ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე (27.04.90, 210 სმ) და უკანახაზელი ბუბა კვიმსაძე (29.11.82, 195 სმ) სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბ „არმიას“ ვერც ამჟერად, მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის პირველ ტურში, რუსთავში ადგილობრივი „რუსთავის“ წინააღმდეგ დაეხმარებიან.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „არმიას“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ შარაბიძეს კოჭი აქვს ამობრუნებული, ხოლო კვიმსაძეს კუნთი აქვს გაწყვეტილი. აღნიშნული ტრავმები ამ კალათბურთელებმა ლატვიაში შეკრების დროს მიიღეს და ჯერაც არ მოუშუშებიათ.
კვიმსაძეს და შარაბიძეს არც საქართველოს თასის მე-12 გათამაშების მეოთხედფინალში უთამაშიათ, სადაც მათი მეტოქე ასევე „რუსთავი“ იყო. მეოთხედფინალური სერია „არმიამ“ ბურთების უკეთესი შეფარდებით მოიგო და ნახევარფინალში „ქუთაისი-2010“ დაუპირისპირდება.
მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ „არმია“ 9 გუნდს შორის მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო „რუსთავს“ მეშვიდე ადგილი უკავია.