MLS-ის რეგულარული სეზონის განვლილ ტურში “ორლანდო სიტისა” და “ნიუ-იორკ რედ ბულის” დაპირისპირებისას ბრაზილიელმა შემტევმა რიკარდო კაკამ მის ყოფილ თანაგუნდელთან, ამჟამად “რედ ბულის” ფეხბურთელ ორელინ კოლინთან გახუმრების გამო წითელი ბარათი მიიღო (VIDEO).
მას შემდეგ, რაც ამ საკითხის განხილვამ გლობალური ყურადღება მიიპყრო გულშემატკივრისა თუ მედიისგან, კლუბმა საფეხბურთო ლიგის რეკომენდაცია გაითვალისწინა და გადაწყვიტა, მსაჯის განაჩენი არ გაასაჩივროს, რათა თავიდან აიცილონ არასასურველი შედეგები, რაც აპელაციას შეიძლება მოჰყვეს.
ამასთან, “ორლანდო სიტის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ კაკა ერთ-ერთი სამაგალითო მოთამაშეა მსოფლიოში და ის ამ ეპიზოდში გაძევებას არ იმსახურებდა.
აღსანიშნავია, რომ 35 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის საკლუბო კარიერა მხოლოდ ორ წითელ ბარათს ითვლის.
რიკარდო კაკა დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მოედანს 27 აგვისტოს დაუბრუნდება “ვანკუვერ უაიტკეპსთან" მატჩში.