სექტემბრის სანაკრებო ბატალიები დასრულებულია. შედეგად, უეფას ერთა ლიგაზე, რომელიც ფეხს ჩვენს თვალწინ იდგამს, მეორე ტური მიილია.
ჩენთვის ყველაზე საინტერესო D დივიზიონია, რადგან სწორედ აქედან გადის საქართველოს ნაკრების გზა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე. დივიზიონში 16 ნაკრებია, რომლებიც ოთხ ოთხგუნდიან ქვეჯგუფშია გადანაწილებული.
A ჯგუფი
A ჯგუფში ასპარეზობს საქართველოს ნაკრები და ჩვენდა სასიხარულოდ, „ჯვაროსნებს“ დიდი ნაბიჯი აქვთ გადადგმული ნახევარფინალისკენ. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ყაზახეთი (2:0), ხოლო ლატვია (1:0) დაამარცხა და ორი ტურის თავზე ლიდერია. თანაც, დამაჯერებელი ლიდერი.
საქმეს ისიც აადვილებს, რომ ამ ჯგუფის სხვა მატჩებში გამარჯვებული არ გამოვლენილა. მეორე პოზიციაზე ანდორის ნაკრებია, რომელმაც ორი ფრე გაახერხა ლატვიასთან (0:0) და ყაზახეთთან (1:1).
მომდევნო ტურში, 13 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ანდორას დაუხვდება, ხოლო იმავე დღეს, რიგაში, ლატვია ყაზახეთის მასპინძელი იქნება.
1. | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 3:0 | 6 | |
2. | ანდორა | 2 | 0 | 2 | 0 | 1:1 | 2 | |
3. | ლატვია | 2 | 0 | 1 | 1 | 0:1 | 1 | |
4. | ყაზახეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:3 | 1 |
B ჯგუფი
ორი ტურის შემდეგ B ჯგუფს ლუქსემბურგის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც ჯერ მოლდოვა გაანადგურა შინ 4:0, ხოლო შემდეგ უსუსტესი სან მარინო რომ 3:0 დაამარცხა სტუმრად, რა გასაკვირია. მოკლედ, ორი ტურის თავზე ლუქსემბურგი უდანაკარგოდ და ერთპიროვნულად ლიდერობს ჯგუფში.
მეორე ადგილზეა ბელარუსის ნაკრები, რომელმაც სან მარინოს შინ 5:0 კი მოუგო, მაგრამ მერე სტუმრად მოლდოვას ვერაფერი დააკლო - 0:0.
12 ოქტომბერს, მინსკში, ბელარუსის ნაკრები სწორედ ლუქსემბურგს უმასპინძლებს. იმავე დღეს, მოლდოვა სან მარინოს დაუხვდება.
1. | ლუქსემბურგი | 2 | 2 | 0 | 0 | 7:0 | 6 | |
2. | ბელარუსი | 2 | 1 | 1 | 0 | 5:0 | 4 | |
3. | მოლდოვა | 2 | 0 | 1 | 1 | 0:4 | 1 | |
4. | სან მარინო | 2 | 0 | 0 | 2 | 0:8 | 0 |
C ჯგუფი
კოსოვოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი თამაში მოიგო და ეს ფარერებთან გააკეთა - 2:0. იქამდე იყო საგარეო ფრე აზერბაიჯანთან (0:0). თავის მხრივ, ჩვენმა მეზობელმა მეორე ტურშიც ვერ მოახერხეს გამარჯვება და მალტასთან ოდენ ქულით დაკმაყოფილდნენ (1:1).
საერთოდ, აქ ორი ტურის შემდეგ დაძაბული ვითარებაა და მალტის ნაკრების გარდა, ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია სამივე ნაკრებს გააჩნია. მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, კოსოვო მალტას, ფარერები კი აზერბაიჯანს დაუხვდება.
1. | კოსოვო | 2 | 1 | 1 | 0 | 2:0 | 4 | |
2. | ფარერები | 2 | 1 | 0 | 1 | 3:3 | 3 | |
3. | აზერბაიჯანი | 2 | 0 | 2 | 0 | 1:1 | 2 | |
4. | მალტა | 2 | 0 | 1 | 1 | 2:4 | 1 |
D ჯგუფი
საქართველოს ნაკრების ყველაზე სახიფათო მეტოქე ალბათ სწორედ D ჯგუფშია და ჩინებულადაც დაიწყო ასპარეზობა. მაკედონიის ნაკრებზე ვსაუბრობთ, რომელმაც გიბრალტარი და სომხეთი ერთნაირი ანგარიშით დაამარცხა საწყის ორ ტურში (2:0). შესაბამისად, 6 ქულით ლიდერია.
3-3 ქულა აქვთ ლიხტენშტეინისა და სომხეთის ნაკრებებს, ხოლო გიბრალტარი უშანსოდაა დარჩენილი. მომდევნო ტურში 13 ოქტომბერს, მაკედონის ლიხტენშტეინს, სომხეთი კი გიბრალტარს უმასპინძლებს.
1. | მაკედონია | 2 | 2 | 0 | 0 | 4:0 | 6 | |
2. | ლიხტენშტეინი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:2 | 3 | |
3. | სომხეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:3 | 3 | |
4. | გიბრალტარი | 2 | 0 | 0 | 2 | 0:4 | 0 |