კალათბურთი

15:17 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვინსენ კოლე: “საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევს”

ქართველი კალათბურთელები ხვალ დაბრუნდებიან, ისრაელამდე კი, 12-კაციან შემადგენლობასაც გავიგებთ


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ანტიბის ტურნირი მოილია და საფრანგეთიდან სამშობლოში 19 აგვისტოს გამთენიისას დაბრუნდება. იგორ კოკოშკოვის შეგირდები თბილისში ოთხდღიან შეკრებას გაივლიან და ნაკრების თავკაცი იმ 12-კაციან შემადგენლობასაც დაასახელებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ციკლზე გადავა.

ქართველი კალათბურთელები მორიგი საკონტროლო მატჩების ჩასატარებლად ისრაელისკენ გაემგზავრებიან, სადაც მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან სპარინგები 26 და 28 აგვისტოს ეილატსა და ჰაიფაში ელით. 1 სექტემბერს ჩვენი გუნდი კაუნასში მასპინძელ ლიტვას ეთამაშება, 2-ში კი ბალტიისპირეთიდან გეზს ევრობასკეტის მასპინძელ სლოვენიისკენ აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ანტიბის ტურნირზე საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგად გაისარჯა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები სერბეთი 75:71 დაამარცხა, შეჯიბრის ფავორიტ საფრანგეთთან კი 71:86 წააგო, თუმცა, ეს მთელი რიგი პირობების გამო, საგანგაშო ნამდვილად არ ყოფილა.

ანტიბის ტურნირის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავით უსტიაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“სერბეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება ვიზეიმეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური შეხვედრა გახლდათ, ეს ჩვენი გუნდისთვის და მთლიანად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო. რაც შეეხება ფრანგებთან თამაშს, მათ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ და ჩვენთვის მეტად სარგებლიანი მატჩი გახლდათ, რადგანაც დაცვაში ბევრი ნიუანსები გამოჩნდა”.

გასულ შეჯიბრს გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილიც, რომელიც სერბეთთან და საფრანგეთთან მატჩებს მცირე ტრავმით შეხვდა.

“სერბეთთან კარგად გავისარჯეთ, ფრანგებმა კი უკეთ მოამზადეს ჩვენს წინააღმდეგ თამაში და დაცვაში დიდი პრობლემები გვქონდა. იმედია, ეს წაგება ჭკუის სასწავლებელი იქნება და სლოვენიისთვის ერთ-ერთ კარგი მოსამზადებელი ეტაპად იქცევა”.

და აქვე ფრანგთა თავკაც ვინსენ კოლეს კომენტარიც: “დღეს გავიმარჯვეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრები სერბეთთან მძიმე მატჩის შემდეგ დაღლილი იყო. არავის არ შესწევს ძალა 2 დღე ზედიზედ ერთ დონეზე ითამაშოს და მატჩის მე-2 მეოთხედში სწორედ ეს ფაქტორი გამოვიყენეთ. თუმცა, საქართველო ძალიან კარგი გუნდია და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ 2 წამყვანი მოთამაშე – ბატუმი და აჟინკა გვაკლდა, ბიჭების თამაშით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ. სათადარიგო კალათბურთელები კარგად გაისარჯნენ. შემდეგი მატჩი მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან გველის და ეს შეხვედრა ევრობასკეტისთვის კარგად მოსამზადებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

0.142626