ფეხბურთი

22:50 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესლიგელ კლუბებს სეზონზე 450 000 ლარი გადაეცემათ

როგორც უკვე ვწერდით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ უმაღლესი ლიგა 16-გუნდიანი იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე თავიდან 14-გუნდიანობის საკითხი იხილებოდა, შემდეგ 16 და 18-იც ითქვა. კიდევ კარგი, 24-მდე არ ავიდნენ, როგორც ინგლისის ჩემპიონშიპშია. სტადიონები ასარჩევად გვაქვს და კვალიფიცირებული ფეხბურთელები (ან მწვრთნელები), უმაღლეს ლიგას რომ დააკმაყოფილებენ, რამდენიც გინდათ.  

მეორე მხრივ, 14-გუნდიანი როგორ წარმოედგინათ? 4 გუნდი გადმოვიდოდა პირველი ლიგიდან, ხოლო 2 გავარდებოდა. გარკვეულწილად ესეც ეწინააღმდეგებოდა სპორტულ პრინციპსა და დებულებას, რადგან პირველი ლიგიდან 4 გუნდის ამოსვლა არ იყო გათვალისწინებული.

პარასკევს საბოლოოდ გამოცხადდება გუნდების რაოდენობა, თუმცა სხდომიდან გამოსული პიროვნებები ერთხმად ამბობდნენ, მორჩა, 16-გუნდიანობა გადაწყდაო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის თქმით, ამ ეტაპზე მოძიებული თანხა ზამთრამდე ეყოფათ კლუბებს, ხოლო მეორე ეტაპისთვის საჭირო თანხა შემდეგ დარიგდება. ყიფიანმა აღნიშნა, რომ ეს გარდამავალი პერიოდია და ამ პერიოდის შემდეგ უკეთ იმოქმედებენ ფეხბურთის განვითარების პროგრამით, რომელიც სამინისტროს აქვს შემუშავებული.

როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, სეზონზე ერთი უმაღლესლიგელი კლუბისთვის 450 000 ლარია გამოყოფილი. 250 000 ახალ წლამდე, 200 000 კი მეორე ეტაპზე. ანუ, თვეში 50 000 ლარი. ესაა გათვალისწინებული აგვისტოდან.

პირველი ლიგის გუნდებზე გამოყოფილი თანხა 200 000 ლარია ანალოგიური პრინციპით.

გაზრდის 16-გუნდიანობა მასობრიობას? ვერა, რადგან ხარისხი არასოდეს გამოიხატებოდა რაოდენობაში. არც სპორტული პრინციპებია დაცული.  

0.115744