სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:45 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: უცნობი გუნდი ნაცნობი მწვრთნელით
პანამის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 6 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D, E და F ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე G ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტი პანამა.

მონაწილეობა – 1

პანამის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე – ეს ცოტა ხნის წინ ალბათ უტოპიად ჟღერდა, მაგრამ ახლა რეალობაა. პანამელები პლანეტის მთავარ პირველობაზე პირველად ითამაშებენ!

საუკეთესო შედეგი – არ აქვს

ვინაიდან აქამდე პანამას მუნდიალზე არ უთამაშია, ბუნებრივია, რომ საუკეთესო შედეგზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ, ამ გრაფაშიც მოსაყოლი არაფერია.

გზა რუსეთამდე

პანამელთა ტრიუმფალური და ისტორიული სვლა მსოფლიოს ჩემპიონატისკენ ორ ჯგუფურ ეტაპზე იტევს. წინასწარ შესარჩევ ეტაპზე “წითელი ტალღა” კოსტა რიკის, ჰაიტისა და იამაიკის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჯგუფიდან ორი გუნდი გადიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტმა კოსტა რიკამ ადვილად მიაღწია საწადელს, ხოლო პანამამ 6 თამაშში 10 ქულა მოიპოვა (3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება) და სასურველ მეორე ადგილს დაეპატრონა. სხვათა შორის, მესამე ადგილზე გასული ჰაიტი დამაჯერებლად, 6 ქულით მოიტოვა უკან.

მთავარ შესარჩევ ეტაპზე კი, პანამას სათვალავში არავინ აგდებდა. თუმცა, როგორც დრომ აჩვენა, ყველა სცდებოდა. 10 ტურში პანამის ნაკრებმა 13 ქულა დააგროვა (3 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება) და ეს საკმარისი გამოდგა ისტორიის დასაწერად: მესამე ადგილი და მუნდიალის საგზური პირდაპირ, ყოველგვარი პლეი-ოფის გარეშე. პანამელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა 2017 წლის 10 ოქტომბერს გაოფიციალურდა.

რუსეთში გასავლელი გზა

18 ივნისი, 2018, სოჭი. ბელგია – პანამა

პანამის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი 18 ივნისს, სოჭში ექნება და მისი მეტოქე ბელგია იქნება. ეს გუნდები პირველად წარსდგებიან ერთმანეთის წინაშე.

24 ივნისი, 2018, ნიჟნი ნოვგოროდი. ინგლისი – პანამა

“წითელ ტალღას” მეორე შეხვედრაც ძლიერ მეტოქესთან ელოდება. 24 ივნისს, ინგლისის ნაკრებთან, რომელსაც ასევე პირველად დაუპირისპირდება.

28 ივნისი, 2018, სარანსკი. პანამა – ტუნისი

ჯგუფური ეტაპი კი 28 ივნისს, სარანსკში, ტუნისთან შეხვედრით დასრულდება. პანამა აფრიკელებთანაც პირველად მოსინჯავს ძალებს.

კონტიგენტი

პანამის ნაკრების ფეხბურთელთა გვარები ბევრს არაფერს გვეუბნება და ამაში უცნაური არც არაფერია. გუნდში ლეგიონერები სჭარბობენ, თუმცა არა ევროპიდან, არამედ აშშ-დან. მაგალითად დაცვის ხაზში ამერიკულ გუნდებს ხუთი ფეხბურთელი წარმოადგენს.

კონტიგენტი საკმაოდ ასაკოვანია. მაგალითად მეკარე ხაიმე პენედო 36 წლისაა (131 თამაში ნაკრებში), კაპიტანი ფელიპე ბალოი 37 წლის (102 თამაში), ნახევარმცველი გაბრიელ გომესი 34 წლის (144 თამაში), თავდამსხმელები ბლას პერესი 37 წლის (118 თამაში) და ლუის ტეხადა 36 წლის (105 თამაში). სწორედ ეს ორი უკანასკნელია პანამელთა საუკეთესო გოლეადორები, 43-43 გოლით.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

თუ რაოდენ რთულია პანამის ნაკრებში ვარსკვლავის პოვნა, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდია. ჩვენ კი, სხვებთან შედარებით 29 წლის თავდამსხმელი გაბრიელ ტორესი გამოვარჩიეთ, რომელმაც შესარჩევ ციკლში 11 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო. მათ შორის, გადამწყვეტ მატჩში, კოსტა რიკასთან.

ტორესმა პანამის ნაკრების მაისური პირველად 2005 წლის ოქტომბერში, ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მას შემდეგ, გაბრიელმა 68 თამაშში 15 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – ამჟამად ჩილეში, კერძოდ, “უაჩიპატოში” ირჯება და 2018 წელს 15 თამაშში 9 გოლის გატანა მოახერხა. იქამდე კი შვეიცარიაში, “ლოზანას” მაისურით გამოდიოდა. 2016-2017 წლების სეზონში, შვეიცარიის სუპერლიგაში 30 შეხვედრაში თავი რვაჯერ გამოიჩინა. იქამდე კი ბევრი გუნდი გამოიცვალა. იყო ამერიკაშიც, სადაც “კოლორადოს” ღირსებას იცავდა 2013-2015 წლებში.

მწვრთნელი

პანამის ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგს კოლუმბიელი ერნან გომესის თავკაცობით უწია. 62 წლის სამხრეთ ამერიკელმა პანამა 2014 წელს ჩაიბარა და 4 წელიწადში საოცარ შედეგს უწია.

საერთოდ, თუ მისი გუნდისთვის მუნდიალი უცხოა, თავად გომესისთვის ასე არაა: ერნანმა 1998 წელს კოლუმბიის ნაკრები გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო 2002 წელს იგივე შედეგს ეკვადორის ნაკრებში მიაღწია. სხვათა შორის, პანამის მსგავსად, მაშინ ეკვადორმაც პირველად ითამაშა მუნდიალზე და ჯგუფიდან ვერ გავიდა, მაგრამ ხორვატიას კი მოუგო ბოლო ტურში. ისიც სათქმელია, რომ კოლუმბიაცა და ეკვადორიც ჯგუფში 3-3 ქულით ჩარჩნენ.

გომესი კოლუმბიის ნაკრებს 1995-1998, 2010-2011 წლებში, ეკვადორს კი 199-2004 წლებში ავარჯიშებდა. გარდა ამისა, გვატემალის ნაკრების თავკაცი იყო 2006-2008 წწ.

კლუბებიდან კი “ატლეტიკო ნასიონალი” (1991-1993), “სანტა ფე” (2008-2009) და მედელინის “ინდეპენდიენტეს” (201-2013) თავკაცობდა.

საფეხბურთი კარიერას რაც შეეხება, ასეთი წარმატებული არ ჰქონია: “მედელინსა” (1975-1980) და “ატლეტიკო ნასიონალში” (1980-1984) ირჯებოდა.

ერთი საინტერესო დეტალი: პანამა მესამე ნაკრებია, რომელიც გომესმა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ანრი მიშელს (საფრანგეთი 1986, კამერუნი 1994, მაროკო 1998, ტუნისი 2002), ბორა მილუტინოვჩს (მექსიკა 1986, კოსტა რიკა 1990, აშშ 1994, ნიგერია 1998, ჩინეთი 2002) და კარლო ალბერტო პარეირას (ქუვეითი 1982, არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1990, ბრაზილია 1994 და 2006, საუდის არაბეთი 1998, სამხრეთ აფრიკა 2010) გააჩნიათ.

პანამა – ტიტულები

არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113555