ფეხბურთი

10:47 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: მიჯრით მეოთხე
ავსტრალიის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 22 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A და B ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე C ჯგუფის მონაწილეებს გაგაცნობთ - ამჯერად ავსტრალიის ნაკრებს.

მონაწილეობა – 5

ავსტრალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეხუთედ იასპარეზებს, მათ შორის, მიჯრით მეოთხედ. “კენგურუები” მუნდიალზე პირველად 1974 წელს გამოჩნდნენ და გერმანიაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ავსტრალია მძიმე ჯგუფში მოხვდა. ჯერ აღმოსავლეთ გერმანიასთან წააგო (0:2), მერე მასპინძელ დასავლეთ გერმანიასთან დამარცხდა (0:3), ხოლო ბოლო ტურში ისტორიული ქულა მოიპოვა ჩილესთან (0:0) და ბუნებრივია, რომ კინკილა ქულით ჯგუფში ჩარჩა.

ამის შემდეგ ავსტრალიელებს მუნდიალამდე 32 წელი მოუხდათ ლოდინი. 2006 წლიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატი არ გამოუტოვებიათ. ბედიის ირონიით, ისინი ისევ გერმანიაში ჩავიდნენ. ამაზე ქვემოთ. იქამდე კი, 2010 და 2014 წლის მუნდიალებზე გეტყვით. სამხრეთ აფრიკაში პირველ ტურში გერმანიასთან განადგურდა (0:4), შემდეგ კი ნორმალურად ითამაშა – ჯერ განას დაუზავდა (1:1), ბოლო ტურში კი სერბეთი დაამარცხა (2:1). 4 ქულა საკმარისი არ გამოდგა ჯგუფიდან გასასვლელად. მის დარად 4 ქულა დააგროვა განამ, მაგრამ აფრიკელები გავიდნენ მეორე ადგილზე, რადგან ბურთების უკეთესი ბალანსი აღმოაჩნდათ. ბოლო პოზიციაზე კი სერბეთი გავიდა, რომელმაც მეორე ტურში გერმანია კი დაამარცხა, მაგრამ მანამდე განასთან, მერე ავსტრალიასთან წააგო.

რაც შეეხება 4 წლის წინანდელ ისტორიას – ბრაზილიური მუნდიალი ავსტრალიის ნაკრებისთვის ყველაზე ცუდი გამოდგა, რადგან ჯგუფში სამივე თამაში წააგო. ჯერ ჩილესთან (1:3), მერე ჰოლანდიასთან (2:3) და ბოლოს ესპანეთთან (0:3).

საუკეთესო შედეგი – 1/8 ფინალი (2006)

ავსტრალიის ნაკრებს საუკეთესო შემადგენლობა 2006 წელს გერმანიაში ჰყავდა ჩაყვანილი. მწვრთნელიც სახელოვანი ჰყავდა – გუუს ჰიდინკი. შედეგიც საუკეთესო სწორედ 12 წლის წინ მიიღეს. ჰიდინკის გუნდმა პირველ ტურში იაპონია დაამარცხა (3:1), შემდეგ ბრაზილიასთან წააგო (0:2), მაგრამ მესამე ტურში უშუალო კონკურენტ ხორვატიასთან ხელს ფრე აძლევდა და სასურველ მიზანს მიაღწია კიდეც – 2:2. შესაბამისად ავსტრალია მერვედფინალში ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად გავიდა.

იქ ჰიდინკს და მის შეგირდებს მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი იტალია ელოდათ. 26 ივნისს, კაიზერსლაუტერნში ერთობ დრამატული მატჩი შედგა. ავსტრალიას “სკუადრა აძურასთვის” ტოლი არაფერში დაუდია და რიგ ეპიზოდებში სჯაბნიდა კიდეც. მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე კი, ფაბიო გროსოს გარღვევა გამოეპარათ. იტალიელთა მარცხენა მცველი საჯარიმოში დაეცა და მსაჯმა მეტად საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ფრანჩესკო ტოტიმ გოლად აქცია და ავსტრალიელთა სვლაც ასე დრამატულად დასრულდა.

გზა რუსეთამდე

ავსტრალიის ნაკრები უკვე კარგა ხანია აზიის შესარჩევ ციკლში თამაშობს. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა საკმაოდ გაუჭირდა. პირველ ჯგუფურ ეტაპზე “კენგურუებმა” 21 ქულით იპირველეს (7 მოგება, 1 წაგება). ჯგუფი საკმაოდ ადვილი იყო, რომელიც იორდანიის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ბანგლადეშის გუნდებისგან შედგებოდა.

მეორე ჯგუფური ეტაპი კი, გადამწყვეტი და უფრო რთული გამოცდა გახლდათ. აი, იქ კი უკვე გაუძნელდა ავსტრალიას. ჯგუფიდან პირდაპირ ორი გუნდი გადიოდა, ხოლო მესამე ადგილოსან პლეი-ოფში უნდა ეთამაშა. ვინაიდან ავსტრალიამ 10 მატჩიდან 5 მოგო, 4 ფრე ითამაშა, 1 წააგო და 19 ქულა დააგროვა, ეს მხოლოდ მესამე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. 19 ქულა დააგროვ ასაუდის არაბეთმაც, მაგრამ ბურთების ბალანსით მეტოქეს აჯობა. პირველ ადგილზე კი იაპონია გავიდა 20 ქულით.

ავსტრალიას პლეი-ოფში მეორე ჯგუფის მესამეადგილოსანი სირია ელოდა. სირიელები ძალიან ახლოს იყვნენ დიდ სენსაციასთან, მაგრამ... პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა – კრუსეს გოლს ალ სომამ უპასუხა ბოლოსკენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა სიდნეიში შედგა, რომელიც ძალზე დრამატული გამოდგა. ალ სომამ მე-6 წუთზე სირია დააწინაურა. თუმცა, ვეტერან ტიმ კეჰილს ზედიზედ მეოთხე მუნდიალზე თამაში ძალიან სურდა. მე-13 წუთზე კეჰილმა გაათანაბრა, ძირითად დროში გოლი აღარ გასულა, მაგრამ 109-ე წუთზე ტიმმა დუბლი გაიფორმა და თავის ნაკრებს რუსეთისკენ წარუძღვა.

რუსეთში გასავლელი გზა

16 ივნისი, 2018, ყაზანი. საფრანგეთი – ავსტრალია

ავსტრალია ზედიზედ მეოთხე მუნდიალს 16 ივნისს, ყაზანში ერთ-ერთ ფავორიტ საფრანგეთის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს, რომელსაც აქამდე ოთხჯერ შეხვედრია. პირველად ეს 1994 წლის 26 მაისს მოხდა სპარინგში “მამლებმა” 1:0 მოიგეს. მეორე მატჩი უკვე ოფიციალური ხასიათის გახლდათ. 2001 წლის 1 ივნისს, ტეგუში (სამხრეთ კორეა) კონფედერაციათა თასზე ავსტრალიამ მაშინ მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და კონფედერაციათა თასის მომავალი ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დაამარცხა (1:0). ეს ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე კლეიტონ ზანემ გაიტანა.

იმავე წლის 11 ნოემბერს, ეს გუნდები უკვე ამხანაგურად გაეჯიბრნენ ერთმანეთს. მელბურნში, კეიგ მურის 44-ე წუთზე გატანილი გოლი 49-ე წუთზე დავიდ ტრეზეგემ გაქვითა. ბოლო დაპირისპირება კი ავსტრალიელთათვის კარგად მოსაგონარი ნამდვილად არაა. 2013 წლის 11 ოქტომბერს, “კენგურუები” 0:6 განადგურდნენ. გოლები იმ დღეს ფრანკ რიბერიმ, ოლივიე ჟირუმ (დუბლი), იოან კაბაიემ, მატიე დებუშიმ და კარიმ ბენზემამ გაიტანეს. საერთო სტატისტიკა ასეთია: 4 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 2:8 ბურთების ბალანსი. თუმცა, ერთადერთი ოფიციალური მატჩი ავსტრალიის სასარგებლოდაა დასრულებული.

21 ივნისი, 2018, სამარა. დანია – ავსტრალია

ბერტ ვან მაარვიკის გუნდი მეორე ტურში 21 ივნისს, დანიას დაუპირისპირდება და ეს სამარაში მოხდება. ოფიციალურ დონეზე ეს მათი პირველი თამაში იქნება, მაგრამ ისტორიას სამი ამხანაგური თამაში მაინც ახსოვს. 2007 წლის 6 თებერვალს, დანიამ 3:1 მოიგო, ხოლო 2010 წლის 1 ივნისს, უკვე “კენგურუები” აღმოჩნდნენ უფრო ძლიერნი – 1:0. ბოლო დაპირისპირება კი 2012 წლის 2 ივნისით თარიღდება. “პარკენზე” დანიამ დანიელ აგერისა და ბიელანდის გოლებით 2:0 მოიგო. მოკლედ, ავსტრალიას დანიასთან ანგარიში აქვს გასათანაბრებელი: 1 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება, 2:5 ბურთების ბალანსი.

26 ივნისი, 2018, სოჭი. ავსტრალია – პერუ

ჯგუფურ ეტაპს კი 26 ივნისს, სოჭში პერუს ნაკრებთან მატჩით დაასრულებს. ავსტრალია სამხრეთამერიკელებთან ისტორიაში პირველად ითამაშებს.

კონტიგენტი

ავსტრალიის ნაკრები რუსეთში ისეთი გამორჩეული კონტიგენტით ვერ მიემგზავრება, როგორც 2006 წელს, გერმანიაში ბრძანდებოდა, მაგრამ ურიგო შემადგენლობა სულაც არ ჰყავს. დიდი კონკურენციაა მეკარის პოზიციაზე, სადაც “ლივერპულის” ექს კარის დარაჯი და ახლა “ფეიენოორდში” მობურთალი ბრედ ჯონსი სათადარიგოდ განიხილება. ეს იმიტომ, რომ მეტიუ რაიანი ჰყავს ავსტრალიის ნაკრებს. საერთოდ სამ მეკარეში ვერ ხვდება “დორტმუნდის” ყოფილი კიპერი მიტჩელ ლანგერაკი.

დაცვის ხაზი შედარებით სუსტად გამოიყურება. ყველაზე გამორჩეული ფიგურა ტრენტ სეინსბერია, რომელიც “გრასჰოპერსში” ირჯება. აი, ნახევარდაცვაში რამდენიმე საინტერესო ფიგურაა. მაგალითად, “სელტიკიდან” ტომ როგიჩი, “ასტონ ვილადან” კაპიტანი მილე იედინაკი, ჯეიმს ტროიზი... არაფერი დაეწუნება შეტევასაც – ბერლინის “ჰერტას” ფორვარდი მეტიუ ლეკი, “ბოხუმის” შემტევი რობი კრუსე და რაღა თქმა უნდა, ავსტრალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ტიმ კეჰილი.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ავსტრალიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ალბათ მაინც ტიმ კეჰილია. 38 წლის ჩია ტანის შემტევს კარიერის საუკეთესო წლები უკან აქვს მოტოვებული, მაგრამ ავსტრალიელთათვის ახლაც დიდი ძალაა. კეჰილს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2004 წლის 30 მარტს, სამხრეთ აფრიკასთან ჰქონდა. იქედან მოყოლებული კი ნაკრებს 105 მატჩითა და 50 გოლით შეეწია. ეს მისთვის მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება და ამ მხრივ სამშობლოში ბადალი არ ჰყავს. 2006 წელს, გერმანიაში, ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. ორჯერვე იაპონიის ნაკრები დაამწუხრა. 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში, მოედანზე ორჯერ გავიდა და გოლი ერთხელ გაიტანა (სერბეთთან), ხოლო ოთხი წლის წინ ორ თამაშში ორჯერ გამოიჩინა თავი (ჩილესთან და ჰოლანდიასთან). როგორც ხედავთ, 38 წლის თავდამსხმელს სამივე მუნდიალზე აქვს გოლი გატანილი (ჯამში 5 გოლი). ტიმ კეჰილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაშიც, რომ ახლა ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზეა. შესარჩევი ციკლის 15 შეხვედრაში ვეტერანმა 11(!) გოლი გაიტანა და მათ შორის, პლეი-ოფში სირიის ნაკრებთან გადამწყვეტ შეხვედრაში დუბლი მიითვალა.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – საუკეთესო პერიოდი ლივერპულის “ევერტონში” გაატარა, რომლის ღირსებასაც 2004-2012 წლებში წარმატებით იცავდა. კარიერა კი ინგლისურ “მილუოლში” დაიწყო (1998-2004) და დღესაც ამ გუნდის რიგებში ირჯება. “ევერტონის” შემდეგ კი იყო “ნიუ-იორკ რედ ბულსი”, “შანხაი შენჰუა”, “ჰანგჟოუ” და “მელბურნ სიტი”.

მწვრთნელი

ავსტრალიის ნაკრებს გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ბერტ ვან მაარვიკი წვრთნის. თუმცა, “კენგურუთა” მუნდიალზე მოხვედრა მის სახელს სულაც არ უკავშირდება. ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ანგელოს პოსტეჩორლუმ გაიყვანა, რომელმაც შემდეგ მოულოდნელად პოსტი თავისივე სურვილით დატოვა და მიზეზად გადაღლილობა დაასახელა. ვან მაარვიკი კი ავსტრალიის ნაკრების სათავეში მიმდინარე წლის იანვარში მივიდა. აქვე ვთქვათ, რომ მან მუნდიალზე საუდის არაბეთის ნაკრები გაიყვანა, მაგრამ იქ აზიელთა თავკაცის რანგში არ იქნება.

65 წლის ჰოლანდიელს საკმაოდ კარგი სამწვრთნელო კარიერა აქვს. 2008-2012 წლებში ჰოლანდიის ნაკრებს ედგა სათავეში და მსოფლიოს ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დააკლდა. “ორანჯე” ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დამატებით დროში დამარცხდა. მანამდე წარმატებით ხელმძღვანელობდა როტერდამის “ფეიენოორდის” (2000-2004, 2007-2008). იმუშავა დორტმუნდის “ბორუსიაში” (2004-2006), ხოლო სამწვრთნელო კარიერა “ფორტუნა სიტარდიდან” დაიწყო (1998-2000). გარდა ამისა, 2013-2014 წლების სეზონში გერმანულ “ჰამბურგსაც” ავარჯიშებდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის გარდა ვან მაარვიკს ოქროებიც არ აკლია. 2002 წელს “ფეიენოორდს” უეფას თასი მოაგებინა, ხოლო 2008 წელს ჰოლანდიი თასი.

საფეხბურთო კარიერა ასეთი სახელოვანი არ ჰქონია. 1969-1975 წლებში “იგზლის” რიგებში გამოდიოდა, შემდეგ იყო “ალკმაარი”, “მაასტრიხტი”, “ფორტუნა სიტარდი” და კარიერა 1998 წელს “ასენტში” დაასრულა. 1975 წელს კი, ჰოლანდიის ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა.

ავსტრალია – ტიტულები

აზიის თასის ჩემპიონი (1): 2015

კონფედერაციათა თასი: მეორე ადგილი (1997 წელი), მესამე ადგილი (2001 წელი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112213