სექტემბრის სანაკრებო ბატალიები დასრულებულია. შედეგად, უეფას ერთა ლიგაზე, რომელიც ფეხს ჩვენს თვალწინ იდგამს, მეორე ტური მიილია.
დავიწყოთ, A დივიზიონით, სადაც 12 ნაკრები ასპარეზობს და სამ ოთხგუნდიან ჯგუფში არიან განაწილებულნი. შესაბამისად, რამდენიმე ნაკრების აქტივში 2 მატჩია, ხოლო დანარჩებს ჯერ 1 შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
A ჯგუფი
A ჯგუფს ორი ტურის მერე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ლიდერობს, რომელსაც ორ შეხვედრაში 4 ქულა აქვს. „მამლებმა“ მიუნხენში, გერმანიასთან ფრე გაახერხეს (0:0), ხოლო შემდეგ პარიზში, ჰოლანდიას დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს კილიან მბაპესა და ოლივიე ჟირუს გოლებით - 2:1.
ჰოლანდიასა და გერმანიას შესაბამისად თითო მატჩი აქვთ ჩატარებული და მომდევნო ტურში, 13 ოქტომბერს, სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ამსტერდამში.
1. | საფრანგეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 2:1 | 4 | ||
2. | გერმანია | 1 | 0 | 1 | 0 | 0:0 | 1 | ||
3. | ჰოლანდია | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 |
B ჯგუფი
B ჯგუფში ისლანდიის ნაკრები დაქვეითების რეალური კანდიდატია, რადგან ჯერ შვეიცარიასთან წააგო სტუმრად 0:6, ხოლო შემდეგ საკუთარ მოედანზე ბელგიასაც ვერ გაუწია კონკურენცია. აი, ამ ჯგუფში საუკეთესოს კი, დიდი ალბათობით, მომდევნო შეხვედრა გაარკვევს, რომელიც 12 ოქტომბერს, ბრიუსელში, ბელგიასა და შვეიცარიას შორის შედგება.
1. | შვეიცარია | 1 | 1 | 0 | 0 | 6:0 | 3 | ||
2. | ბელგია | 1 | 1 | 0 | 0 | 3:0 | 3 | ||
3. | ისლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 0:9 | 0 |
C ჯგუფი
აქ, ძალიან მძიმედ დაიწყო და რთულ სიტუაციაშია იტალიის ნაკრები. „სკუადრა აძურასგან“ აშკარად სახელიღაა მხოლოდ დარჩენილი და ვერც რობერტო მანჩინი შველის რამეს. აქ საქმე მხოლოდ შედეგებში არაა, თამაშის ხარისხია ძალზე უიმედო. იტალია ჯგუფში ერთადერთია, რომელსაც ორი თამაში აქვს ჩატარებული და ბოლო ადგილზე იმყოფება. შესაბამისად, ძალიან დიდი შანსია, რომ მომავალი ერთა ლიგა A დივიზიონის ნაცვლად B დივიზიონში გაატაროს.
მანჩინის გუნდმა ჯერ ბოლონიაში, პოლონეთს ვერ მოუგო (1:1), ხოლო მერე პორტუგალიასთან 0:1 წააგო და კმაყოფილი უნდა იყოს, გაცილებით დიდი სხვაობით რომ არ დამარცხდა. მომდევნო შეხვედრა 11 ოქტომბერს, ვარშავაში, პოლონეთსა და პორტუგალიას შორის გაიმართება.
1. | პორტუგალია | 1 | 1 | 0 | 0 | 1:0 | 3 | ||
2. | პოლონეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 1:1 | 1 | ||
3. | იტალია | 2 | 0 | 1 | 1 | 1:2 | 1 |
D ჯგუფი
D ჯგუფში ასპარეზობა დიდებულად დაიწყო ესპანეთის ნაკრებმა. „ფურია როხამ“ ჯერ „უემბლიზე“ სძლია ინგლისის ნაკრებს, ხოლო შემდეგ ელჩეში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას თავ-ბედი აწყევლინა და 6:0 გააცამტვერა. შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა ჩაგდებული მუნდიალი დაივიწყა.
აი, ვინ გავარდება ქვედა ლიგაში, ამას ინგლისისა და ხორვატიის მატჩი გაარკვევს, რომელიც 12 ოქტომბერს, ზაგრებში გაიმართება.
1. | ესპანეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 8:1 | 6 | ||
2. | ინგლისი | 1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 | ||
3. | ხორვატია | 1 | 0 | 0 | 1 | 0:6 | 0 |