ფეხბურთი

10:49 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: მასპინძლის ამბიცია
რუსეთის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 31 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. A ჯგუფის მონაწილეთაგან ურუგვაის ნაკრები უკვე წარვადგინეთ.

ახლა მასპინძლის, რუსეთის ნაკრების შესახებ გიამბობთ. თქვენს წინაშეა – რუსეთის ნაკრები.

მონაწილეობა – 4

რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედ ითამაშებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც რუსები ზედიზედ მეორე მუნდიალზე ითამაშებენ. აქამდე, მონაწილეობას ყოველთვის ჩავარდნა მოსდევდა (1994, 2002, 2014).

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრები არასდროს გასულა ჯგუფიდან. აშშ-ში 1994 წელს რუსებმა ერთი თამაში მოიგეს (კამერუნთან 6:1, ოლეგ სალენკომ 5 გოლი გაიტანა), მაგრამ ორჯერ დამარცხდნენ (ბრაზილიასთან 0:2 და შვედეთთან 1:3) და მესამე ადგილს დასჯერდნენ. იგივე მოხდა რვა წლის თავზე კორეა-იაპონიაში, სადაც ტუნისთან კინკილა გამარჯვება არაფრისთვის აღმოჩნდა საკმარისი. აი, ოთხი წლის წინ კი რუსებს ერთი მოგებაც სანატრელი ჰქონდათ და ტურნირი 2 ქულით დაასრულეს (სამხრეთ კორეასთან და ალჟირთან ფრეები).

საუკეთესო შედეგი – ჯგუფური ეტაპი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ნაკრებისთვის პლეი-ოფი ჯერ კიდევ მიუღწეველია. აქამდე გამართულ სამივე მუნდიალზე მაქსიმუმი ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული მესამე ადგილი. საგულისხმოა, რომ რუსებმა სამივე მსოფლიოს ჩემპიონატი სწორედ მესამე პოზიციაზე დაასრულეს (ჯგუფში).

გზა რუსეთამდე

რუსეთის ნაკრები ერთადერთია მონაწილე 32 ნაკრებს შორის, რომელსაც ეს გზა გახსნილი ჰქონდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდა. სხვა მხრივ, ამ პერიოდში რუსები ამხანაგურ მატჩებს ატარებდნენ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ციდან ვარსკვლავები მოწყვიტეს. ბოლო ოთხი სპარინგი საერთოდაც მსოფლიო ფეხბურთის ბობოლებთან ჩაატარეს. არგენტინასთან 0:1, ესპანეთთან 3:3, ბრაზილიასთან 0:3 და საფრანგეთთან 1:3.

მუნდიალზე გასავლელი გზა

14 ივნისი, 2018, მოსკოვი. რუსეთი – საუდის არაბეთი

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთის ნაკრების მატჩით გაიხსნება. ეს 14 ივნისს, მოსკოვში მოხდება და მეტოქე საუდის არაბეთის ნაკრები იქნება. ეს გუნდები აქამდე ერთხელ შეხვდრილან ერთმანეთს. 1993 წლის 6 ოქტომბერს, აზიელებმა სპარინგში იმარჯვეს – 4:2 (გოლები: 0:1 მოსტოვოი, 1:1 ალ0მუვალიდი, 2:1 გალიამინი ა.გ, 3:1 იდრის ფალატა, 3:2 მოსტოვოი, 4:2 ალ-მეჰალელი).

19 ივნისი, 2018, სანქტ-პეტერბურგი. რუსეთი – ეგვიპტე

რუსები მეორე მატჩს 19 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში ეგვიპტესთან ჩაატაარებენ. ეს ამ გუნდთა პირველი დაპირისპირება იქნება.

25 ივნისი, 2018, სამარა. ურუგვაი – რუსეთი

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა უკვე ურუგვაისთან შედგება სამარაში, რომელთანაც აქამდე ერთხელ უთამაშია. 2012 წლის 25 მაისს, მოსკოვურ სპარინგში გუნდებმა გოლები გაცვალეს (სუარესი – კერჟაკოვი).

კონტიგენტი

რუსეთის ნაკრების ძირითადი ბირთვი მთლიანად ადგილობრივ პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკოპლექტებული. თუმცა, არის რამდენიმე ლეგიონერიც. მაგალითად მეკარე გაბულოვი “ბრიუგედან”, მცველი ნოიშტადტერი “ფენერბახჩედან”, დენის ჩერიშოვი “ვილიარეალიდან”. სტანისლავ ჩერჩესოვმა გაფართოებული შემადგენლობა სხვათა შორის უკვე დაასახელა, რომელიც 28 ფეხბურთელისგან შედგება, მაგრამ ასევე დაასახელა 7 ფეხბურთელის ვინაობა, რომელთაც ჯერ კიდევ მოიაზრებს გუნდის სავარაუდო ნაწილად.

საინტერესოა, რომ რუსეთს ორი მნიშვნელოვანი ფიგურა დააკლდება დამდეგ მუნდიალზე, გიორგი ჯიქია და ალექსანდრ კოკორინი სამშობლოში ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ.

სხვა მხრივ, ყველაზე გამოცდილია იგორ კაინფეევი, რომელიც უკვე ასიანთა კლუბშია და ნაკრების კარს ათეული წელია იცავს. იგივე ითქმის იური ჟირკოვზე. ეს ორივე ფეხბურთელი რუსეთის ნაკრების მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ათი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუსთათვის ყველაზე კარგად მოსაგონარია, რადგან მაშინ ნახევარფინალს უწიეს. არ უნდა დავივიწყოთ ალან ძაგოევი, რომელიც იყო დრო რუსების მთავარ იმედად მიიჩნეოდა, მაგრამ მერე ძალიან მოუკლო. თუმცა, რუსეთის ნაკრებისთვის დრესაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. საინტერესო ფიგურები არიან ტყუპი ძმები მოსკოვის “ლოკომოტივიდან” – ანტონ და ალექსეი მირანჩუკები. ორივე ახლახან რუსეთი ჩემპიონები გახლდნენ და ამ წარმატებაში საკმაოდ დიდი წვლილიც შეიტანეს.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის ნაკრებში ვარსკვლავთცვენაა. მეტიც, ასეთი ფიგურა ნამდვილად არაა ჩერჩესოვის გუნდში. თუმცა, მთავარი იმედები მაინც ფიოდორ სმოლოვია. “კრასნოდარის” 28 წლის ფეხბუთელი, რომელსაც სხვათა შორის ევროპულ კლუბებს უკავშირებენ. სმოლოვმა აწ დასრულებულ სეზონში 22-ჯერ ითამაშა და 14 გოლი გაიტანა.

აი, რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, დებიუტი 2012 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 30 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში. 12 გოლით კი, გუნდში დღეს მყოფ ფეხბურთელეთაგან საუკეთესო შედეგი აქვს. სმოლოვს როტერდამის “ფეიენოორდშიც” უთამაშია, მაგრამ ჰოლანდიაში თავი ვერ დაიმკვიდრა და სამშობლოში მალევე დაბრუნდა. კარიერაში საუკეთესო სეზონი იყო ორი წლის ჰქონდა, როდესაც “კრასნოდარის” მაისურით პრემიერლიგაში 20 გოლის გატანა მოახერხა. ურიგოდ არ უთამაშია 2016-2017 წლების სეზონშიც, როდესაც ჩემპიონატში გატანილ 18 გოლს, ევროპა ლიგაზე გატანილი 6 გოლიც დაუმატა.

მწვრთნელი

სტანისლავ ჩერჩესოვმა რუსეთის ნაკრები 2016 წლის აგვისტოში ლეონიდ სლუცკისგან გადაიბარა, რომლის თავკაცობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატი პირწმინდად ჩააგდო. მისი თავკაცობით რუსეთმა დღემდე 18 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 5-ჯერ მოიპოვა გამარჯვება (27.78%), 5 ფრე, 8 წაგება, 25:28 ბურთების ბალანსი.

ჩერჩესოვი განსაკუთრებული სამწვრთნელო კარიერით ვერ დაიკვეხნის. ეს გზა მან 2004 წელს ავსტრიაში დაიწყო, ხოლო სამშობლოს 2007 წელს დაუბრუნდა, როდესაც მოსკოვის “სპარტაკის” გაძღოლა ანდეს. ყველაზე დიდ წარმატებას კი სამწვრთნელო კარიერაში პოლონეთში უწია. 2015-2016 წლებში ის ვარშავის “ლეგიას” წვრთნიდა და გუნდს დუბლი შეასრულებინა – პოლონეთის ჩემპიონი, პოლონეთის თასი. სწორედ ეს ორი ტიტული აქვს მოგებული აქამდე 54 წლის სპეციალისტს.

აი, ფეხბურთელობისას კი ჩერჩესოვი ასევე იცავდა ნაკრების ღირსებას და 1992-2000 წლებში მოედანზე 39-ჯერ გავიდა.

რუსეთი – ტიტულები

რუსეთის ნაკრებს ტიტული ჯერჯერობით არ მოუგია.

0.116315