შვეიცარიის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა ლევან ხარაბაძემ. 19 წლის ქართველმა მარცხენა მცველმა თავი ციურიხის დერბიში, „ციურიხისა“ და „გრასჰოპერსის“ შეხვედრაში გამოიჩინა.
მე-7 წუთზე ლევანი საჯარიმოში იმყოფებოდა, როდესაც მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.
„გრასჰოპერსმა“ 38-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანი მას შემდგომ დაინიშნა, რაც საჯარიმოში ბურთი ხელზე ხარაბაძეს მოხვდა. თუმცა, „ციურიხმა“ მე-80 და 85-ე წუთებზე ორჯერ მოახერხა გატანა და პრინციპული მატჩი 3:1 მოიგო.
ხარაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ აქტიურიც იყო. გოლის გარდა, ორჯერ ახლოს იყო დუბლის შესრულებასთან. 39-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მეკარემ აჯობა, ხოლო 49-ე წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან გაისროლა და ბურთი ხარიხას მოხვდა.
აქვე გეტყვით, რომ ლევან ხარაბაძემ, რომელიც „ციურიხს“ ერთი თვის წინ „დინამოდან“ 1.5-წლიანი იჯარით შეუერთდა, სუპერლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა. დებიუტი ოთხი დღის წინ „სენტ გალენთან“ ჰქონდა და მაშინ ქუსლით საგოლე პასი მიითვალა. ახლა უკვე დერბიში გოლიც გაიტანა. მოკლედ, დასაწყისი დამაიმედებელია. ცნობისთვის, ლევანი შვეიცარიული გუნდის ევროპა ლიგის განაცხადშია. ამ ტურნირზე რამდენიმე დღეში ხარაბაძე და მისი თანაგუნდელები იტალიურ „ნაპოლის“ დაუპირისპირდებიან.
„ციურიხი“ 20 თამაშში მოპოვებული 28 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ევროსაგზურისთვის იბრძვის.