„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ფიორენტინასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი თითქმის ჩემპიონია, მაგრამ ზრდის პოტენციალი კიდევ აქვს, რადგან ახალგაზრდაა. კალცონას ასევე ჰკითხეს აზრი, რას ფიქრობს აურელიო დე ლაურენტისის მიერ კვარაზე გაკეთებულ კომენტარზე, რომელმაც ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება გაიყიდოს გამონაკლისის გარეშე:
„კვარა ჩემი აღმოჩენილი არ არის, ის კარგი ფეხბურთელია. გასაგებია, რომ ახალგაზრდა ბიჭია და ხანდახან არ გამოსდის კარგად თამაში, მაგრამ არსებობენ საშუალოზე მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებიც უნდა გაიზარდონ.
კვარა 23 წლის ბიჭია, რომელმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ დონეზე დაცვითი ფაზის უნარებიც საჭიროა. ჩემი აზრით, მას განვითარების პოტენციალი აქვს და თითქმის ჩემპიონია. დე ლაურენტისის მიერ კვარაზე ნათქვამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს მათი საქმე და პრობლემაა“, - აღნიშნა კალცონამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, შვიდჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. კონკრეტულად სერია A-ში კი - 33 მატჩი, 11 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.
„ნაპოლი“ 37 ტურის შემდეგ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო სეზონის ბოლო მატჩს 26 მაისს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.