ფეხბურთი

5:03 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული მატჩი: უნიკალური შანსი და ერთადერთი მიზანი
წინასამატჩო - საქართველო VS ბელარუსი

ეს დღეც დადგა. დღე, რომელიც წესით 26 მარტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 8 ოქტომბერია - საქართველოს ნაკრებს ისტორიის მატჩი აქვს. არ ვაჭარბებთ, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ გვითამაშია, დღეს ბელარუსს ვეთამაშებით, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი თამაში არ გვქონია. შეიძლება და ვიმედოვნებთ, რომ ზუსტად ერთ თვეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გვექნება, მაგრამ იქამდე მისასვლელად ჯერ დამღლელი, სანერვიულო 90 წუთია (შეიძლება 120-იც).

ევროპის 2020 წლის ჩემპინატის ფინალურ ეტაპამდე, ანუ იქამდე, სადაც საქართველოს ნაკრები არასდროს ყოფილა (როგორც მისი მეტოქე), სულ რაღაც ორი ნაბიჯია - ბელარუსი და შემდეგ კოსოვო ან ჩრდილოეთ მაკედონია. რთული იქნება, რადგან კონკურენტებისთვისაც უნიკალური შანსია, მაგრამ პირდაპირ ვთქვათ და, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ასეთი მარტივი გზა არასდროს გვქონია, შეიძლება კიდევ დიდხანსაც არ გვქონდეს. ამრიგად, უნიკალურ შანსს გამოყენება უნდა - ეს ისტორიის მატჩია. მატჩი, რომელიც ისტორიაში ნამდვილად დარჩება, ოღონდ საკითხავია - როგორი ემოციით. აი, ეს არის ახლა მთავარი და მთელი საქართველო, მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთის მოყვარულია თუ არა, დღევანდელი თამაშის მოლოდინშია. ბედად, მატჩი, რომელზეც დასასწრები 55 ათასი ბილეთი არასრულ 10 დღეში გაიყიდა, დახურულ კარს მიღმა, ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება. გვქონდა შანსი „დინამო არენა“ 30%-ით შეგვევსო, მაგრამ უარი ვთქვით... როგორც უნდა იყოს, ეს თამაში მოსაგებია და ეს ზუსტად ის მატჩია, რომლის მიმართაც სხვა შედეგი არ განიხილება. მოგებაში მომდევნო ეტაპზე გასვლას ვგულისხმობთ, თორემ შეიძლება პენალტების სერიაში გამარჯვება გახდეს საჭირო, ამაზეც თანახმა ვართ - ოღონდ, ფინალში საქართველო უნდა გავიდეს! სხვანაირად შეუძლებელია, სხვაგვარად წარმოუდგენელია და დაუშვებელიცაა. ვიცით, როგორ ელის ქართველი ქომაგი ამ შეხვედრას, უკვე თითქმის ორი წელია და აი, ეს დღეც დადგა - საქართველო ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა ლიგის D დივიზიონი ძალზე დამაჯერებლად მოიგო, განსხვავებით ბელარუსისგან, რომელსაც ჯგუფის ოთხ გამარჯვებულს შორის ყველაზე ცუდი ბალანსი ჰქონდა და ამიტომაც არის, რომ დღეს თბილისში უწევს თამაში და არა დავუშვათ მინსკში ან სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან. თუმცა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ეს 2018 წლის შემოდგომის ამბებია - ორი წლის წინანდელი! მაშინ საქართველოს ნაკრებს 19 წლის სოლისტი ჰყავდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც დიდწილად განაპირობა „ჯვაროსნების“ მაშინდელი წარმატება. სამწუხაროდ, გიორგის კარიერაში მას შემდეგ ბევრი ტრავმიანი დღე იყო და დღესაც ამავე მიზეზით ვერ ითამაშებს. რა გაეწყობა, განგებასთან ყველანი უძლურები ვართ. საქართველოს ნაკრებს ახლაც 19 წლის სოლისტი ჰყავს - ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ტალანტი, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგა თავდაყირა დააყენა და რომლის იმედი მთელ საქართველოს აქვს. ხვიჩა ეროვნულ გუნდში ახალი სახეა - სულ სამჯერ ეცვა ეროვნული ნაკრების მაისური და ორჯერ წინა თვეში. ესტონეთთან გადამწყვეტი საგოლე პასი შეასრულა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან პენალტი მოიპოვა - სექტემბერში გატანილი ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა. ვლადიმირ ვაისი მას მარჯვენა ფლანგზე იყენებს, არადა, „რუბინში“ მარცხენა ფლანგი აბარია და ბრწყინავს. როგორც სლოვაკმა განმარტა, ნაკრებში შემტევების უმეტესობა მარცხენა ფლანგელია და სხვებთან შედარებით ხვიჩას მარჯვნივაც ეფექტურად შეუძლია თამაში...

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

გიორგი ლორია ვაისის ფავორიტია და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გამოცდილი კიპერი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა, კარს ისევ ის დაიცავს. დაცვაში ბრუნდება გურამ კაშია, უთამაშებელი, შესაბამისად, იდეალური კონდიციისგან შორს მდგარი, მაგრამ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე უკვე დააანონსა, რომ ითამაშებს. სლოვაკისთვის კაშია მხოლოდ ფეხბურთელი არაა, გუნდის ლიდერია, რომელმაც ნაკრებს უნდა უხელმძღვანელოს, ეს ვიცით და ცნობილია. კაშიას სავარაუდოდ, სოლომონ კვირკველია შეუწყვილდება და მისი შანსი უფრო ფასობს, ვიდრე დავით ხოჭოლავასი. მარცხენა ფლანგზე ვაისს ლაშა დვალსა და ჯემალ ტაბიძეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, ხოლო მარჯვნივ დიდი ხანია ნაკრებს ალტერნატივა არ აქვს - ოთარ კაკაბაძე.

საყრდენ ზონაში ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის თამაში პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ჯაბას როლსა და ღვაწლზე არ შევჩერდებით, კვეკვესკირი კი ვაისის ერთ-ერთი ფავორიტია და იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს „ტობოლში“ სკამს მოუშინაურდა, ალბათ ამ საყრდენ დუეტს არ დაშლის. მითუფრო, რომ გიორგი აბურჯანია და ვაკო გვილიაც სათამაშო პრაქტიკის მწვავე დეფიციტს განიცდიან. არადა, გვილია სულ ცოტა ხნის წინ „ლეგიაში“ დიდებულად ირჯებოდა, მაგრამ პოლონელებმა მწვრთნელი შეცვალეს და ვაკომაც ძირითადში ადგილი უმალ დაკარგა.

გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაში ფორვარდის უკან, გამთამაშებლის პოზიციაზე ოთარ კიტეიშვილის ყოფნაა მოსალოდნელი. „შტურმის“ შემტევმა ბოლო ტურში გოლიც გაიტანა, ხოლო ნაკრებს სექტემბრის შეხვედრებში აკლდა. ფლანგებზე ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე ოქრიაშვილი, აქ ალტერნატივა არ მოსჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ლევან შენგელია ჩინებულ ფორმაშია და მისი სასტარტოში გამწესებაც ავტომატურად ხვიჩას მარცხენა ფლანგზე თამაშს ნიშნავს. მოსალოდნელია, რომ შენგელია მეორე ტაიმის იარაღი იქნება. ფორვარდის პოზიციაზე ვაისს გიორგი ქვილითაიასა და ნიკა კაჭარავას არჩევანი აქვს, მაგრამ არაა გამორიცხული უპირატესობა ვაკო ყაზაიშვილს მიანიჭოს, როგორც ე.წ „ცრუ ცხრიანს“. „სან ხოსეს“ შემტევს არაერთხელ უთამაშია ამ როლში და ვაისიც ხშირად ენდობა.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ტაბიძე; კანკავა, კვეკვესკირი; კვარაცხელია, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი; ყაზაიშვილი

ბელარუსის ნაკრები

ბელარუსის ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზონში სან მარინოს, ლუქსემბურგსა და მოლდოვას აჯობა. 4-ჯერ იმარჯვა და ორჯერ ფრეს დასჯერდა, ორჯერვე მოლდოვის ნაკრებთან. შემდეგ იყო ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც ესტონეთს სტუმრად მოუგო და შინ ფრე ითამაშა, დანარჩენი ყველა თამაში წააგო, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ რთულ ჯგუფში იყო - ნიდერლანდები, გერმანია და ჩრდილოეთ ირლანდია ჰყავდა მეტოქეებად. ბოლო ორი მატჩი კი მიხაილ მარხელის გუნდმა არასტაბილურად ჩაატარა. ერთა ლიგის C დივიზიონში შინ ალბანეთთან უშანსოდ წააგო, ხოლო სტუმრად ყაზახეთს მოუგო.

ბელარუსის ნაკრების შემადგენლობა სამი ქვეყნის ჩემპიონატის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული - ბელარუსი, რუსეთი და ყაზახეთი. ყველაზე გამოცდილი „კრასნოდარის“ მცველი ალექსანდრ მარტინოვიჩია, ბორისოვის „ბატეს“ ნახევარმცველ იგორ სტასევიჩსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს, ვიტალი ლისაკოვიჩზე კი, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობს, ჩვენი დღევანდელი ოპონენტები დიდ იმედს ამყარებენ. ნაკრებს თბილისში არ ახლავს სტანისლავ დრაგუნი. ყველაზე გამოცდილი ფორვარდი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა და თითქოს ამის გამო დააკლდა ნაკრებს, მაგრამ ბოლო დროს გაჟღერებული ცნობებით - რეალური მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებია...

ბელარუსის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): გუტორი; იუზეპჩუკი, მარტინოვიჩი, საჩივკო, ზოლოტოვი; მაევსკი, ებონგი; სავიცკი, ლისაკოვიჩი, ნეხაიჩიკი; ლაპტევი

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები დღეს ერთმანეთის პირისპირ მეოთხედ წარსდგებიან. სამი მატჩი, თითო მოგება, წაგება და ფრე. მეტოქეს მცირე უპირატესობა ბურთების შეფარდებაში აქვს - 3:4.

საქართველოსა და ბელარუსის გზები პირველად 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში გადაიკვეთა და ისტორიის ფურცელი 2012 წლის 7 სექტემბერს, თბილისში გაიხსნა, სადაც თემურ ქეცბაიას საქართველომ 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, როდესაც არანორმალურად გაუსწორდა საჯარიმოში ბელარუს მცველებს და დაუვიწყარი გოლი მიითვალა. 2012 წლის 16 ოქტომბერს, გუნდები უკვე მინსკში დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა ადვილად მოიგეს. გოლები საწყის ნახევარ საათში რენან ბრესანმა და სტანისლავ დრაგუნმა გაიტანეს (საგოლე პასებიც მათ მიითვალეს).

ბოლო დაპირისპირება 2017 წლის 13 ნოემბერს ქუთაისში შედგა, როდესაც გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები მეტოქეს დაუზავდა - 2:2. სტასევიჩის გოლს პირველივე ტაიმში ირაკლი სიხარულიძემ უპასუხა, ხოლო ნაანტრაქტევს ლაშა დვალმა ნიახაიჩუკმა გაიტანეს.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან ურთიერთშეხვედრებში დაწინაურება უნდა შეძლოს. დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თამაშია, რომელსაც თურქ მსაჯთა ბრიგადა განსჯის და მთავარი არბიტრი გამოცდილი ჯიუნეთ ჩაქირია. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125161