ფეხბურთი

19:59 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: "ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია"

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ბელარუსმა სპეციალისტმა საქართველოსთან მოახლოებული თამაშის შესახებ გააკეთა კომენტარი.

„ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია და ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სექტემბრის მატჩები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომზადების კუთხით, ალბანეთთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ყაზახეთთან შეხვედრა უკვე პოზიტიური იყო და წინსვლა დავინახე. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ გაცილებით კარგად ვითამაშებთ. ბელარუსში მიმდინარე მოვლენებმა იქონია თუ არ გავლენა ჩვენზე, ეს ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება. აქ სათამაშოდ და გამარჯვების მოსაპოვებლად ვიმყოფებით. დიახ, მიმაჩნია, რომ საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები დაახლოებით ერთ დონეზე არიან. ორივე გუნდს ჰყავს მაღალი დონის მოთამაშეები, რომლებიც კარგ გუნდებში თამაშობენ.

რა თქმა უნდა, ვლადიმირ ვაისი ჩემზე გამოცდილი მწვრთნელია და ასეთ მატჩებში გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ მოსაგებად ვართ და დანარჩენი თამაშში გამოჩნდება. ვფიქრობ, რომ გამოცდილ ფეხბურთელებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მაგრამ ფსიქოლოგიური ასპექტიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ შეხვედრას მზად უნდა შევხვდეთ. ჩემს ფეხბურთელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ამ თამაშის მნიშვნელობა და დამატებითი მოტივირება ან წნეხი საჭირო არ ყოფილა.

ბელარუსის ჩემპიონატის კორონავირუსის პანდემიის დროს გაგრძელება რამდენად იყო სწორი გადაწყვეტილება, პასუხის გაცემა გამიჭირდება, ვფიქრობ ნაადრევია დასკვნების გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი ბელარუსის ჩემპიონატში თამაშობს, მეეჭვება, ამ გარემოებამ ხვალინდელ თამაშზე გავლენა მოახდინოს, რადგან სხვა ქვეყნის ჩემპიონატებიც უკვე დიდი ხანია განახლდა. ვიცით, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ერთი მატჩია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა მარხელმა.

შეგახსენებთ, საქართველო - ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზეა" დაგეგმილი. ამ წყვილში გამარჯვებული ნაკრები პლეი-ოფის ფინალში გავა, სადაც 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.111693