სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:20 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: მშიერი "სამი ლომი"
ინგლისის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 5 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D, E და F ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე G ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - მაშ ასე, ინგლისის ნაკრები.

მონაწილეობა – 15

ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეთხუთმეტედ ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ნისლიან ალბიონელებს უდიდესი საფეხბურთო ტრადიციები გააჩნიათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლით თავს ნამდვილად ვერ მოიწონებენ. მუნდიალის თითქმის საუკუნოვან ისტორიაში, ინგლისელებმა ერთხელ იჩემპიონეს და საერთოდაც, ოდენ ორჯერ გააღწიეს ნახევარფინალში. ინგლისელთა ჩემპიონობაზე ქვემოთ, იქამდე სხვა შედეგებზეც მოგახსენებთ.

“სამი ლომი” მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1950 წელს ბრაზილიაში გამოჩნდა და ჯგუფური ტურნირი 1 მოგებითა და ორი წაგებით ვერ დაძლია. გაცილებით წარმატებული გამოვიდა 1954 წლის გათამაშება, როცა გუნდი მეოთხედფინალში დამარცხდა. ოთხი წლის თავზე შვედეთში ალბიონელები ისევ ჯგუფში ჩარჩნენ და 1962 წელს კვლავ 1/4 ფინალი იყო მაქსიმუმი.

ფატალური წარუმატებლობა 1966 წელს შეწყდა (ვისაუბრებთ), რასაც ისევ ჩავარდნები მოჰყვა. 1970 და 1986 წლებში ინგლისი მეოთხედფინალში გამოეთიშა ტურნირს, 1982 წელს მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააღწია, ხოლო 1974 და 1978 წლებში საერთოდ ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირება ვერ მოახერხა.

ინგლისი მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად ნახევარფინალში 1990 წელს გავიდა. იტალიაში გამართულ მუნდიალზე ინგლისმა ჯგუფში ირლანდიას (1:1), ჰოლანდიას (0:0) და ეგვიპტეს (1:0) აჯობა და მერვედფინალში ბელგიის ნაკრები 119-ე წუთზე გატანილი კინკილა გოლით დაამარცხა. დრამატულ მატჩს დრამატულივე მოჰყვა. 1/4 ფინალში ალბიონელებმა კამერუნი ოდენ დამატებით დროში გატეხეს გარი ლინეკერის პენალტით (3:2), ხოლო ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ გერმანიას დიდი ბრძოლა გაუმართეს (1:1), თუმცა პენალტების სერიაში 3:4 წააგეს. გადამწყვეტი შეცდომა სტიუარტ პირსმა და კრის უოდლმა დაუშვეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრა ინგლისმა მასპინძელ იტალიასთან წააგო (1:2) და მედლის გარეშე დარჩა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, ინგლისის მეოთხე ადგილი ჩემპიონობის შემდეგ საუკეთესო შედეგია ისტორიაში.

ამას დიდი იმედგაცრუება მოჰყვა – “სამი ლომი” 1994 წელს ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა, ხოლო 1998 წელს არგენტინასთან მერვედფინალში (2:2) პენალტების სერია ისევ წააგო – 3:4. პოლ ინსი და დევიდ ბეტი შეცდნენ ამჯერზე. 2002 და 2006 წლებში კი სვენ გორან ერიქსონის გუნდმა 1/4 ფინალს უწია. აზიაში მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან დამარცხა (1:2) მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ოუენის გოლით იგებდა. გერმანიაში კი, პორტუგალიის ნაკრებთან (0:0) კვლავაც პენალტების სერიაში წააგო – 1:3.

ძალზე წარუმატებელი გამოდგა ინგლისისთვის ბოლო ორი მუნდიალი. 2010 წელს მერვედფინალში გერმანიასთან 1:4 განადგურდა, ხოლო ოთხი წლი წინ საერთოდ სამარცხვინოდ ითამაშა: იტალიასთან (1:2), ურუგვაისთან (1:2) და კოსტა რიკასთან (0:0) ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.

საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1966)

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ინგლისის ნაკრებმა ღირსეულად მოახერხ ასპარეზობა, 1966 წელს დაფიქსირდა. ტურნირზე, რომელსაც სწორედ ინგლისმა უმასპინძლა. “სამი ლომი” ჯგუფში პირველ ადგილზე მას მერე გავიდა, რაც ურუგვაის დაუზავდა (0:0), ხოლო მექსიკა და საფრანგეთი ერთნაირად, 2:0 დაამარცხა.

მეოთხედფინალში მასპინძლებმა ჯეფრი ჰერსტის გოლით არგენტინას აჯობა (1:0), ხოლო ნახევარფინალის გმირი ბობი ჩარლტონი გახდა, რომელმაც პორტუგალიასთან დუბლი შეასრულა და თავისიანებს ფინალისკენ წარუძღვა – 2:1.

ფინალი კი, დასამახსოვრებელი გამოდგა. “უემბლიზე” ინგლისმა დასავლეთ გერმანიას უმასპინძლა და ტიტული არ დაანება. საოცრად ითამაშა ჯეფრი ჰერსტმა, რომელმაც 18-ე, 101-ე და 120-ე წუთებზე გატანილი გოლებით ჰეთ-თრიქი შეასრულა. იქამდე კი მატჩი დამატებით დრომდე მივიდა. ჯეფრის გოლამდე ჰელმუტ ჰალერმა გახსნა ანგარიში და გერმანია იგებდა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მარტინ პეტერსმა ინგლისი დააწინაურდა. 89-ე წუთზე ვოლფგანგ ვებერის გოლის მერე თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ჰერსტმა ორჯერ იხეირა. სხვათა შორის, 102-ე წუთზე მისი გატანილი გოლი დღემდე დავის საგანია, რადგან არავინ იცის გადაკვეთა თუ არა, ბურთმა კარის ხაზი. მათ შორის, არც ამ მატჩის გვერდითმა არბიტრმა ტოფიკ ბახრამოვმა, რომელმაც მაშინ გოლი ჩათვალა.

გზა რუსეთამდე

ინგლსის ნაკრების გზა რუსეთამდე საკმაოდ ადვილი გამოდგა, ვინაიდან შესარჩევ ციკლში 26 ქულით დამაჯერებლად იპირველა. თავად განსაჯეთ, უახლოეს მდევარ სლოვაკეთს 8 ქულით აჯობა და 10 მატჩიდან ოდენ 2 ვერ მოიგო (ფრეები შოტლანდიასთან 2:2, და სლოვენიასთან 0:0).

რუსეთში გასავლელი გზა

18 ივნისი, 2018, ვოლგოგრადი. ტუნისი – ინგლისი

ინგლისის ნაკრები მუნდიალზე 18 ივნისს ჩაერთვება და ტუნისის დაუპირისირდება. ევროპელებს აფრიკელებთან დადებითი ბალანსი გააჩნიათ: 1 მოგება, 1 ფრე.

პირველად ასეთი რამ 1990 წლის 2 ივნისს მოხდა, როდესაც სპარინგში გუნდებმა გოლები გაცვალეს. მეორე და გაცილებით ფასეული მატჩი კი 20 წლის წინ, 1998 წლის 15 ივნისს, მარსელში შედგა. მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აფრიკელებმა მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ალან შირერისა და პოლ სქოულზის გოლებით ინგლისმა მოიგო – 2:0.

24 ივნისი, 2018, ნიჟნი ნოვგოროდი. ინგლისი – პანამა

ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას გარეთ საუთგეიტის გუნდი ჩემპიონატის დებიუტანტ პანამასთან გამართავს, რომელსაც ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდება.

28 ივნისი, 2018, კალინგრადი. ინგლისი – ბელგია

ჯგუფური ეტაპი კი 28 ივნისს, ბელგიასთან მატჩით დასრულდება, რომელსაც კარგად იცნობს და რომელთანაც ძალიან კარგი ბალანსი გააჩნია: 21 თამაში,15 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება. ამ გუნდთა პირველი დაპირისპირება ჯერ კიდევ 1921 წელს, ამხანაგურ მატჩში შედგა და ინგლისმა 2:0 მოიგო. ბოლო დაპირისპირებაც სპარინგის ხასიათს ატარებდა – ეს 2012 წლის 2 ივნისს, როდესაც ისევ ინგლისელებმა იძალეს – 2:1.

საერთოდ, ბელგიელთა ორ გამარჯვებაზე უნდა ვთქვათ: 1932 წელს 3:2 ამხანაგურ თამაშში, ხოლო 1998 წელს მეფე ჰასანის თასზე (0:0) პენალტების სერიაში სძლია მეტოქეს. სხვა მხრივ, ინგლისი ბელგიასთან თავს მართლაც იწონებს.

წინა 21 მატჩიდან მხოლოდ 3 თამაში იყო ოფიციალური სახის. 1954 წლის მუნდიალზე მეტად უხვგოლინი შეხვედრა გამოვიდა – 17 ივნისს, ბაზელში გუნდებმა 4-4 გოლი გაუტანეს ერთმანეთს.

ასეთი შედეგიანი არა, მაგრამ ძალზე დრამატული თამაში შედგა 1990 წლის 26 ივნისს, ბოლონიაში. მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში ინგლისმა 1:0 დაამარცხა ბელგია. გამარჯვების გოლი კი, დამატებითი დროის დასრულებამდე წუთით ადრე, 119-ე წუთზე დევიდ პლატმა გაიტანა.

კიდევ ერთი ოფიციალური თამაში კი ევროპის ჩემპიონატზე. კერძოდ, 1980 წლის 12 ივნისს, ტურინში გაიმართა და გამარჯვებული არ გამოვლენილა. რეი ვილკინსის 26-ე წუთზე გატანილი გოლი მალევე იან კულემანსმა გაქვითა.

კონტიგენტი

თავიდან გეტყვით, რომ ინგლისის ნაკრები ერთადერთია, რომელიც რუსეთში ლეგიონერების გარეშე ჩადის. განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს.

გვახსოვს ბევრად სახელოვანი ინგლისისც. ამაზე ორი აზრი არაა და არავინ დაობს. თუმცა, გარეთ საუთგეიტის გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 24 წლის კაპიტანი ეყოლება – ჰარი კეინი. საერთოდ, კეინი უდაოდ გამორჩეულია ინგლისელთა შორის და მასზე ვრცლად ვისაუბრებთ. იქამდე სხვა პოზიციებს გადავხედოთ.

ძირითადი მეკარე სავარაუდოდ, “ევერტონის” კარის დარაჯი ჯორდან პიკფორდი იქნება, რომელსაც ოდენ 3-ჯერ უთამაშია აქამდე ეროვნულ გუნდში. დაცვა შედარებით გამოცდილია: კაილ უოკერი, ჯონ სტოუნსი, ფილ ჯონსი, ეშლი იანგი, გარი კეჰილი.

ნახევარდაცვაში კი მთავარი იმედი დელე ალიზე, ერიკ დაიერსა და ჯესი ლინგარდზე მყარდება. შედარებით ძლიერად გამოიყურება შეტევა, სადაც კეინის ლიდერობით უნდა ითამაშონ რაჰიმ სტერლინგმა, ჯეიმი ვარდიმ და მარკუს რაშფორდმა.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ინგლისის ნაკრების მთავარი ვარსკვალი და ლიდერი ჰარი კეინია. “ტოტენჰემის” თავდამსხმელს “სამი ლომის” რიგებში დებიუტი 2015 წლის 19 მარტს, იტალიასთან სპარინგში ჰქონდა. იქედან მოყოლებული კი ინგლისელთა მაისურით 24 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

ითამაშა ორი წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 შეხვედრა, მაგრამ ტურნირი უგოლოდ დაასრულა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი, გუნდს 6 თამაშში გატანილი 5 გოლით შეეწია.

გაცილებით წარმატებულია კეინი საკლუბო დონეზე. “ტოტენჰემში” უკვე 4 სეზონია 20 გოლზე მეტს იტანს. 2014-2015 წლების სეზონში 21 გოლი შეაგდო, მერე 25, შარშან – 29, ხოლო 2017-2018 წლების სეზონში – 30. ხსენებულ ოთხ სეზონში ორჯერ გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი (2016, 2017 წწ), ხოლო წელს მხოლოდ მოჰამედ სალაჰს ჩამორჩა. აწ დასრულებულ სეზონში წარმატებულად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც 7-ჯერ გამოიჩინა თავი.

ჰარის ბევრი წამყვანი გუნდი ეპატიჟება თავისთან, მაგრამ ახლახან “ტოტენჰემთან” 2024 წლამდე განაახლა ხელშეკრულება. ცალსახაა, რომ ინგლისის ნაკრების წარმატებული თამაში დიდად იქნება მასზე დამოკიდებული და ვნახოთ, როგორ გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს.

მწვრთნელი

ინგლისს 47 წლის გარეთ საუთგეიტი ავარჯიშებს და სწორედ მან მიიყვანა გუნდი მუნდიალის ფინალურ ეტაპამდე. საუთგეიტი სამწვრთნელო კარიერით დიდად ვერ დაიკვეხნის.

აქამდე მხოლოდ ორ ადგილზე, “მიდლსბროში” (2006-2009) და ინგლისის 21 წლამდე ნაკრებში უმუშავია (2013-2016). ეროვნული ნაკრები კი, 2016 წლის სექტემბერში ჩაიბარა. ეს დიდი გამოცდა იქნება გარეთისთვის.

გაცილებით სახელოვანი იყო, როგორც ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრებში 1995-2004 წლებში ირჯებოდა (57 თამაში, 2 გოლი). საკლუბო დონეზე კი, “კრისტალ პალასის” (1988-1995), “ასტონ ვილას” (1995-2001) და “მიდლსბროს” (2001-2006) წლებში გამოდიოდა.

ინგლისი – ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონი (1): 1966

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115655