მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.
ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 23 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A და B ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე C ჯგუფის მონაწილეებს გაგაცნობთ - პერუს ნაკრები.
მონაწილეობა – 5
პერუს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთედ იასპარეზებს. და საერთოდ, პირველად 1982 წლის შემდეგ! სამხრეთამერიკელები მუნდიალზე 1930 წელს თამაშობდნენ, თუმცა ჯგუფში ორივე თამაში წააგეს. შემდეგ იყო 1970, 1978 და 1982 წლების მსოფლიოს ჩემპიონატები, განსაკუთრებული წარმატების გარეშე, ვნახოთ, რას მიაღწევს ამჯერად თეთრ-ლურჯები. ბოლოს, 1982 წელს ითამაშა პერუმ მუნდიალზე და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. კამერუნსა (0:0) და იტალიას (1:1) დაუზავდა, მაგრამ ბოლო ტურში პოლონეთთან განადგურდა (1:5).
საუკეთესო შედეგი – მეორე ჯგუფური ეტაპი (1970, 1978)
პერუს ნაკრების საუკეთესო შედეგად მეორე ჯგუფური ეტაპი მიიჩნევა. ამას ორჯერ მიაღწია – 1970 წელს მექსიკაში და 1978 წელს არგენტინაში. მექსიკურ მუნდიალზე პერუელებმა ჯგუფურ ეტაპზე ბულგარეთს აჯობეს (3:2), მერე მაროკო დაამარცხეს (3:0) და ბოლო ტურში დასავლეთ გერმანიასთან უქულოდ დარჩნენ (1:3). მოპოვებული 4 ქულით კი მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან ვერაფერი გააწყო (2:4). მაშინ, პერუელთა რიგებში თეოფილო კუბილასი ბრწყინავდა, რომელმაც 4 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.
1978 წელს კი პერუმ პირველი ჯგუფური ეტაპზე 5 ქულა დააგროვეს (მაშინ მოგებაზე 2 ქულა იწერებოდა). ჯერ შოტლანდიას სძლიეს (3:1), მერე ჰოლანდიას დაუზავდნენ (0:0) და ბოლო ტურში ირანის დამარცხება არ გასჭირვებიათ (4:1). პერუს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეთაგან ყველაზე სუსტი გამოდგა. ჯგუფში სამივე თამაში უშანსოდ წააგო და თანაც ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა. ბრაზილიასთან (0:3), პოლონეთთან (0:1) და არგენტინასთან (0:6). ეს მატჩი ბოლო ტურში შედგა და არგენტინა ფინალში სწორედ ამ ანგარიშზე გადიოდა, ამიტომაც, ბუნებრივია, ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა აღნიშნული თამაშის შედეგს... კუბილასი კი ამჯერადაც გამორჩეული გახლდათ და ნაკრებს 4 გოლით შეეწია.
გზა რუსეთამდე
პერუს ნაკრებმა ნატრვა პლეი-ოფში აიხდინა, მაგრამ იქამდე იყო დიდებული შესარჩევი ციკლი სამხრეთამერიკის ზონაში. თეთრ-წითლები თავიდანვე უიმედო აუტსაიდერად განიხილებოდნენ, მაგრამ ნელ-ნელა ნათელი გახდა, რომ პერუ არ ხუმრობდა. საბოლოოდ, 18 მატჩში მოპოვებული 26 ქულით (7 მოგება, 5 ფრე, 6 წაგება) პერუელები მეხუთე ადგილზე გავიდნენ და მუნდიალს მიღმა ამაყი და გაცილებით ვარსკვლავური ჩილეს ნაკრები დატოვეს. ისე, აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა 26-26 ქულა დააგროვეს, მაგრამ პერუს უკეთესი ბურთების ბალანსი აღმოაჩნდა: +1, -1-თან...
მეხუთე ადგილი კი, რუსეთის საგზურს პირდაპირ არ იძლეოდა. ახლა პერუს მეორე წინაღობა, თუმცა გაცილებით ადვილი წინაღობა ელოდა. ოკეანეთის ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან. პერუმ გაიმარჯვა ორი მატჩის ჯამში – 2:0 (0:0, 2:0). საპასუხო შეხვედრაში, რომელსაც ლიმამ უმასპინძლა, ჯეფერსონ ფარფანმა და კრისტიან რამოსმა გაიტანეს ისტორიული გოლები და პერუ მსოფლიოს ჩემპიონატზე 36 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
რუსეთში გასავლელი გზა
16 ივნისი, 2018, სარანსკი. პერუ – დანია
36 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას პერუს ნაკრები 16 ივნისს, სარანსკში, დანიის ნაკრებთან ჩაატარებს. გუნდთან, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.
21 ივნისი, 2018, ეკატერინბურგი. საფრანგეთი – პერუ
ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი კი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ საფრანგეთის ნაკრებთან ელოდება. “მამლებთან” პერუს კარგი მოგონება აკავშირებს. აქამდე ერთადერთხელ შეხვედრია და მოგებული აქვს. ეს შორეულ 1982 წლის 28 აპრილს მოხდა, როდესაც სპარინგში სამხრეთამერიკელებმა 1:0 მოიგეს.
26 ივნისი, 2018, სოჭი. ავსტრალია – პერუ
ჯგუფური ეტაპი რიკარდო გარეკას გუნდისთვის 26 ივნისს, სოჭში ავსტრალიის ნაკრებთან მატჩით დასრულდება. პერუელებისთვის დანიის მსგავსად ავსტრალიაც სრულიად უცხო მეტოქე იქნება და პირველად სწორედ რუსეთში დაუპირისპირდება.
კონტიგენტი
პერუს ნაკრების შემადგენლობას რომ ჩავხედოთ, ცნობად ფიგურებს ნაკლებად წავაწყდებით. ძირითადი ბირთვის სამშობლოში, ანაც სამხრეთამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში თამაშობს. თუმცა, არიან ლეგიონერები ევროპიდანაც. უპირველეს ყოვლისა ჯეფერსონ ფარფანი, რომელიც ახლახან მოსკოვის “ლოკომოტივის” რიგებში რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო თავის დროზე “შალკესა” და პსვ ეინდჰოვენში ჩინებულად ირჯებოდა. “უოტფორდის” წევრია თავდამსხმელი ანდრე კარილო, პორტუგალიურ “გიმარაეშში” ირჯება პაოლო ურტადო, ხოლო ჰოლანდიური “ფეიენოორდის” ღირსებას იცავს რენატო ტაპია. პერუს ერთი დიდი დანაკლისი აქვს მუნდიალზე. პაულო გერერო ვერ ითამაშებს, რომელიც დისკვალიფიცირებულია. არადა, “ფლამენგოს” გამოცდილი ფორვარდი ნაკრების ლიდერი იყო და წარმატებულ შესარჩევ ციკლში დიდი როლი ითამაშა.
სავარაუდო შემადგენლობა
ვარსკვლავი
გერეროს არყოფნაში პერუს ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ცალსახად ჯეფერსონ ფარფანია. ფეხბურთელი, რომელმაც ახალ ზელანდიასთან პლეი-ოფში გოლიც გაიტანა. 33 წლის თავდამსხმელი ევროპულ ფეხბურთში 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც პსვ ეინდჰოვენის რიგებში ჩაირიცხა. ჰოლანდიაში წარმატებული 4 სეზონი გაატარა (118 მატჩი, 57 გოლი) და შემდეგ ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი გახდა გელზენკირხენის “შალკეში”, სადაც 7 სეზონი დაჰყო (170 თამაში, 39 გოლი). 2015 წელს ევროპა დატოვა და “ალ ჯაზირას” მაისური მოირგო, მაგრამ გასულ წელს ძველ კონტინენტზე დაბრუნდა. მოსკოვის “ლოკომოტივში” ჩაირიცხა. წლეულს კი, პერულმა სოლომონ კვირკველიასთან ერთად რუსეთის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჯეფერსონმა, რადგან “რკინიგზელთა” წამყვანი ფეხბურთელია და პრემიერლიგის აწ დასრულებულ სეზონში 22 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო. ამასთან, ევროპა ლიგაზე 9 თამაშში 4-ჯერ გამოიჩინა თავი. მოკლედ, ჩინებული სეზონი ჩაატარა.
რაც შეეხება პერუს ნაკრებს – დებიუტი ჯერ კიდევ 2003 წლის თებერვალში ჰქონდა და იქედან მოყოლებული 81 შეხვედრაში 24 გოლის გატანა შეძლო. განვლილ შესარჩევ ციკლში მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ამას კი, პლეი-ოფში ახალ ზელანდიასთან გოლიც დაუმატა.
მწვრთნელი
პერუს ნაკრები უდიდეს და ნანატრ წარმატებამდე არგენტინელმა სპეციალისტმა რიკარდო გარეკამ მიიყვანა. 60 წლის მწვრთნელს განსაკუთრებული კარიერა ნამდვილად არ აქვს. სამწვრთნელო საქმიანობა 1996 წელს არგენტინული “ტალარესიდან” დაიწყო. მას შემდგომ ძალზე ბევრ გუნდში იმუშავა. მათ შორის, “ინდეპენდიენტე”, “კოლონი”, არგენტინოს ხუნიორსი”, “კილმესი”, “ველეს სარსფილდი”, “პალმეირასი”...
პერუს ნაკრები კი 2015 წელს ჩააბარეს. სწორედ ამ გუნდში მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას რიკარდომ და პერუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.
გარეკას მაღალ დონეზე აქვს ფეხბურთიც ნათამაშები, კარირას “ბოკა ხუნიორსში” დაიწყო, სადაც 1978-1984 წლებში 130 მატჩში 64 გოლი გაიტანა. პოზიიცით თავმდამსხმელი იყო, ხოლო 1985 წელს “ბოკას” მოსისხლე მტერ “რივერ პლეიტს” მიაშურა. “მონუმენტალზე” მან მხოლოდ 12-ჯერ ითამაშა (4 გოლი) და “ამერიკა კალის” წვერი გახდა. კარიერის ბოლოს “ველეჟსა” და “ინდეპენდიენტეში” ითამაშა, სადაც დაასრულა კიდეც საფეხბურთო კარიერა 1994 წელს. 1981-1985 წლებში კი, არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისური 20 შეხვედრაში მოირგო და 5 გოლის გატანა მოახერხა.
პერუ – ტიტულები
კოპა ამერიკა (2): 1939, 1975