთი

შვედეთი მეორე ტურში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას დაუპირისპირდება, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს. თავად განსაჯეთ ეს გუნდები ერთმანეთს 36-ჯერ შეხვედრილან და მცირე უპირატესობა “ბუნდესნაკრების” მხარესაა: 15 მოგება, 8 ფრე, 13 წაგება. პირველი მატჩი ჯერ კიდევ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1911 წელს შედგა და გერმანიამ 4:2 მოიგო. ბოლო დაპირისპირება კი 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლით თარიღდება, როდესაც შვედეთში გერმანიამ 5:3 მოიგო. საერთოდ, იმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ გუნდებს შორის, საოცარი მატჩები შედგა. ამ 5:3-ის გარდა, მანამდე იყო მატჩი გერმანიაში, რომელსაც მასპინძლები 4:0 იგებდნენ, მაგრამ თამაში 4:4 დასრულდა. ამხანაგური მატჩებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ოფიციალურებზე კი მოგახსენებთ ორი სიტყვით.

1992 წელს, შვედეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ალემანებმა იმარჯვეს – 3:2. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ისინი პირველად 1934 წელს შეხვდნენ და ისევ გერმანიამ მოიგო (2:1). 1958 წელს, ნახევარფინალში უკვე შვედებმა იძალეს და ფინალში შეძლეს გასვლა (3:1).

1974 წელს, ასევე მუნდიალზე, მასპინძლის რანგში უკვე გერმანია გახლდათ და გაიმარჯვა კიდეც (4:2). ბოლო დაპირისპირება კი მუნდიალის ეგიდით 2006 წელს შედგა. მიუნხენში, მერვედფინალურ ეტაპზე შვედეთი 0:2 დამარცხდა, რადგან ლუკას პოდოლსკიმ დუბლი შეასრულა.

აქვე, ოფიციალური მატჩების სტატისტიკა: 12 თამაში, 1 მოგება, 3 ფრე, 8 წაგება. როგორც ხედავთ, შვედეთს გერმანიასთან ოფიციალურ მატჩებში საკმაოდ უძნელდება თამაში და აქამდე ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული. სამაგიეროდ, შვედეთი სპარინგებში ბევრად უკეთესად თამაშობს: 24 თამაში, 12 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება.

27 ივნისი, 2018, ეკატერინბურგი. მექსიკა – შვედეთი

ჯგუფური ეტაპი 27 ივნისს, მექსიკასთან მატჩით დასრულდება, რომელთანაც დადებითი ბალანსი გააჩნია: 4 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება. პირველი მატჩი 1958 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე შედგა და შვედეთმა 3:0 გაიმარჯვა. სხვათა შორის, ეს ერთადერთი შემთხვევაა აქამდე, როდესაც მათი გზები ოფიციალურ მატჩებში გადაიკვეთა.

მერე კი იყო 8 მატჩი და რვავე ამხანაგური ხასიათის. ამ საუკუნეში ორი შეხვედრა შედგა, 2005 წელს, გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს, ხოლო 2009 წელს ევროპელებმა 1:0 მოიგეს.

კონტიგენტი

შვედეთის ნაკრებს აღარ ჰყავს ნილს ლიდჰოლმი, გუნარ ნორდალი, ტომას ბროლინი, კენეტ ანდერსონი, მარტინ დალინი, ჰენრიკ ლარსონი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თუმცა მთლიანობაში სკანდინავიელთა კონტიგენტი საკმაოდ კარგადაა დაბალანსებული.

სხვათა შორის, შვედებმა იბრაჰიმოვიჩზე თავად თქვეს უარი – ზლატანს იმ მუნდიალზე თამაში სურდა, რომლის საგზურის გაფორმებაში ოფლი არ დაუღვრია. მაგრამ, ნაკრებში სამწვრთნელო შტაბმა არ გამოიძახა. ამის ფონზეც სკანდინავიელთა რიგებში რამდენიმე საინტერესო ფიგურაა. ვიქტორ ლინდელოფი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად მიიჩნევა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავს. მას გვერდს კაპიტანი და ყველაზე გამოცდილი ანდრეას გრანკვისტი უმაგრებს.

ნახევარდაცვაში სებასტიან ლარსონია, რომელიც ნაკრების ვიცე-კაპიტანია და ყველაზე მეტი მატჩი აქვს დღევანდელი ფორმაციის გუნდში ჩატარებული (98). შეტევაში კი ყველაზე გამორჩეული ფიგურა მარკუს ბერგია, რომლის აქტივში 18 სანაკრებო გოლია.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

შვედეთის ნაკრებს ვარსვლავების დეფიციტი რომ აქვს, ზემოთაც ვახსენეთ. დღევანდელი მოცემულობიდან კი, ალბათ ყველაზე მეტად გამორჩეული, ნახევარმცველი ემილ ფორსბერგია, რომლის მთავარი პლიუსი საგოლე პასების დარიგებაა.

ფორსბერგს შვედეთის ნაკრებში დებიუტი 2014 წლის 17 იანვარს, მოლდოვასთან (2:1) შეხვედრაში შედგა და მას შემდეგ 34 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ემილმა 12 თამაში ჩაატარა და 4-ჯერ შეძლო მეტოქის კარში გოლის გატანა.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – სახელი “მალმეში” თამაშით გაითქვა, რომლის ღირსებასაც 2013-2015 წლებში იცავდა და ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხა თამაში. მერე გერმანულ “ლაიფციგში” გადავიდა. ჯერ ბუნდესლიგაში აღზევებაში დაეხმარა გუნდს, ხოლო მერე სადებიუტო სეზონშივე ვერცხლის მედლების მოპოვებაში უდიდესი როლი დაიდო. 2016-2017 წლების სეზონში ფორსბერგმა 8 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი მიითვალა! ასეთი წარმატებული არ ყოფილა აწ დასრულებული სეზონი, რადგან ტრავმებმა დატანჯა. თუმცა, ყველა ტურნირის ჩათვლით 33 მატჩში 5 გოლის გატანა მაინც მოახერხა.

მწვრთნელი

შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე იანე ანდერსონმა მიიყვანა. 55 წლის სპეციალისტისთვის სამწვრთნელო კარიერაში ეს ყველაზე დიდი მიღწევაა. ანდერსონმა შვედეთი 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა.

იქამდე კი, სამშობლოში მუშაობდა, უმეტესწილად კი, “ჰალმშტადტში”. თუმცა, დასამახსოვრებელ წარმატებას “ნერჩეპინგში” მიაღწია, რომელიც 2015 წელს შვედეთის ჩემპიონი გახადა.

შვედეთი – ტიტულები

არ აქვს.

0.130054