ფეხბურთი

13:20 | 3.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: აზიის მუდმივი დესპანი
სამხრეთ კორეის ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 11 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D და E ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე F ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - ამჯერად, თქვენს წინაშე სამხრეთ კორეის ნაკრებია.

მონაწილეობა – 10

სამხრეთ კორეის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათედ ითამაშებს. აზიელები დიდი მიღწევებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან, რადგან წინა 9 შემთხვევიდან შვიდჯერ ჯგუფში ჩარჩნენ. პლეი-ოფში მხოლოდ ორჯერ გავიდნენ, მათ შორის, ბოლოჯერ ეს 2010 წელს მოხდა. სამხრეთ აფრიკაში სამხრეთ კორეის ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ტურში საბერძნეთი დაამარცხა (2:0) და ეს გადამწყვეტიც აღმოჩნდა. მერე იყო მარცხი არგენტინასთან (1:4) და ბოლო ტურში ფრე ნიგერიასთან (2:2). 1/8 ფინალში სამხრეთ კორეის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა და მეტად დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ლუის სუარესი გოლი 68-ე წუთზე ლი იანგმა გაქვითა, ხოლო “სელესტემ” შემდეგ ეტაპზე გასვლა სუარესის დუბლით შეძლო, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიტანა გამარჯვების გოლი.

საერთოდ, სამხრეთ კორეას მუნდიალზე დებიუტი 1954 წელს ჰქონდა. შემდეგ იყო დიდი ჩავარდნა და დაბრუნება 1986 წელს შედგა, რის შემდგომაც აზიელებს მუნდიალი არ გამოუტოვებიათ. თუმცა, 1954, 1986, 1990, 1994, 1998, 2006, 2014 წლებში ჯგუფში ჩარჩა. 2010 წლის მერვედფინალზე უკვე გიამბეთ, აი, 2002 წელი კი სამხრეთ კორეული ფეხბურთისთვის ისტორიული გამოდგა.

საუკეთესო შედეგი – მეოთხე ადგილი (2002)

2002 წლის მუნდიალი ერთადერთია ისტორიაში, რომელსაც ორმა ქვეყანამ უმასპინძლა. ერთ-ერთი კი სწორედ სამხრეთ კორეა იყო. ჯგუფურ ეტაპზე გუუს ჰიდინკის გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა, ყველაფერი პოლონეთის დამარცხებით დაიწყო (2:0). მერე იყო აშშ-სთან ფრე (1:1), რასაც ბოლო ტურში თვით პორტუგალიის ნაკრების ძლევა მოჰყვა – 3:2.

აზიელები მერვედფინალში პლეი-ოფით გავიდნენ, სადაც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იტალია ელოდა. საერთოდ, 16 წლის წინანდელი მუნდიალი მეტად სკანდალური გამოდგა და მეტწილად, სწორედ სამხრეთ კორეის გამო, რადგან მასპინძელთა სასარგებლოდ მსაჯები ყველაზე მეტს სცოდავდნენ. ასე იყო 1/8 ფინალში იტალიასთანაც. ეკვადორელი ბაირონ მორენო (მოგვიანებით ნარკოტიკების რელიზაციისთვის დაპატიმრეს) სტუმრებს აშკარად არ სწყალობდა. მიუხედავად ამისა, “სკუადრა აძურა” კრისტიან ვიერი გოლით 88-ე წუთამდე იგებდა. მერე კი, სეოლ კი ჰეონმა გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. იქ უკვე საქმეში მორენო ჩაერთო. ეკვადორელმა ფრანჩესკო ტოტი გააძევა სიმულაციისთვის დამატებით დროში, არადა, პენალტი აშკარა იყო. გარდა ამისა, დამიანო ტომაზის ოქროს გოლიც გააუქმა, მეტად საეჭვო ვითარებაში. საბოლოოდ კი, მსაჯისგან დაჩაგრული და მომენტების გამოუყენებლობით დაჩაგრული იტალია გატყდა: 117-ე წუთზე ან ჰვანმა ოქროს გოლი გაიტანა.

კიდევ უფრო სკანდალური გამოდგა მეოთხედფინალი, რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრის 120 წუთი უგოლოდ დასრულდა და პენალტების სერიაში აზიელებმა (5:3) მოიგეს. ერთადერთი შეცდომა ხოაკინმა დაუშვა. თუმცა, საქმე აქამდე საერთოდ არ მივიდოდა, რომ არა ეგვიპტელი არბიტრი ჯამალ ალ-განდური, რომელმაც პირინელთა გატანილი 4(!) გოლი გააუქმა. აქედან მინიმუმ ორი რატომ, დღემდე არავინ იცის... მოკლედ, სამხრეთ კორეა ნახევარფინალში გავიდა.

თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა. მსაჯებიც მეტად აღარ ჩარეულან საქმეში. ჰიდინკის ბიჭები ჯერ გერმანიასთან დამარცხდნენ (0:1), ხოლო ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი თურქეთთან მარცხით გაუშვა (2:3) ხელიდან.

გზა რუსეთამდე

სამხრეთ კორეას რუსეთში მოსახვედრად ორი ჯგუფური ეტაპის გავლა მოუწია. პირველ ეტაპზე პრობლემები არ ყოფილა. “წითლებმა” მეტად ადვილად იპირველეს ექვსგუნდიან ქვეჯგუფში, რვიდან რვა თამაში მოიგეს და 24 ქლა დააგროვეს. მაგალითისთვის, მეორეადგილოსან ლიბანს მხოლოდ 11 ქულა აღმოაჩნდა შესარჩევის ბოლოს.

მეორე ეტაპზე კი, სამხრეთ კორეელებს უფრო მეტი ოფლის ღვრა დასჭირდათ. ირანთან, სირიასთან, უზებეკეთთან, ჩინეთთან და ყატართან კონკურენციაში 15 ქულა მოიპოვა და მეორე ადგილზე გავიდა, რამაც მუნდიალის საგზური ავტომატურად მოუტანა. ეს ამბავი 2017 წლის 5 სექტემბერს გაოფიციალურდა. ისე კი, მესამ ადგილზე გასულ სირიას კორეელებმა მხოლოდ ორი ქულით აჯობეს, მაშინ, როდესაც ლიდერ ირანთან 7 ქულა წააგეს (10 თამაში, 4 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება).

რუსეთში გასავლელი გზა

18 ივნისი, 2018, ნიჟნი ნოვგოროდი. შვედეთი – სამხრეთ კორეა

აზიელები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩს 18 ივნისს, ნიჟნი ნოვგოროდში, შვედეთთან ჩაატარებენ, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ: 2 ფრე, 1 წაგება. პირველად ამ გუნდთა გზა 1996 წლის 16 მაისს გადაიკვეთა და ევროპელებმა 2:0 იმარჯვეს. მომდევნო ორი დაპირისპირება კი 2005 წლით თარიღდება (22 იანვარი, 12 ნოემბერი) და ორჯერვე ფრე დაფიქსირდა – ჯერ 1:1, შემდეგ – 2:2. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სამივე მატჩი ამხანაგური ხასიათის გახლდათ და შესაბამისად, მათ შორის პირველად შედგება ოფიციალური მატჩი.

23 ივნისი, 2018, როსტოვი. სამხრეთ კორეა – მექსიკა

სამხრეთ კორეა მომდევნო მატჩს მექსიკის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელსაც ყველაზე მეტად იცნობს. 14 მატჩი, 6 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება. პირველი დაპირიპისპიება 1980 წელს შედგა და აზიელებმა 1:0 მოიგეს, ხოლო ბოლო დაპირისპირება ოთხი წლის წინ გაიმართა და მექსიკამ ადვილად იმძლავრა – 4:0. ორივე მატჩი მეგობრულ ხასიათს ატარებდა. საერთოდ, ხსენებული 14 თამაშიდან 11 სწორედ ამხანაგური გახლდათ.

ახლა თქვენს ყურადღებად სამ ოფიციალურ მატჩზე შევაჩერებთ. 2002 წელს, ოქროს თასზე გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. იქამდე, 2001 წელს კონფედერაციათა თასზე აზიელებმა 2:1 მოიგეს, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება 20 წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შედგა, სადაც “აცტეკებმა” იმარჯვეს (3:1).

27 ივნისი, 2018, ყაზანი. სამხრეთ კორეა – გერმანია

ჯგუფური ეტაპი კი მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან მატჩით დასრულდება, რომელსაც აქამდე სამჯერ და აქედან ორჯერ მუნდიალზე შეხვედრია. 1994 წელს, ჯგუფურ ეტაპზე ალემანებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს (3:2). გერმანიამ პირველივე ტაიმში გაიტანა სამი გოლი (კლინსმანის დუბლი და რიდლე), ხოლო მეორე ნახევარში აზიელებმა ორი გოლის გაქვითა შეძლეს (სუნ-ჰონი და მიუნგ-ბო).

მეორე დაპირისპირება 2002 წელს, ნახევარფინალში შედგა. მატჩის ერთადერთი გოლი, რამაც სამხრეთ კორეა ფინალს მიღმა დატოვა, მიხაელ ბალაკმა 75-ე წუთზე შეაგდო. ბოლო დაპირიპისპირება კი, 2004 წლის 19 დეკემბერს შედგა – სპარინგში აზიელებმა მიაღწიეს წარმატებას და მრისხანე მეტოქე 3:1 დაამარცხეს.

კონტიგენტი

სამხრეთ კორეის ნაკრების შემადგენლობა ნამდვილად არ გამოიყურება ისე, რომ ჯგუფიდან გასვლის კანდიდატად ჩავთვლოთ. ძირითადი ბირთვი სამშობლოში თამაშობს, თუმცა არიან ლეგიონერებიც.

ლეგიონერები, ჩინეთისა და იაპონიის ჩემპიონატიდან. აი, ევროპიდან კი სულ რაღაც 6 ფეხბურთელია. “სუონსი”, “კრისტალ პალასი”, “აუგსბურგი”, “ვერონა”, “ტოტენჰემი” და “ზალცბურგი” – სწორედ ამ გუნდებში ჰყავს სამხრეთ კორეელებს წარგზავნილები.

საინტერესო ფიგურაა “სუონსის” ნახევარმცველი კი სუნგ იანგი, რომელიც ნაკრების კაპიტანია და 99 სანაკრებომატჩში 10 გოლიც აქვს გატანილი. გამოცდილია “კრისტალ პალასის” შუახაზელი ლი ჩუნგ იონგი – 79 თამაში, 8 გოლი. კო ჯა ჩოელს (“აუგსბურგი”) 65 შეხვედრაში 19 ბურთი აქვს მითვლილი. ნიჭიერია ლი სენგ ვუ, რომელიც 20 წლისაა და “ჰელას ვერონას” წევრია.

თუმცა, გუნდის უდაო ლიდერი და გამორჩეული ფიგურა “ტოტენჰემ ჰოტსპურის” შემტევი სონ მინ ჰონია, რომელზეც უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ცალსახად სონ მინ ჰონი გახლავთ. 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ლონდონის “ტოტენჰემიდან”. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში 64 მატჩი და 21 გოლია. დებიუტი 2010 წელს, ინდოეთთან შეხვედრაში ჰქონდა.

შესარჩევ ციკლში სონმა დიდი როლი ითამაშა და 12 მატჩში 7 გოლით შეეწია სამშობლოს. მასვე ნათამაშები უკვე აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2014 წელს ბრაზილიაში სონმა ჯგუფური ეტაპის სმაივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში გოლიც გაიტანა. ამის გაკეთება ალჟირთან დაპირისპირებისას მოახერხა.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას – თამაში “სეულის” აკადემიაში დაიწყო, საიდანაც “ჰამბურგის” სკოლას მიაშურა. მთავარ გუნდში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა და საბოლოოდ ჩრდილო გერმანელთა რიგებში სამი წლის განმავლობაში 20 გოლის გატანა მოახერხა. 2013 წელს კი, ლევერკუზენის “ბაიერის” წევრი გახდა. “ფარმაცევეტებში” მან კიდევ უფრო წარმატებით ითამაშა.

2015 წელს კი, “ტოტენჰემმა” შეიძინა. “მამლებში” აზიელს დამკვიდრება არ გასჭირვებია. აწ დასრულებულ სეზონში 53 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

მოკლედ, სონ მინ ჰონი თანაგუნდელთა შორის მართლაც გამორჩეულია და სამხრეთ კორეელთაგან თუ რამეს უნდა ველოდოთ, პირველ რიგში სწორედ მისგან. დანარჩენს უშუალოდ მატჩები გამოაჩენს.

მწვრთნელი

სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შინ ტაე იონია, რომელმაც გუნდი 2017 წლის ივლისში ჩაიბარა და სწორედ მასთან ერთად გაიარა გუნდმა შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ნაწილი.

49 წლის სპეციალისტი დიდი სამწვრთნელო გამოცდილებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. აქამდე მხოლოდ სამშობლოში უმუშავია, ხოლო კარიერის ბოლო ნაწილი ასაკობრივ ნაკრებებში აქვს გატარებული. მოკლედ, მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ფეხბურთელობისას ასევე სამხრეთ კორეაში თამაშობდა და სხვებისგან არაფრით გამორჩეული არ ყოფილა. ეროვნულ ნაკრებში 1992-1997 წლებში 23-ჯერ ითამაშა და 3 გოლის გატანა შეძლო.

სამხრეთ კორეა – ტიტულები

აზიის თასი (2): 1956, 1960

0.114027