ფეხბურთი

10:27 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ყოველთვის მშიერი მანშაფტი
გერმანიის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 10 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D და E ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე F ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - ამჯერად, მოქმედი ჩემპიონისა და ერთ-ერთი ფავორიტის, გერმანიის ნაკრებზე ვისაუბრებთ.

მონაწილეობა – 19

გერმანიის ეროვნული ნაკრები მე-19 მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემპიონის რანგში ხვდება. წინა მუნდიალი სწორედ “მანშაფტის” ტრიუმფით დასრულდა და ახლაც, მთავარ ფავორიტთა შორის განიხლება. საერთოდაც, გერმანია თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სტაბილური გუნდია. ამას შედეგები მოწმობენ.

თავიდანვე გეტყვით, რომ “ბუნდესნაკრებს” აქამდე ოდენ ორჯერ არ უთამაშია ფინალურ ეტაპზე (1930, 1950 წლებში). ამაზე კარგი მაჩვენებელი მხოლოდ ბრაზილიას აქვს და მესამე ადგილზეა იტალია სამი გამოტოვებული მუნდიალით (1930, 1958, 2018). გერმანელებმა ოთხჯერ იჩემპიონეს რაზეც ვრცლად ქვემოთ გიამბობთ, ოთჯერ ვერცხლის, ხოლო ამდენჯრვე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

“ბუნდესნაკრებისთვის” პირველი მუნდიალი მედლით დასრულდა. 1934 წელს იტალიაში, მესამე ადგილზე გავიდა, რასაც წარუმატებელი 1938 წლის გათამაშება მოჰყვა, როცა პირველივე რაუნდში დამარცხდა. 1958 წელს შვედეთში მეოთხე ადგილი ირგუნა, რასაც ჩილეში 1/4 ფინალი მოჰყვა. მერე იყო ზედიზედ სამი წარმატებული გამოსვლა: 1966 წელს ვერცხლის მედალი, 1970 წელს ბრინჯაოს მედალი და 1974 წელს ჩემპიონობა. სამაგიეროდ, 1978 წელს არგენტინაში მეორე ჯგუფური ეტაპი ვეღარ დაძლია.

1982 და 1986 წლებში კი, ორჯერ წააგო ფინალი. ჯერ იტალიასთან, მერე – არგენტინასთან. “ალბისელესტეზე” ჯავრი ოთხი წლის თავზე იყარა და 1990 წელს გამარჯვებული გახდა. ამას მოჰყვა ორი წარუმატებელი გამოსვლა: 1994 და 1998 წლებში გერმენელები მეოთხედფინალში დამარცხდნენ.

აი, აქედან მოყოლებული ზედიზედ ოთხი ჩემპიონატია გერმანია უმედლოდ არ რჩება. 2002 წელ ფინალი წააგო ბრაზილიასთან (0:2), 2006 და 2010 წლებში მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო 4 წლის წინ მეოთხედ გახდა ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით იტალიის ნაკრებს გაუტოლდა. მოკლედ, როგორც ხედავთ, წინა 18 მონაწილეობიდან გერმანიის შედეგი ფაქტობრივად ფანტასტიკურია: 4 ოქროს მედალი, 4 ვერცხლის მედალი, 4 ბრინჯაოს მედალი, 1 მეოთხე ადგილი, 3 მეოთხედფინალი, 1 მეორე ჯგუფური ეტაპი და 1 პირველი რაუნდი.

საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1954, 1974, 1990, 2014)

გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ფეხბურთის მწვერვალზე პირველად 1954 წელს ავიდა. შვეიცარიაში, გერმანელებმა თურქეთი 4:1 დაამარცხეს, რასაც უნგრეთის საოცარ გუნდთან 3:8 განადგურება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, “ბუნდესნაკრები” ჯგუფიდან მაინც გავიდა. 1/4 ფინალში გერმანელებმა იუგოსლავიას 2:0, ხოლო ნახევარფინალში ავსტრიის ნაკრებს 6:1 აჯობა. ფინალში გერმანიას იმ უნგრეთთან თამაში კიდევ ერთხელ მოუწია, რომელთანაც ჯგუფში 3:8 წააგო. თუმცა, ფინალი სხვა სცენარის გამოდგა. უნგრეთმა ისევ რიხით დაიწყო, მერვე წუთისთვის პუშკაშისა და ჟიბორის გოლებით 2:0 იგებდა, მაგრამ გერმანიამ მებრძოლი სული კიდევ ერთხელ გამოაჩინა და აშკარა ფავორიტს თამაში დაუტრიალა – 3:2. ფინალის გმირი ჰელმუტ რანი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

გერმანიამ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი 1974 წელს, სამშობლოში გამართულ მუნდიალზე გახდა. “ბუნდესნაკრებმა” ჯგუფურ ტურნირში ჯერ ჩილე დაამარცხა (1:0), ხოლო შემდეგ ავსტრალია (3:0). მესამე ტურში აღმოშავლეთ გერმანიის ნაკრებთან 0:1 წააგო და ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბეკენბაუერსა და კომპანიას პრობლემა არ შექმნიათ: სამი მატჩი და სამი გამარჯვება – იუგოსლავიასთან (2:0), შვედეთთან (4:2) და პოლონეთთან (1:0). შედეგად, გერმანია ფინალში გავიდა. 1974 წლის 7 ივლისს, მიუნხენში ჰოლანდიის ძალიან მაგარ გუნდთან მასპინძლებმა ბრაიტნერისა და გერდ მიულერის გოლებით 2:1 გაიმარჯვეს.

მესამე ჩემპიონობა 1990 წელს იტალიურ მუნდიალზე მოვიდა. “ბუნდესნაკრებმა” ჯგუფურ ტურნირზე იპირველა მას შემდეგ, რაც იუგოსლავია (4:1) და არაბეთის გაერთიანებული საამიროები (5:1) დაამარცხა, ხოლო ბოლო ტურში კოლუმბიას დაუზავდა – 1:1. მერვედფინალში გერმანიის მსხვერპლი ჰოლანდიის ნაკრები, მაშინ მოქმედი ევროპის ჩემპიონი გახდა – 2:1, ხოლო 1/4 ფინალში ლოთარ მათეუსის გოლით ჩეხოსლოვაკიას აჯობა (1:0). ნახევარფინალში გერმანელებმა ინგლისის ნაკრები დაამარცხეს. 120 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოვლინა მას მერე, რაც ანდრეას ბრემემ და გარი ლინეკერმა გოლები გაცვალეს. პენალტების სერიაში ალემანებმა უფრო მეტად ივარგეს – 4:3. ფინალი კი გერმანიამ დიეგო მარადონას არგენტინას მოუგო ანდრეას ბრემეს 85-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო.

მეოთხე და ჯერჯერობით ბოლო ჩემპიონობა კი 4 წლის წინ, ბრაზილიაში დაფიქსირდა. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ტრიუმფისკენ ტრიუმფალური სვლა ტრიუმფით დაიწყო, 4:0 პორტუგალიასთან პირველივე ტურში! ამას მოჰყვა ფრე განასთან (2:2) და შეიძლება ითქვას, ეს იყო გერმანელთა ყველაზე ცუდი მატჩი მთელ ტურნირზე. მესამე ტურში ალემანებმა აშშ ტომას მიულერის გოლით დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია 1/8 ფინალში ალჟირის ნაკრებთან უპირობო ფავორიტი იყო, ძალიან გაუჭირდა. 90 წუთში გოლი არ გასულა და დამატებით დრო დაინიშნა, სადაც ევროპელებმა გატეხეს მეტოქე. ანდრე შურლემ 92-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 120-ე წუთზე მესუთ იოზილმა მეორედ შეარხია მეტოქის კარი. ალჟირმა გაიბრძოლა და 121-ე წუთზე ჯაბუმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეტისთვის დრო აღარ ყოფილა. მეოთხედფინალურ ეტაპზე გერმანელებმა მატს ჰუმელსის გოლით საფრანგეთი დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში ნამდვილი შოუ-წარმოდგენა დაიდგა – 7:1 “მარაკანაზე” მასპინძელ ბრაზილიასთან! ეს თამაში სამუდამოდ შემორჩება მსოფლიოს ჩემპიონატების და ზოგადად, ფეხბურთის ისტორიას. ფინალში გერმანიის ნაკრებმა ისევ არგენტინას აჯობა, რომლის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. 90 წუთი უგოლო გამოდგა, ხოლო საჩემპიონო გოლი მარიო გიოტცემ 113-ე წუთზე გაიტანა და გერმანიამ მსოფლიოს კვლავ ზემოდან გადმოხედა.

გზა რუსეთამდე

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ძალზე მარტივად მოიპოვა. შესარჩევ ციკლში “ბუნდესნაკრებმა” ჩრდილოეთ ირლანდიას, ჩეხეთს, ნორვეგიას, აზერბაიჯანსა და სან მარინოს აბსოლუტური უპირატესობით აჯობა. ლიოვის ბიჭებმა 10-დან 10 თამაში მოიგეს და 30 ქულით ბუნებრივია, რომ პირველი ადგილი კითხვის ნიშნების გარეშე დაიკავა.

რუსეთში გასავლელი გზა

17 ივნისი, 2018, მოსკოვი. გერმანია – მექსიკა

გერმანიის ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ტიტულების შენარჩუნებისკენ 17 ივნისს, მოსკოვიდან, მექსიკასთან მატჩით დაიწყებს. გერმანიის ნაკრებს მექსიკასთან საკმაოდ კარგი მოგონებები აკავშირებს. თავად განსაჯეთ: 11 მატჩი, 5 მოგება, 5 ფრე, 1 წაგება. ეს ერთადერთი თამაში მექსიკამ 1985 წელს, სპარინგში მოიგო – 2:0.

საერთოდ კი, გუნდები ოფიციალურად 4-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ორჯერაც – კონფედერაციათა თასზე. 1986 წლის 26 ივნისს, მეოთხედფინალში მექსიკამ დიდი წინააღდეგობა გაუწია მრისხანე მეტოქეს, 120 წუთში არც წააგო, მაგრამ პენალტების სერიის ცუდად შესრულების გამო (1:4), ნახევარფინალს მიღმა დარჩა. 1998 წლის 229 ივნისს კი, გერმანიამ ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა მეტოქე – 2:1.

ბოლო ორი დაპირისპირება კი კონფედერაციათა თასზე შედგა. 2005 წლის 29 ივნისს, გერმანიაში, მასპინძელსა და სტუმარს შორის ლამაზი მატჩი შედგა, რომელშიც გამარჯვებული დამატებით დროში გაირკვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. ძირითად დროში გუნდებმა სამ-სამი გოლი გაიტანეს (პოდოლსკი, შვაინშტაიგერი, ჰუტი – ფონსეკა, ბორხეტის დუბლი). საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლები გერმანიამ 97-ე წუთზე მიხაელ ბალაკის გოლით მოიპოვა. ამ გუნდთა გზები კი ბოლოს, ზუსტად ერთი წლის წინ, სოჭში გადაიკვეთა, კონფედერაციათა თასის 1/2 ფინალში: ალემანებმა ადვილად იმარჯვეს – 4:1 (გორეცკა დუბლი, ვერნერი, იუნესი – ფაბიანი).

23 ივნისი, 2018, სოჭი. გერმანია – შვედეთი

გერმანია მეორე ტურში მოქმედ შვედეთს დაუპირისპირდება, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს. თავად განსაჯეთ ეს გუნდები ერთმანეთს 36-ჯერ შეხვედრილან და მცირე უპირატესობა “ბუნდესნაკრების” მხარესაა: 15 მოგება, 8 ფრე, 13 წაგება. პირველი მატჩი ჯერ კიდევ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1911 წელს შედგა და გერმანიამ 4:2 მოიგო. ბოლო დაპირისპირება კი 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლით თარიღდება, როდესაც შვედეთში გერმანიამ 5:3 მოიგო. საერთოდ, იმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ გუნდებს შორის, საოცარი მატჩები შედგა. ამ 5:3-ის გარდა, მანამდე იყო მატჩი გერმანიაში, რომელსაც მასპინძლები 4:0 იგებდნენ, მაგრამ თამაში 4:4 დასრულდა. ამხანაგური მატჩებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ოფიციალურებზე კი მოგახსენებთ ორი სიტყვით.

1992 წელს, შვედეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ალემანებმა იმარჯვეს – 3:2. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ისინი პირველად 1934 წელს შეხვდნენ და ისევ გერმანიამ მოიგო (2:1). 1958 წელს, ნახევარფინალში უკვე შვედებმა იძალეს და ფინალში შეძლეს გასვლა (3:1).

1974 წელს, ასევე მუნდიალზე, მასპინძლის რანგში უკვე გერმანია გახლდათ და გაიმარჯვა კიდეც (4:2). ბოლო დაპირისპირება კი მუნდიალის ეგიდით 2006 წელს შედგა. მიუნხენში, მერვედფინალურ ეტაპზე შვედეთი 0:2 დამარცხდა, რადგან ლუკას პოდოლსკიმ დუბლი შეასრულა.

აქვე, ოფიციალური მატჩების სტატისტიკა: 12 თამაში, 8 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება. როგორც ხედავთ, შვედეთს გერმანიასთან ოფიციალურ მატჩებში საკმაოდ უძნელდება თამაში და აქამდე ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული. სამაგიეროდ, შვედეთი სპარინგებში ბევრად უკეთესად თამაშობს: 24 თამაში, 12 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება.

27 ივნისი, 2018, ყაზანი. სამხრეთ კორეა – გერმანია

ჯგუფური ეტაპი კი სამხრეთ კორეის ნაკრებთან მატჩით დასრულდება, რომელსაც აქამდე სამჯერ და აქედან ორჯერ მუნდიალზე შეხვედრია. 1994 წელს, ჯგუფურ ეტაპზე ალემანებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს (3:2). გერმანიამ პირველივე ტაიმში გაიტანა სამი გოლი (კლინსმანის დუბლი და რიდლე), ხოლო მეორე ნახევარში აზიელებმა ორი გოლის გაქვითა შეძლეს (სუნ-ჰონი და მიუნგ-ბო).

მეორე დაპირისპირება 2002 წელს, ნახევარფინალში შედგა. მატჩის ერთადერთი გოლი, რამაც გერმანია ფინალში გაიყვანა მიხაელ ბალაკმა 75-ე წუთზე შეაგდო. ბოლო დაპირიპისპირება კი, 2004 წლის 19 დეკემბერს შედგა – სპარინგში აზიელებმა მიაღწიეს წარმატებას და მრისხანე მეტოქე 3:1 დაამარცხეს.

კონტიგენტი

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ბევრისთვის მართლაც სანატრელია. იოაჰიმ ლიოვს დიდებული და შესაშური არჩევანი აქვს, რომლის გაკეთება ნამდვილად გაუჭირდება. თავად განსაჯეთ, 1 წლის წინ, “ბუნდესნაკრებმა” კონფედერაციათა თასი ფაქტობრივად სათადარიგო შემადგენლობით მოიგო. ახლა უკვე რუსეთში ის ბირთვი მიემგზავრება, რომელიც ლიოვისთვის მთავარი დასაყრდენი იქნება.

ბალანსი ყველა რგოლში მაღალ დონეზეა და რაც მთავარია, კონკურენციაც დიდია: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი თუ მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი, ანტონიო რუდიგერი თი ნიკლას ზულე. სამი ხედირა, ტონი კროოსი, ილქაი გუნდოგანი, ლეონ გორეცკა თუ მესუთ იოზილი. მარკო როისი, ტომას მიულერი, ლეროი სანე, ტიმო ვერნერი თუ მარიო გომესი. მოკლედ, ლიოვს საქმე დიდებულად აქვს და დანარჩენი ფეხბურთელთა შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ვარსკვლავების ნაკლებობა ნამდვილად არაა. ჩვენი არჩევანი კი ტონი კროოსზე შეჩერდა. მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვის გამორჩეულ ფიგურაზე. კროოსმა “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში ზედიზედ მესამეც ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

გერმანიის ნაკრებში დებიუტი კროოსს 2010 წლის მარტში არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა. იქედან მოყოლებული “ბუნდესნაკრების” რიგებში 82 თამაშში 12 გოლის გატანა მოახერხა. 2010 წლის მუნდიალზე 4 უგოლო თამაში ჩაატარა, ხოლო ოთხი წლის წინანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოედანზე შვიდივე მატჩში გამოჩნდა და ბრაზილიასთან ნახევარფინალში დუბლიც შეასრულა. გარდა ამისა, ევროპის 2012 და 2016 წლის ჩემპიონატებზეც თამაშობდა ტონი. 6 წლის წინ მოედანზე 4-ჯერ გავიდა, ხოლო ორი წლის წინ, 6-ჯერ.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება, კროოსი 2006 წელს მოხვდა “ბაიერნის” აკადემიაში და მთავარ გუნდში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა. თუმცა, 2009-2010 წლების სეზონში “რეკორდმაისტერმა” იჯარით “ლევერკუზენში” გაუშვა, სადაც თავი გამოიჩინა, რის შემდგომაც მიუნხენში დააბრუნეს. 2014 წლამდე “ალიანც არენაზე” კროოსი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, მაგრამ პეპ გვარდიოლამ ოთხი წლის წინ “რეალში” მის გასხვისებაზე თანხმობა განაცხადა.

კროოსი “რეალსაც” დიდებულად მოერგო და გუნდის ლიდერად იქცა. შედეგიც, სახეზეა – ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასი. ამაში კროოსის წვლილი განუზომლად დიდია.

მწვრთნელი

იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს უკვე ათწლეულზე მეტია ხელმძღვანელობს. 2004-2006 წლიდან ლიოვი იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო “ბუნდესნაკრებში”, ხოლო 2006 წლის ზაფხულიდან საქმის სათავეში თავად ჩადგა. იოაჰიმ ფანტასტიკური შედეგები აქვს გერმანიის ნაკრებში. თავად განსაჯეთ, მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი ორჯერ, ევროპის ჩემპიონატის ორი ნახევარფინალი და ერთი ფინალი.

შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ლიოვს ნდობას უცხადებს და კონტრაქტი ცოტა ხნის წინ, 2022 წლამდე გაუხანგრძლივა.

იქამდე, 58 წლის სპეციალისტი საკლუბო დონეზე მუშაობდა. ყველაფერი კი 1994 წელს, “ფროუნფელდში” მუშაობით დაიწყო, საიდანაც, ორი წლის თავზე “შტუტგარტში” გადაინაცვლა. სამშობლოში ასევე გაუწვრთნია “კარლსრუე”. სხვა და სხვა პერიოდში სათავეში ედგა “ფენერბახჩეს”, “ადანასფორს” და ავსტრიულ გუნდებს – “ტიროლსა” და “აუსტრიას”.

ტიტულებს რაც შეეხება – გერმანიის ნაკრებთან ერთად მიღწეულ წარმატებებზე უკვე მოგახსენეთ. საკლუბო დონეზე კი, ავსტრიის ჩემპიონი გახდა 2002 წელს, 2003 წელს ამავე ქვეყნის სუპერთასი მოიგო. წარმატებულად მუშაობდა “შტუტგარტშიც”, რომელსაც 1997 წელს გერმანიის თასი და სუპერთასი მოაგებინა, ხოლო 1998 წელს თასების თასის ფინალში გაიყვანა, თუმცა ფინალში “ჩელსისთან” 0:1 წააგო.

გერმანია – ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონი (4): 1954, 1974, 1990, 2014

ევროპის ჩემპიონი (3): 1972, 1980, 1996

კონფედერაციათა თასი (1): 2017

0.11361