ფეხბურთი

15:45 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"როტორს" ზურიკო დავითაშვილის იჯარით გადაბირება უნდა

ვოლგოგრადის „როტორში“ შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს - ზურიკო დავითაშვილი. sport.business-gazeta-ს ინფორმაციით, რუსეთის პრემიერლიგაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული კლუბი ქართველის იჯარით დამატებაზე მუშაობს.

დავითაშვილმა „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ლეონიდ სლუცკი მას მხოლოდ შეცვლებზე ათამაშებს. ამიტომაც, არაა გამორიცხული სათამაშო პრაქტიკის მიზნით „როტორში“ გადავიდეს.

აღსანიშნავია, რომ ვოლგოგრადელებს კიდევ ერთ ჩვენებურს, სოლომონ კვირკველიას უკავშირებენ, რომელიც თავის მხრივ მოსკოვის „ლოკომოტივის“ სასტარტოში პრაქტიკულად ვეღარ ხვდება.

„როტორის“ ღირსებას უკვე იცავს სამი ქართველი ფეხბურთელი - ჯანო ანანიძე (კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი), ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი. საინტერესოა, რომ იანვარში „რუბინმა“ მიქელთაძე და ყიფიანი სწორედ ვოლგოგრადელებში გაანათხოვრა და მერე ორივე გამოისყიდეს.

გასულ სეზონში დავითაშვილმა 26 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის პირველ ტურში კი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ (0:2) 72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად გამოჩნდა მოედანზე. ამავე ანგარიშით წააგო პირველ ტურში „როტორმა“ შინ მოქმედ ჩემპიონ „ზენიტთან“ და მის რიგებში მხოლოდ მიქელთაძემ ითამაშა (ბოლო 8 წუთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124666