ფეხბურთი

1:10 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ხარაბაძის დებიუტი შვეიცარიის სუპერლიგაში და საგოლე პასი ქუსლით (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგა ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდა. ახლა ეს ლიგა ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ცოტა ხნის წინ „ციურიხში“ ქართველი მცველი ლევან ხარაბაძე ჩაირიცხა.

დღეს მისი დებიუტი შედგა სუპერლიგაში. „ციურიხი“ „სენტ გალენს“ ესტუმრა და 1:3 წააგო, ხოლო 19 წლის ჩვენებურმა დაცვის მარცხენა ფლანგზე შეუცვლელად ითამაშა. სტუმრებმა ვერ ითამაშეს სათანადო დონეზე და უშანსოდ წააგეს.

ერთადერთ გოლში ხარაბაძესაც მიუძღვის წვლილი. საგოლე პასი მიითვალა, თანაც ქუსლით გააკეთა გადაცემა და მერე სტეფან ოდიმაც მაღალ დონეზე ითამაშა, დაცვასაც გაუსწორდა, მეკარესაც და პრესტიჟის გოლი გაიტანა. ეს 76-ე წუთზე მოხდა და „ციურიხმა“ ამ გოლით ოდენ ანგარიში შეამცირა (1:3).

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა გამოცემამ საგოლე პასი ასან ჩისეის ჩაუთვალა, მაგრამ შვეიცარიის სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ხარაბაძეს ჩაეწერა და ვიდეოშიც ნათლად, ჩანს, რომ გოლის ავტორმა ოდიმ ბურთი ჩვენებურისგან მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ შვეიცარიულმა გუნდმა ევროპა ლიგის პლეი-ოფებისთვის განაცხადი განაახლა და სიაში ჩვენებურიც შეიყვანა. შედეგად, არაა გამორიცხული ლევანი მალე ევროპა ლიგაზე ვიხილოთ. მისი გუნდი 15 და 21 თებერვალს 1/16 ფინალში იტალიურ „ნაპოლის“ ხვდება.

რაც შეეხება შვეიცარიის სუპერლიგას, ამ წაგებით „ციუირიხმა“ მეოთხე ადგილი დაკარგა (სწორედ „სენტ გალენმა“ გადაასწრო) და ახლა მეხუთე პოზიციაზეა 25 ქულით. მომდევნო შეხვედრა კი 9 თებერვალს ელოდება, დერბი „გრასჰოპერსთან“.

0.120194