"მსოფლიო სპორტის" 2014 წლის გამოკითხვა

1. გიორგი ლორია (დინამო თბილისი, ოფი საბერძნეთი). 28 წლის მეკარემ კვლავაც საკმაო წვლილი შეიტანა თბილისის "დინამოს" ჩემპიონობასა და თასის მოგებაში, ზაფხულში კი კარიერაში პირველად შეიცვალა კლუბი: გადავიდა ბერძნულ ოფი-ში, სადაც კარგად წარმოაჩინა თავი. პირველ წრეში ის საბერძნეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე გავიდა "სეივების" მიხედვით და საერთოდაც, ლორია პირველი წრის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

2. ნუკრი რევიშვილი (ვალეტა მალტა, ტოსნო რუსეთი). რევიშვილმა ლომის წვლილი შეიტანა მალტაზე "ვალეტას" ჩემპიონობაში და თასის მოგებაშიც. მან ნახევარი სეზონი გაატარა მალტაზე, შემდეგ გადავიდა რუსეთის პირველი დივიზიონის "ტოსნოში" და იქაც მშვენივრად ითამაშა. რევიშვილმა ზაფხულში უარი განაცხადა საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლაზე, ოღონდ, სანამ თემურ ქეცბაია იქნებოდა მწვრთნელი.

3. დავით ოდიკაძე (ჩიხურა). 33 წლის მარჯვენა მცველი კვლავაც სტაბილურია საქართველოს ჩემპიონატში, ის "ჩიხურას" კაპიტანია, "ჩიხურამ" კი საქართველოს თასის ფინალში ითამაშა და ევროტურნირებზეც კარგად წარმოაჩინა თავი.

4. გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა, ბოლუსფორი თურქეთი). ევროტურნირებზე ქართული გუნდებიდან უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. რეხვიაშვილმა განსაკუთრებით კარგად ჩაატარა თურქულ "ბურსასფორთან" შეხვედრები და ყველაზე მეტად მისი დამსახურებაა, რომ საჩხერელებმა თურქეთის კლუბი გამოთიშეს. გადავიდა თურქულ "ბოლუსფორში", ოქტომბერში კი მძიმე ტრავმა მიიღო და ზაფხულამდე ვერ ითამაშებს.

5. სოლომონ კვირკველია (რუბინი რუსეთი). 22 წლის სოლომონი შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა "რუბინში" და მაღალ შეფასებებსაც იღებს. კვირკველიას რუსეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც მიაქცია ყურადღება. კვირკველიამ უარი თქვა რუსების შემოთავაზებაზე, მიეღო მათი მოქალაქობა და ეთამაშა იქაურ ნაკრებში. დღესდღეობით კვირკველია პრემიერლიგის ერთ-ერთ ძლიერ და პერსპექტიულ მცველად ითვლება.

6. გურამ კაშია (ვიტესი ჰოლანდია). 2013 წლის "მსოფლიო სპორტის" თასის გამარჯვებული. კაშია კვლავ "ვიტესშია", მის გუნდს კი შარშანდელივით წელიწადი ვერ ჰქონდა და ჰოლანდიის ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძვის.

7. ალექსანდრე ამისულაშვილი (კრილია რუსეთი, ინტერი აზერბაიჯანი). სამარის "კრილიადან" ზაფხულში გადავიდა კახა ცხადაძის გაწვრთნილ გუნდში და რა გასაკვირია, რომ ამისულაშვილის დონის ფეხბურთელი აზერბაიჯანის ჩემპიონატში თავს გამოიჩენდა. ის სტაბილურად ძლიერად თამაშობს.

8. გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი). ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი. მშვენივრად ითამაშა 19-წლამდელთა ნაკრებში, რის შემდეგაც თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებშიც მისცა შანსი. პაპუნაშვილი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის "დინამოში", ჩემპიონატის პირველ წრეში7 გოლი გაიტანა.

9. ჯაბა კანკავა (დნიპრო უკრაინა). კანკავა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. მისი "დნიპრო" ფლეი-ოფშიც გავიდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გაზაფხულზე ისეთი რამ გააკეთა, რომ მთელი საფეხბურთო მსოფლიო აალაპარაკა: კიევის "დინამოს" ფეხბურთელ ოლეგ გუსევს სასწრაფო დახმარება მინდორზევე აღმოუჩინა და ფაქტობრივად, სიკვდილს გადაარჩინა. შარშან ჯაბამ საქართველოს ნაკრებში ერთი გოლი გაიტანა: გიბრალტართან.

10. ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა). 22 წლის ჯიღაურმა გაიტანა ის გოლი, რომელმაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ჰოლანდიასთან გასვლაზე 1:0 მოაგებინა. ჯიღაური კარგად თამაშობდა "ჩიხურაშიც", რომელმაც ორი ეტაპი გადალახა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე.

11. გიორგი აბურჯანია (ლოკომოტივი თბილისი, ანორთოსისი კვიპროსი). 19 წლისაა, მაგრამ დაბრძენებული თამაშობს. ის ერთ-ერთი გამორჩეული იყო 19-წლამდელთა ნაკრებში, ზაფხულში კი "ანორთოსისში" გადავიდა და კვიპროსის ჩემპიონატის პირველი წრის ლეგიონერთა სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

12.თორნიკე ოქრიაშვილი (ჩერნომორეცი უკრაინა, გენკი ბელგია). ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე ბევრი რამ გადახდა. 3 გოლი გაიტანა ეროვნულ ნაკრებში და სამივე ლამაზი. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ზოგჯერ უსიამოვნო ამბებშიც ხვდება: მაგალითად, ბელგიურ "გენკში" ჩასვლა ორჯერ დააგვიანა.

13.ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი ჰოლანდია). 2014 წელს პირველად ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. ყაზაიშვილი "ვიტესის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა, წინა სეზონშიც და მიმდინარეშიც იშვიათადღა ხვდება სათადარიგოთა სკამზე. გამორჩეული მატჩი "დოდრეხტთან" ჩაატარა, როცა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ასევე, "აიაქსს" გაუტანა გასვლაზე 4:0 მოგებულ შეხვედრაში.

14.ირაკლი ძარია (დინამო თბილისი). თბილისის "დინამოში" ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი იყო, ზაფხულში გუნდის კაპიტანიც გახდა. ძარია ენერგიული და მოძრავი ნახევარმცველია, ეროვნულ ნაკრებშიც ათამაშებდა თემურ ქეცბაია. "დინამოდან" წლის მიწურულს წავიდა.

15. სანდრო კობახიძე (დნიპრო უკრაინა, ვოლინი უკრაინა). "დნიპროში" სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და ზაფხულში ლუცკის "ვოლინში" გადავიდა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესოა. ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელიც ნაკრებში უკეთ თამაშობს, ვიდრე კლუბში.

16. ნიკა ჭანტურია (დინამო თბილისი). სტაბილურობით გამოირჩევა. უკვე თბილისის "დინამოს" კაპიტანია და წარმატებული იყო 19-წლამდელთა ნაკრებში, სადაც ასევე სამკლავურს ატარებს. ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული ცენტრალური მცველია.

17. გიორგი ჭანტურია (კლუჟი რუმინეთი). "კლუჟში" რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და ჯამში, 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ერთი პერიოდი ტრავმა აწუხებდა. იტალიურ "ვერონას" ეკუთვნის და "კლუჟში" განათხოვრებით თამაშობდა. დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში და პირველივე შეხვედრაში ლიხტენშტაინს კარგი გოლი გაუტანა.

18. ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი თბილისი, გენკი ბელგია). ამ 22-კაციან სიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. 18 წლისაა, თუმცა მისი სახელი უკვე 2 წელია, ვიცით. 19-წლამდელებში მშვენივრად თამაშობდა. ზაფხულში ბელგიურ "გენკში" გადავიდა და ბელგიის ჩემპიონატში შანსი არ მიუციათ, თუმცა ამხანაგურ მატჩებში მიითვალა გოლები.

19. გიორგი გაბედავა (ჩიხურა, სამტრედია). გაბედავამ 4 გოლი გაიტანა ევროტურნირებზე. "ჩიხურასთვის" მართლაც დიდი ძალა გახლდათ, ზაფხულში კი "სამტრედიაში" გადავიდა, სადაც ასეთი შედეგიანი ვერაა. სიაში ევროტურნირებზე შედგიანი თამაშის გამო მოხვდა.

20.ლევან მჭედლიძე (ემპოლი იტალია). დღესდღეობით ერთადერთი ქართველი, რომელიც ევროპის ტოპ-ოთხეულის ჩემპიონატში თამაშობს. მჭედლიძეს გოლები ვერ გააქვს, მაგრამ თუ გააქვს, ყოველთვის ლამაზად გამოსდის. იტალიის თასზე "ჯენოას" ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში გაუტანა.

21. ლადო დვალიშვილი (ლეგია პოლონეთი, ოდენსე დანია). პოლონეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, მაგრამ ზაფხულში "ლეგიადან" დანიურ "ოდენსეში" გაუშვეს. დანიაში შედეგიანობით ვერ გამოირჩვა. საქართველოს ნაკრებში კი ერთი გოლი გაიტანა: საუდის არაბეთთან ამხანაგურში.

22. გიორგი მერებაშვილი (დინამო თბილისი, ოფი საბერძნეთი). 2014 წელს მერებაშვილმა "დინამოში" 3 გოლი გაიტანა, ხოლო ბერძნულ ოფი-ში ორჯერ გამოიჩინა თავი, მათ შორის, სადებიუტო შეხვედრაში "პანათინაიკოსსს" სტუმრად ლამაზი ბურთი "უსახსოვრა".

0.114421