ფეხბურთი

11:00 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: სერბული იმედი
სერბეთის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 14 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C და D ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე E ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - ამჯერზე სერბეთის ნაკრების შესახევ ვისაუბრებთ.

მონაწილეობა – 2

სერბეთის ნაკრები, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეორედ ითამაშებს. პირველად ეს 2010 წელს მოხდა და სერბეთმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

ისე კი, როგორც იუგოსლავიას და შემდგომ უკვე სერბეთი&მონტენეგრო მუნდიალზე 11-ჯერ უთამაშია. იუგოსლავიის სახელით ბოლოს 20 წლის წინ, საფრანგეთში, ხოლო სერბეთი და მონტენეგრო ერთიანი გუნდით 2006 წელს გამოვიდნენ და მეტად წარუმატებლად, ჯგუფში სამივე თამაში წააგეს.

საუკეთესო შედეგი – ჯგუფური ეტაპი (2010)

სერბეთის ნაკრები 8 წლის წინ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. მართალია, სერბებმა თვით გერმანიის ნაკრებს (1:0) სძლიეს მეორე ტურში, მაგრამ იქამდე განასთან ჰქონდა წაგებული (0:1) ხოლო ბოლო ტურში გადამწყვეტი მატჩი ავსტრალიასთანაც დათმო (1:2).

აი, თუ იუგოსლავიის ნაკრების შედეგებსაც მივიღებთ მხედველობაში, მაშინ საუკეთესო გამოსვლა, 1962 წლით თარიღდება, როდესაც ჩილეში გამართულ პირველობაზე მეოთხე ადგილი ირგუნეს.

გზა რუსეთამდე

სერბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს მეტოქე იყო. ჯერ კიდევ მაშინ, სლავოლიბ მუსლინის გუნდმა თბილისში 3:1 მოიგო, ხოლო ბელგრადში 1:0 და სწორედ ამ მატჩის შემდგომ გაიფორმა მუნდიალის საგზური. მთლიანობაში, სერბეთმა შესარჩევი ციკლი მართლაც კარგად ჩაატარა და 21 ქულით პირველ ადგილზე გავიდა (10 თამაში, 6 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება). სერბებმა უკან ორი ქულით მოიტოვეს ირლანდიის ნაკრები.

რუსეთში გასავლელი გზა

17 ივნისი, 2018, სამარა. კოსტა რიკა – სერბეთი

სერბეთის ნაკრები მუნდიალის სასტარტო მატჩს 17 ივნისს, სამარაში კოსტა რიკის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელსაც ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება.

22 ივნისი, 2018, კალინგრადი. სერბეთი – შვეიცარია

ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი მლადენ კრსტაიჩის გუნდს 22 ივნისს, კალინგრადში, შვეიცარიასთან ელოდება. ამ გუნდსაც სერბები პირველად შეხვდებიან.

27 ივნისი, 2018, მოსკოვი. სერბეთი – ბრაზილია

ჯგუფური ეტაპი კი, მოსკოვში, 27 ივნისს, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონ ბრაზილიასთან შეხვედრით დასრულდება. “სელესაო” ერთადერთია ქვეჯგუფის მეტოქეებს შორის, რომელსაც სერბეთი უკვე შეხვედრია. ეს ერთხელ მოხდა, 2014 წლის 6 ივნისს, ამხანაგურ მატჩში. მაშინ, სამხრეთამერიკელებმა სან პაულუში ფრედის ერთადერთი გოლით მოიგეს.

კონტიგენტი

სერებთის ნაკრების კონტიგენტი საკმაოდ გამოცდილი და მაღალი დონისაა. ყოველშემთხვევაში, ფურცელზე ნამდვილად ასეა. დაცვაში გამორჩეულნი არიან ალექსანდრ კოლაროვი, ბრანისლავ ივანოვიჩი და მატია ნასტასიჩი.

საინტრესოდ გამოიყურება შუა ხაზიც, რომელსაც ნემანია მატიჩი, დუშან ტადიჩი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ადემ ლიაიჩი ავსებენ.

შეტევაში კი, პირველ ფორვარდად ალექსანდრ მიტროვიჩი მიიჩნევა, რომელიც “ფულჰემის” ღირსებას იცავს.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ნემანია მატიჩი, ადემ ლიაიჩი, ალექსანდრ მიტროვიჩი, ალექსანდრ კოლაროვი – ყველა მათგანი შეიძლებოდა, რომ აქ მოხვედრილიყო, მაგრამ ამჯერზე გუნდის ყველაზე გამოცდილ ფიგურაზე, ბრანისლავ ივანოვიჩზე შევაჩერეთ არჩევანი.

გამოცდილ მცველს დებიუტი ჯერ კიდევ 2005 წლის 8 ივნისს, კანადასთან სპარინგში ჰქონდა (1:1). მას შემდეგ ბრანისლავმა სერბთა ღირსება 102 მატჩში დაიცვა და 12 გოლი გატანა შეძლო. 2010 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო გასულ შესარჩევ ციკლში ასევე 10-ვე მატჩი თავიდან ბოლომდე ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

ძალზე კარგი საკლუბო კარიერა აქვს ივანოვიჩს. სახელი მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშით გაითქვა, საიდანაც 2008 წელს ლონდონის “ჩელსიში” გადაბაგრდა და “არისტოკრატთა” რიგებში დიდებულად ჩაეწერა.

ინგლისში ივანოვიჩმა 9 სეზონი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის სტატუსით გაატარა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და პრემიერლიგა სამჯერ. ამასთან, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი და სუპერთასი. 2017 წელს, ივანოვიჩი რუსეთში დაბრუნდა და სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მაისური მოირგო, რომლის ღირსება აწ დასრულებულ სეზონში 37 მატჩში მოიგო და 3 გოლი გაიტანა.

მწვრთნელი

სერბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე სლავოლიბ მუსლინის თავკაცობით მოხვდა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციასთან კონფლიქტის გამო პოსტის დატოვება მაინც მოუხდა. ის კი, გამოუცდელმა მლადენ კრსტაიჩმა შეცვალა, რომელსაც სამწვრთნელო გამოცდილება აქამდე არ ჰქონია.

აი, ფეხბურთელობისას კი, საკმაოდ სახელოვანი კარიერა ჰქონდა. 1996-2000 წლებში წარმატებით ირჯებოდა ბელგრადის “პარტიზანში”, საიდანაც ბრემენის “ვერდერში” აღმოჩნდა და 2004 წელს “ვერცხლის სინიც” მოიგო. თუმცა, იმავე ზაფხულს გელზენკირხენის “შალკეში” აღმოჩნდა და წლების განმავლობაში ლევან კობიაშვილის მხარდამხარ თამაშობდა. კრსტაიჩი “ველტინს არენაზე” 5 სეზონი დარჩა, ხოლო კარიერის ბოლო ორი წელი “პარტიზანში” გაატარა და 2011 წელს კარიერა დაასრულა.

სერბეთის ნაკრებში (სერბეთი&მონტენეგრო) მლადენმა 1999-2008 წლებში 59-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. კრსტაიჩს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილებაც გააჩნია, როდესაც ნაკრების ღირსებას 2006 წლის მუნდიალზე იცავდა.

სერბეთი – ტიტულები

არ აქვს.

0.117665