საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი თამაშის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილის დაგვიბრუნდნენ. კაშია მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის და ითამაშებს, რადგან ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. დაცვის მარცხენა ფლანგზე გვყავს ნავალოვსკის, ტაბიძე, გრიგალავასაც შეუძლია აქ თამაში, მაგრამ ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში ახლა ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე ხვალ ვერ ითამაშებს. მან ბელგიაში ბოლო მატჩი ჩაატარა, მაგრამ ტრავმა აქვს და ხვალინდელი თამაშისთვის მზად არ არის. ამიტომ, დაისვენებს და ვეცდებით შემდეგ მატჩებში დაგვეხმაროს.
გიორგი ლორიას შესახებ რაც კვიპროსულ მედიაში გავრცელდა, დაუჯერებელია, ის არის მოთამაშე, რომელსაც ვენდობით და მისი გვჯერა. მინდორი ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე წინა თვეში, რაც ალბათ ამინდის ბრალიც იყო. ხვალინდელი თამაშის შემდეგ გახარებული მხოლოდ ერთი ნაკრები იქნება და ვიმედოვნებთ, რომ ეს საქართველო იქნება.
ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ კლუბებიდან ყველა კარგ ფორმაში დაბრუნდა. ერთადერთი ვაკო გვილიაა გამონაკლისი, რომელსაც „ლეგიაში“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჰქონდა, რადგან კლუბში მწვრთნელი შეიცვალა. ვეცდებით კარგი ტაქტიკა და საუკეთესო შემადგენლობა დავუსპირისპიროთ მეტოქეს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ისინიც იგივეს გააკეთებენ.
დაცვის მაცხენა ფლანგზე გიორგი ნავალოვსკი გამოჯანმრთელდა, ჯაბა ჯიღაურმა ესტონეთთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ახლა გაცილებით მაღალი დონის მეტოქე გვყავს, ვიდრე მაშინ. ამიტომ, მთავარი იქნება დაცვასა და შეტევაში ბალანსი და ყველა რგოლში ერთ დონეზე თამაში.
ბელარუსის ნაკრები ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდა და ასევე გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. მას შემდეგ, რაც ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს, ამ გუნდის სათამაშო აზროვნება შეიცვალა და გაცილებით ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები და გუნდი გვყავს. ეს ისტორიული თამაშია და ჩემს გუნდს შეუძლია ქართველი ხალხის გახარება. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და ყველა რგოლში თანაბრად ძლიერად უნდა ვითამაშოთ.
ჩვენს ნაკრებში მყოფი შემტევის უმრავლესობა მარცხენა ფლანგიდან თამაშობს და ამიტომ გვიწევს ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვნივ დაყენება. მას ნამდვილად შეუძლია ორივე პოზიციაზე თამაში და ბოლო მატჩებში დაამტკიცა, რომ მარჯვნიდანაც ძალიან ეფექტურია. ხვიჩა დიდი ტალანტია და როგორც ადრე აღვნიშნე, მისი შემდგომი ნაბიჯები მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. კლუბში ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს სლუცკის სახით, რომელის განვითარებაში დაეხმარება. რაც მთავარია კარგი აზროვნება აქვს და ნამდვილად შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში“, - თქვა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველო - ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზეა" დაგეგმილი. ამ წყვილში გამარჯვებული ნაკრები პლეი-ოფის ფინალში გავა, სადაც 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.