ფეხბურთი

11:19 | 25.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ისლანდიური ვულკანის მოლოდინში
ისლანდიის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 20 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე D ჯგუფის მონაწილეებს გაგაცნობთ - დავიწყოთ ისლანდიის ნაკრებით, რომელმაც ორი წლის წინ ევროფორუმზე დიდი სენსაცია შემოგვთავაზა.

მონაწილეობა – 1

ისლანდიის ნაკრებს ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჰქონდა დებიუტი. ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს ისტორიაში პირველად. ასე რომ, ჯერჯერობით ამ საკითხზე სხვა მოსაყოლი არაფერია. ვნახოთ, რა სიურპიზს შემოგვთავაზებენ კუნძულელები ამჯერად.

საუკეთესო შედეგი – არ აქვს...

ვინაიდან, ისლანდიელები ჯერაც დებიუტიც მოლოდინში არიან, წარსულში ნაჩვენებ შედეგზე ვერ ვისაუბრებთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იყო, მაგრამ 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და გამონაკლისის სახით სწორედ ფრანგულ ევროფორუმზე წარმოქმნილი ისლანდიური ვულკანის შესახებ ვთქვათ ორიოდ სიტყვა:

ისლანდიას ევროპის ჩემპიონატზე ორი წლის ჰქონდა დებიუტი და მისგან განსაკუთრებულ შედეგს არავინ ელოდა. თუმცა, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩემპიონატის მთავარი სიუპრიზი მოაწყო. ჯგუფურ ეტაპზე ლარს ლაგერბაკის დამოძღვრილი გუნდი 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. პირველ ტურში მომავალ ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას დაუზავდა (1:1), ხოლო მეორე ტურში უკვე უნგრეთთან გაიყო ქულები – 1:1. დასკვნით და გადამწყვეტ ტურში ისლანდიამ ავსტრიის ნაკრების ძლევა მოახერხა – 2:1. მატჩი ერთობ დრამატული გამოდგა და გამარჯვების გოლი მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე არნორ ტრაუსტასონმა გაიტანა. ეს ყველაფერი არ ყოფილა. ისლანდიამ მთავარი სენსაცია 1/8 ფინალში გამოაცხო, როდესაც პატივმოყვარე ინგლისის ნაკრები სახლში წააბრძანა და სძლია რა, 2:1. აი, მეოთხედფინალი მაქსიმუმი გამოდგა. იქ, ისლანდიის ნაკრები მასპინძელ საფრანგეთს ადვილად დანებდა – 2:5. თუმცა, გულშემატკივარი ალბათ, არასდროს დაივიწყებს ამ გუნდის სასწაულს და რაღა დაგიმალოთ, ახლაც იგივეს ველოდებით, გულის სიღრმეში მაინც...

გზა რუსეთამდე

ისლანდიის ნაკრებისგან სიურპრიზებს ისევ რომ უნდა ველოდოთ, ამას შესარჩევი ეტაპიც ცხადჰყოფს. კუნძულელებმა საკმაოდ მძიმე ჯგუფში 22 ქულით იპირველეს! მისი მეტოქეები კი, ხორვატია, უკრაინა, თურქეთი, ფინეთი და კოსოვო იყვნენ. შევთანხმდეთ, რომ საკმაოდ ძლიერი და რაც მთავარია დაბალანსებული ქვეჯგუფი.

ჰეიმირ ჰალგრიმსონის ბიჭებმა 10 მატჩიდან 7 მოიგეს, 2 წააგეს და ერთხელაც ფრეს გამორჩნენ. გამოსარჩევი იყო შინ თურქეთის (2:0), ხორვატიის (1:0) და უკრაინის ძლევა (2:0). ამასთან, სტუმრად თურქების დამარცხება – 3:0. მოკლედ, ისლანდიამ მუნდიალამდე გზაც ტრიუმფით გაიარა და რატომ უნდა გაგვიკვირდეს ფინალურ ეტაპზეც შორს წასვლა? თანაც, მადა ჭამაში მოდისო ამბობენ, და ისლანდიაც ასეთი სიტუაციაშია.

რუსეთში გასავლელი გზა

16 ივნისი, 2018, მოსკოვი. არგენტინა – ისლანდია

ისლანდიის ნაკრები მისთვის ისტორიულ მატჩს, მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას 16 ივნისს, მოსკოვში, ერთ-ერთ ფავორიტ და ორგზის ჩემპიონ არგენტინასთან ჩაატარებს. გასაკვირი არაა, რომ ამ გუნდთა გზა რუსეთის დედქალაქში პირველად გადაიკვეთება.

22 ივნისი, 2018, ვოლგოგრადი. ნიგერია – ისლანდია

მეორე შეხვედრა ვოლგოგრადში 22 ივნისსა ჩანიშნული. მეტოქე ნიგერიის ნაკრები იქნება. ევროპელებს აფრიკელებთან კარგი მოგონებები აკავშირებთ, რადგან აქამდე ერთხელ შეხვედრილან და დაუმარცხებიათ კიდეც. 1981 წლის 22 აგვისტოს სპარინგში ისლანდიამ ადვილად მოიგო (3:0).

26 ივნისი, 2018, როსტოვი. ისლანდია – ხორვატია

ჰალგრიმსონის გუნდი ჯგუფურ ეტაპს 26 ივნისს, როსტოვში ხორვატიის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს. ხორვარია ის გუნდია, რომელსაც ისლანდია კარგად იცნობს. 6 მატჩი, ექვსივე ოფიციალური, ექვსივე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, თუმცა ბალანსი უარყოფითია: 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება.

პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 2006 წლის მუნდიალის კვალიფიკაციაში შეხვდნენ. 2005 წლის 26 მარტს ხორვატიამ ადვილად მოიგო (4:0) ნიკო კოვაჩის დუბლითა და იოსიპ შიმუნიჩისა და დადო პრშოს გოლებით. იმავე წლის 3 სექტემბერს რეიკიავიკში ისევ ბალკანელებმა იმარჯვეს, ამჯერად 3:1. ეიდურ გუდიონსენის გოლით მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ მერე ბოშკო ბალაბანმა დუბლი გაიფორმა, ხოლო წერტილი დარიო სრნამ დასვა.

მეორედ ამ გუნდების გზა 2014 წლის მუნდიალის პლეი-ოფში გადაიკვეთა. ხორვატიას მაშინდელივით ადვილად არ წასვლია საქმეები და ისლანდიაც მისთვის პირველ მუნდიალთან ერთ ნაბიჯში იყო, რადგან ხორვატიას თუ დაამარცხებდა, ბრაზილიის საგზურს მიიღებდა. 2013 წლის 15 ნოემბერს, რეიკიავიკში გოლი არ გასულა, ხოლო იმავე წლის 19 ნოემბერს, ზაგრებში მარიო მანჯუკიჩისა და დარიო სრნას გოლებით მასპინძლებმა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ. ხოლო ისლანდიის დებიუტი 4 წლით გადაიდო.

და ბოლოს, კიდევ ორი დაპირისპირება ახლახან შედგა, რადგან ისლანდია და ხორვატია კარს მომდგარი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ერთ ქვეჯგუფში იყვნენ. 2016 წლის 12 ნოემბერს, ზაგრებში ხორვატიას დარჩა ისევ გამარჯვება. მარსელო ბროჟოვიჩმა გაიფორმა დუბლი. 2017 წლის 11 ნოემბერს, ისლანდიამ ხორვატია მეექვსე ცდაზე პირველად დაამარცხა. რეიკიავიკში მატჩის ერთადერთი გოლი ჰოლურ მაგნუსონმა ბოლო წუთზე გაიტანა.

კონტიგენტი

ისლანდიის ნაკრები საკმაოდ დაბალანსებული გუნდია. ჰეიმირ ჰალგრიმსონის განკარგულებაში ფეხბურთელები არიან, როგორც ისლანდიის, ისე სკანდინავიური (ნორვეგია, დანია, შვედეთი) და ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან. გუნდის კარს საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი ჰანეს ჰალდორსონი იცავს, რომელმაც ევრო 2016-ზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დაცვაში გამორჩეული ფიგურაა რაგნარ სიგურსონი, ჰორურ მაგნუსონი და ბირკირ საევერსონი. შუა ხაზს კაპიტანი აარონ გუნარსონი (“კარდიფ სიტი”), ბირკირ ბიარნსონი (“ასტონ ვილა”), ემილ ჰალფრედსონი (“უდინეზე”), ალბერტ გუდმუნსონი (პსვ) და რაც მთავარია, გილფი სიგურდსონი (“ევერტონი”) ამაგრებენ. შეტევაში კი მთავარი ფიგურა ალფრედ ფინბოგასონია გერმანული “ფრაიბურგიდან”. მოკლედ, ვარსკვლავებით სავსე კონტიგენტი არაა, მაგრამ საშუალო დონის ევროპულ კლუბებში ირჯებიან და რაც მთავარია, სათამაშო პრაქტიკის არქონასაც არ უჩივიან.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ისლანდიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი და ლიდერი გილფი სიგურდსონია, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. 28 წლის ფეხბურთელი ამჟამად ლივერპულის “ევერტონშია”, რომლის რიგებშიც აწ დასრულებულ სეზონში 31 თამაში ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

საერთოდ მისი კარიერა “რედინგში” დაიწყო, საიდანაც ზინსჰეიმის “ჰოფენჰაიმმა” შეიძინა და გერმანიაში 2010-2012 წლებში 36 შეხვედრაში 9-ჯერ გამოიჩინა თავი. მერე, ისევ ინგლისს დაუბრუნდა, “სუონსი სიტის” რიგებში, სადაც თავი გამოიჩინა და 2014 წელს ლონდონის “ტოტენჰემმა” შეიძინა. “დეზების” რიგებში სიგურდსონმა ორ წელიწადში 58 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და მერე “სუონსიში” გაანათხოვრეს, სადაც 2014-2017 წლებში ჩინებული პერიოდი გაატარა – 106 მატჩი, 27 გოლი.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს – ისლანდიის ნაკრებში მისი დებიუტი 2010 წლის მაისში ანდორასთან (4:0) სპარინგში შედგა და საგოლე პასით გამოირჩა. სიგურდსონის დიდი დამსახურებაა, რომ ისლანდია ჯერ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ხოლო მერე მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაგალითად, ევრო 2016-ის შესარჩევში 10 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი შეაგდო, ხოლო მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 მატჩში 4 გოლით გამოირჩა. უგოლოდ არ დაუტოვებია არც ევრო 2016-ის ფინალური ეტაპი, სადაც ხუთივე შეხვედრაში ითამაშა. გოლი კი მეორე ტურში უნგრეთის ნაკრებს გაუტანა. გილფი სიგურდსონის აქტივში დღემდე ეროვნული ნაკრების მაისურით 55 მატჩი და 18 გოლია.

მწვრთნელი

50 წლის ჰეიმირ ჰალგრიმსონს ფართო საზოგადოება ისლანდიის ნაკრებმადე ნამდვილად არ იცნობდა, რადგან მანამდე ქალთა გუნდებს თავკაცობდა (პერიოდულად კაცთა ფეხბურთშიც გადმოინაცვლებდა ხოლმე). 2011 წელს კი, ისლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. ორ წელიწადში დააწინაურეს და ლარს ლაგერბაკთან ერთად დუეტში ხელმძღვანელობდა გუნდს. სწორედ მათ სახელს უკავშირდება ჯერ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და შემდეგ უკვე იქ მოხდენილი ფურორი. ევრო 2016-ის შემდეგ, როცა ლაგერბაკმა ისლანდია დატოვა, ჰალგრიმსონმა საქმეს მარტომ მოკიდა ხელი და როგორც ხედავთ, დავალებას თავი ჩინებულად გაართვა.

რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას, 1986-2007 წლებში მხოლოდ სამშობლოში ითამაშა, განსაკუთრებული წარმატებების გარეშე.

ისლანდია – ტიტულები

არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113731