პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ სტუმრად ვროცლავის „შლიონსკი“ 2:0 დაამარცხა და ქართველმა მცველმა გოლი გაიტანა - სეზონში მესამე!
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და თავი 54-ე წუთზე გამოიჩინა, როცა შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
26 წლის ქართველ მცველს პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ცხრა მატჩში (მხოლოდ 4 ძირითადში) უკვე 3 გოლი დაუგროვდა. სხვათა შორის, მონაგარი უკეთესი იქნებოდა, წინა ტურში „ლეჩნასთან“ შეხვედრაში მისი გოლი რომ არ გაუქმებულიყო. არადა, მაშინ ოთარი არაფერ შუაში იყო, მისი თანაგუნდელი გახლდათ თამაშგარეში და ის გოლი ამიტომ გააუქმეს, თორემ ახლა 4 გოლი იქნებოდა მის ანგარიშზე. ასეა თუ ისე, ცხადია, მცველისთვის 9 თამაშში 3 გოლიც დიდებული შედეგია.
„კრაკოვიას“ 19 ტურში 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 5 თებერვალს, საკუთარ მოედანზე პოზნანის „ლეხთან“ გამართავს.