„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ისაუბრა. მან ჟურნალისტებს შეუტია და აღნიშნა, რომ მათ აგენტები იყენებენ თავიანთი სარგებლისთვის.
„სულელური შეკითხვაა და ასევე გიპასუხებ: დრო გვიჩვენებს, იქნებიან თუ არა პრესეზონის ბანერზე კვარაცხელია და ოსიმენი. თუ არ იქნებიან, ამას მიზეზი ექნება.
ყველა ფეხბურთელი შეიძლება გაიყიდოს, გააჩნია, ვის სურს მათი ყიდვა. კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, ძალიან მშვიდად ვარ, მაგრამ თქვენ აგენტების სტიმულს აძლევთ, რომლებიც ყურში გკარნახობენ სტატიებს საკუთარი სარგებლისთვის, რათა კონტრაქტები არ გაახანგრძლივონ. თქვენ მათ ინტრიგებს აჰყევით.
როცა კვარა ვიყიდეთ, ყველა ამბობდა: „ეს ვინ არის?“ თუმცა, ჯერ ერთი გოლი გაიტანა, შემდეგ მეორე და... იგივე მოხდა კავანის შემთხვევაში, რადგან კუალიარელა „იუვენტუსში“ გავუშვი და მაშინ ჩემი მოკვლა უნდოდათ. საბედნიეროდ, იმავე დღეს კავანიმ ორი გოლი გაიტანა, კუალიარელა ყველას დაავიწყდა და ყველას კერპი კავანი გახდა.
არ მინდა, თქვენ „ნაპოლისთვის“ იმუშაოთ, არ ხართ ჩემი თანამშრომლები, მაგრამ თუ გააგრძელებთ ჭორების გავრცელებას, გულშემატკივარსაც ზიანს მიაყენებთ. ვინც, კვარა შეამჩნია, ის უნდა დავაფასოთ და დავაჯილდოოთ, მაგრამ მხარეებს შორის კონტრაქტი დაცული უნდა იყოს. თუმცა, თქვენ ყოველთვის საუბრობთ 3-4-5 მილიონზე, 6-7 მილიონზეც კი. ეს არ არის სიმართლე, ტონა სისულელეს ამბობთ. მიუხედავად ამისა, პატივს ვცემ თქვენს საქმეს და მადლიერი ვიქნები, თუ ჩვენს შორის თანამშრომლობა შედგება. ჩემგან სიახლეებს ელოდებით, მაგრამ არ მოგცემთ, რადგან ამბებს შემდეგ არასწორად აშუქებთ, ყოველთვის იმას წერთ, რაც გინდათ და მე რაღატომ უნდა ვილაპარაკო?“, - თქვა დე ლაურენტისმა.