სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:05 | 13.05.2018 | ნანახია 3319 - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: პირველი ჩემპიონი და შოკირებული "მარაკანა"
ურუგვაის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 32 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. დღეიდან WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. გადავწყვიტეთ, რომ მივყვეთ თანმიმდევრობით, ჯგუფების მიხედვით. A ჯგუფის მონაწილეთაგან კი, პირველი არჩევანი, პირველ მსოფლიოს ჩემპიონზე შეჩერდა. თქვენს წინაშეა – ურუგვაის ნაკრები.

მონაწილეობა – 13

ურუგვაის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცამეტედ ითამაშებს და მათ შორის ზედიზედ მესამედ. “სელესტეს” ასეთი კარგი სერია (მონაწილეობის მხრივ) 1974 წლის შემდეგ არ ჰქონია.

საუკეთესო შედეგი – მსოფლიოს ჩემპიონი (1930, 1950)

ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი გათამაშება მოიგო. ეს შორეულ, 1930 წელს მოხდა, რომელსაც სხვათა შორის თავად უმასპინძლა. უფრო ფასეული გამოდგა მეორე ჩემპიონობა. ზუსტად 20 წლის თავზე, ურუგვაელებმა ბრაზილიის მეტად პატივმოყვარე ნაკრები მისსავე მოედანზე, ლეგენდარულ “მარაკანაზე” წააქციეს და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გამარჯვება გამოაცხვეს.

აქედან მოყოლებული ურუგვაის ნაკრები მუნდიალზე არცთუ წარმატებულად თამაშობდა. საუკეთესო მიღწევა მეოთხე ადგილი აღმოჩნდა, რომელსაც “სელესტემ” სამჯერ უწია – 1954 წელს შვეიცარიაში, 1970 წელს მექსიკაში და რვა წლის წინ სამხრეთ აფრიკაში. წინა გათამაშება კი მისთვის მერვედფინალში თანაკონტინენტელ კოლუმბიასთან უშანსო მარცხით დასრულდა (0:2).

გზა რუსეთამდე

ურუგვაის ნაკრებმა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ზღაპარივით დასრულდა. ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდმა შესარჩევი ციკლი 31 ქულითა და მეორე პოზიციით დაასრულა. მასზე წინ მხოლოდ ბრაზილიის ნაკრები აღმოჩნდა.

თამაში – 18. მოგება – 9. ფრე – 4. წაგება – 5. ბურთების ბალანსი – 32:20 (+12). ქულა – 31.

მუნდიალზე გასავლელი გზა

15 ივნისი, 2018, ეკატერინბურგი. ეგვიპტე – ურუგვაი

ურუგვაის ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ეკატერინბურგში მოჰამედ სალაჰის ეგვიპტესთან ჩაატარებს, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია. 2006 წლის 16 აგვისტოს, ამხანაგური შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0. მაშინ, აბდელაზერ ელ საკამ ავტოგოლი მიითვალა, ხოლო იქამდე დიეგო გოდინმა გახსნა ანაგრიში, რომელიც დღესაც იცავს ურუგვაელთა ღირსებას.

20 ივნისი, 2018, როსტოვი. ურუგვაი – საუდის არაბეთი

ურუგვაის ნაკრები უარყოფითი ბალანსითი “იწონებს” თავს საუდის არაბეთის ნაკრებთან, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვედრია. 2002 წლის 27 მარტს სპარინგი აზიელებმა 3:2 მოიგეს. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში დიეგო ფორლანმა გახსნა, მაგრამ შემდეგ საუდის არაბეთმა 9 წუთიან იტერვალში (მეცხრედან მე-18-მდე) სამი გოლი შეაგდო (ობეიდ ალ დოსარი, იბრაჰიმ ალ შაჰრანი, ობეიდ ალ დოსარი). საბოლოო შედეგი ფაბიან ონილმა დააფიქსირა 58-ე წუთზე.

მეორე სპარინგი 2014 წლის 10 ოქტომბრით თარიღდება და ამჯერად გუნდებმა გოლები გაცვალეს. მესამე შეხვედრა უკვე ოფიციალური სახის იქნება, რომელიც 20 ინვისს, როსტოვში ჩატარდება.

25 ივნისი, 2018, სამარა. რუსეთი – ურუგვაი

ტაბარესის გუნდი ჯგუფურ ეტაპს მასპინძელ რუსეთთან მატჩით დაასრულებს. 25 ივნისს, ეს გუნდები ერთმანეთის წინაშე სამარაში წარსდგებიან. აქამდე რუსეთი და ურუგვაი ერთხელ შეხვედრილან ერთმანეთს. 2012 წლის 25 მაისს, მოსკოვში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ლუის სუარესმა 48-ე წუთზე გაიტანა, ერთ წუთში ალექსანდრ კერჟაკოვმა გაათანაბრა.

კონტიგენტი

ურუგვაის ნაკრები საკმაოდ გამოცდილი ნაკრებია, რომლის ბირთვი უკვე წლებია გუნდის ძირითად შემადგენლობაში უცვლელად თამაშობენ. მაგალითითვის “სელსტეს” რიგებში დღეს 4 ფეხბურთელია ისეთი, რომლებიც უკვე ასიანთა კლუბში არიან – მაქსი პერეირა, დიეგო გოდინი, კრისტიან როდრიგესი და ედინსონ კავანი. აქამდე არაფერი აშორებთ ფერნანდო მუსლერასა და ლუის სუარესსაც.

არიან ახალი სახეებიც. მაგალითად, როდრიგო ბენტანკური, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” რიგებში მეთოდურად მკვიდრდება და საკმაოდ საინტერესო საყრდენიცაა. იგივე ითქმის, ლუკას ტორეირაზე, რომელიც ასევე საყრდენი ნახევარმცველია და გენუის “სამპდორიაში” ჩინებული სეზონიც ჩაატარა. აფეთქება მოსალოდნელია ჯორჯიან დე არასკაეტასგანაც. და მაინც, ურუგვაის ნაკრების მთავარი იმედები “ძველ ბიჭებს” უკავშირდება – ედინსონ კავანი, დიეგო გოდინი, ლუის სუარესი და ძმანი მათნი, ძველებურად გადასარევ ფორმაში არიან.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ურუგვაის ნაკრები ვარსკვლავებით დახუნძლული ნამდვილად არაა, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა ნამდვილად შეიძლება. თუნდაც დიეგო გოდინი, რომელიც უკვე წლებია მსოფლიოს მოწინავეებშია თავის პოზიციაზე. ან, თუნდაც ედინსონ კავანი ვისზე ნაკლები ფორვარდია?!

მაგრამ, “სელესტეს” მთავარი ვარსკვლავი მაინც ლუის სუარესია. კატალონიის “ბარსელონას” მუდამ კარზე დაგეშილი ფორვარდი. ლუისს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჰქონდა და იქედან მოყოლებული 97 მატჩში 50 გოლი გაიტანა. სუარესი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ურუგვაელი ფეხბურთელია, რომელსაც ნაკრებში 50 გოლი აქვს გატანილი. 31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ორი მუნდიალია. 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში მოედანზე 6-ჯერ გავიდა და მეტოქეები სამჯერ დაამწუხრა. თუმცა, ამავე ჩემპიონატზე უფრო მეტად თავი სხვა რამით დაგვამახსოვრა. მეოთხედფინალში, განასთან 120-ე წუთზე, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო, ცარიელი კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა და გუნდი მარცხისგან იხსნა. ბუნებრივია, პენალტი დაინიშნა და სუარესი გააძევეს, მაგრამ ღირდა. ასამოა გიანმა თერთმეტმეტრიანი ხარიხას დაუმიზნა და აფრიკელებს ნახევარფინალში გასასვლელად მაინც მოუწიათ პენალტების სერიაში წვალება. იქ კი, სამხრეთამერიკელებმა იმძლავრეს და სუარესს “მეკარეობა” ასე დაუფასდა.

ოთხი წლის უკან, ბრაზილიაში კი, ლუისი ოდენ ორჯერ გამოჩნდა მოედანზე ორი გოლი გაიტანა. ორივე ინგლისთან და მისმა გუნდმა მოიგო – 2:1. აი, მესამე ტურში სუარესი ისევ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. გადამწყვეტ შეხვედრაში, იტალიასთან ურუგვაის ოდენ სამი ქულა აძლევდა ხელს და დიეგო გოდინის 81-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო კიდეც. თუმცა, სუარესმა ჯორჯო კიელინის უკბინა და მართალია, მსაჯისგან სანქციას გადაურჩა, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტისგან – ვერ. მოკლედ, ახლა სუარესს სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე. ვნახოთ, როგორ წარუძღვება 31 წლის ფორვარდი თავის ნაკრებს, რომელსაც შესარჩევ ციკლში 13 მატჩითა და 5 გოლით შეეწია.

მწვრთნელი

ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი ურუგვაის ნაკრების ალექს ფერგიუსონი, გნებავთ, არსენ ვენგერია. 71 წლის სპეციალისტს ურუგვაის ნაკრები მას შემდეგ ჩააბარეს, რაც “სელესტე” 2006 წლის მუნდიალის პლეი-ოფში ავსტრალიასთან დამაცხდა. იქედან მოყოლებული ურუგვაის თამაშმა სტაბილური სახე მიიღო. ტაბარესთან ერთად გუნდმა მესამე უწია მსოფლიოს ჩემპიონატს და ერთხელ ნახევარფინალამდეც მიაღწია. 2011 წელს კი, ნაკრებს კოპა ამერიკა ისტორიაში მე-15-ედ და 16-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.

სხვა მხრივ, ტაბარესს არაერთ გუნდში უმუშავია და ძირითადად სამშობლოში. თუმცა იყო ევროპული კლუბებიც. მაგალითად, იტალიური “კალიარი” და “მილანი”, ესპანური “ოვიედო”, მაგრამ ეს ყოველივე გასული საუკუნის მიწურულს.

ურუგვაი – ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონი (2): 1930, 1950

კოპა ამერიკის ჩემპიონი (15): 1916, 1917, 1920, 1923, 1924, 1926, 1935, 1942, 1956, 1959, 1967, 1983, 1987, 1995, 2011

ოლიმპიური ჩემპიონი (2): 1924, 1928

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:12 | 13.05.2018
dubligi23 (542)

ურუგვაი გავა აუცილებლად..აი რუსეთი კი ძალიან უაზრო ფეხბურთს თამაშობს და პუტინი მოედანზე ხომ არ ჩავა თითონ ))))

01:12 | 14.05.2018
BEERTRANCE (97373)

გადარეკავენ და მსაჯები რა პრობლემაა.

16:05 | 13.05.2018
lashamax (774)

კარგი გუნდია. იტყვის თავის სიტყვას

15:59 | 13.05.2018
rigeli (1021)

ურუგვაი გავა, მეორე ვინ იქნება არ ვიცი

15:11 | 13.05.2018
geo_shark (141)

1970შიც 4 ადგილი

12:51 | 13.05.2018
# KoRBeN DaLLaS # (12283)

ჯგუფიდან ეგვიპტე და მასპინძელი რუსები გავლენ ჩემი აზრით. წინა მსოფლიოზე ისეთ რთულ ჯგუფში მოხვდა, რომ წესით უნდა ჩარჩენილიყვნენ. თუმცა იქ საოცრებები დატრიალდა...
ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდება.

13:22 | 13.05.2018
linkin-park (3179)

ეგვიპტე რატო? რადგან სალაჰი ყავთ? ნუ მაცინებ რა. ურუგვაი და რუსეთი შესაბამისად 1 და მეორე ადგილით.

17:37 | 17.05.2018
kobaSP (4400)

მეც არა მგონია ეგვიპტეს გამოუვიდეს რამე... ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ეგვიპტის მაქსიმუმი 3 ქულა მგონია ჯგუფში...

12:37 | 13.05.2018
ani-federer 20 (4915)

ჯგუფიდან გავლენ მინიმუმ

12:37 | 13.05.2018
ani-federer 20 (4915)

კაი ნაკრებია

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.051068