ფეხბურთი

10:34 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"კრაკოვიას" მწვრთნელი: "კაკაბაძე ამტკიცებს იმას, რაც მასში პირველივე ვარჯიშებზე შევნიშნე"

პოლონური „კრაკოვიას“ მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ ზიელინსკიმ ოთარ კაკაბაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. ვროცლავის „შლიონსკთან“ (2:0) მატჩში ქართველმა მცველმა გოლი გაიტანა, ისევ შორი მანძილიდან და სეზონში თავი მესამედ გამოიჩინა.

კაკაბაძემ ზიელინსკის გუნდში მისვლის შემდეგ („კრაკოვიას“ ხუთი მატჩია, რაც ხელმძღვანელობს) უკვე მეორედ გაიტანა და ორჯერვე შორი მანძილიდან დიდებული დარტყმით. პოლონელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელში კარგი დარტყმის არსენალი ვარჯიშებზე თავიდანვე შეამჩნია.

„მოხარული ვარ, რომ ოთარი მხოლოდ იმას ადასტურებს, რაც რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ შევნიშნე, რომ მას იდეალური დარტყმა აქვს. კარგად იცის პოზიციის შერჩევა და სად უნდა განლაგდეს, ეს განსაკუთრებით „რაკოვთან“ მატჩში გატანილმა გოლმა დაადასტურა, კარგი დარტყმა აქვს და მოვუწოდებთ, რომ ხშირად დაარტყას შორეულ კუთხეში. სასიხარულოა, რომ ეს გოლი გავიდა, რადგან თამაშის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა”, - თქვა ზიელინსკიმ.

26 წლის ქართველ მცველს პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ცხრა მატჩში (მხოლოდ 4 ძირითადში) უკვე 3 გოლი დაუგროვდა. სხვათა შორის, მონაგარი უკეთესი იქნებოდა, წინა ტურში „ლეჩნასთან“ შეხვედრაში მისი გოლი რომ არ გაუქმებულიყო. არადა, მაშინ ოთარი არაფერ შუაში იყო, მისი თანაგუნდელი გახლდათ თამაშგარეში და ის გოლი ამიტომ გააუქმეს, თორემ ახლა 4 გოლი იქნებოდა მის ანგარიშზე. ასეა თუ ისე, ცხადია, მცველისთვის 9 თამაშში 3 გოლიც დიდებული შედეგია.

„კრაკოვიას“ 19 ტურში 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 5 თებერვალს, საკუთარ მოედანზე პოზნანის „ლეხთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11271