ფეხბურთი

20:31 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-მ PRO ლიცენზიის გაცემის უფლება მიიღო

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სამწვრთნელო  PRO ლიცენზიის გაცემის უფლება დართო. აქამდე, ადგილობრივი ფედერაცია მხოლოდ A, B და C  ლიცენზიებს გასცემდა, ხოლო PRO ლიცენზიის მისაღებად ქართველი მწვრთნელების საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ლიცენზირების კურსებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმწვრთნელი გაიოზ დარსაძე ხელმძღვანელობს.

სფფ-ის მწვრთნელთა ლიცენზირების განყოფილებაში განცხადების მიიღება 6 თებრვლიდან დაიწყო და 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

ფედერაციის პრესამსახურის ინფორმაციით განცხადების შეტანის მსურველებმა შემდეგი საბუთები უნდა წარმოადგინონ:

1)   CV - ყველა საკონტაქტო დეტალით (ტელეფონი, e-mail, მისამართი)

2)   უეფა-ს A ლიცენზიის ასლი

3)   უმაღლეს საფეხბურთო დონეზე სამწვრთნელო გამოცდილების მიღების დამადასტურებელი საბუთი უეფა-ს A ლიცენზიის მიღების შემდეგ მინიმუმ ერთი წლის ვადით.

4)   ეროვნული პასპორტის მთავარი გვერდის ქსეროასლი

5)   პირადობის მოწმობის ქსეროასლი

6)   4 ბიომეტრიული ფოტოსურათი

7)   ჯანმრთელობის ცნობა

ასევე, საჭიროა ყველა ჩამოთვლილი საბუთის ელექტრონული ვერსია. რაც შეეხება განაცხადის ფორმას, კანდიდატს მისი შევსება შეუძლია სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში.

აუცილებელ მოთხოვნებს შორის, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ის, რომ კანდიდატს ესმოდეს ქართული ენა და ამავე დროს, აკმაყოფილებდეს რუსული ან ინგლისური ენის ცოდნის მინიმალურ დონეს.

საბოლოოდ, შეირჩევა 15 კანდიდატი. შერჩევისას კი, უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც სფფ-ისა და უეფა-ს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან უფრო ახლოს იქნებიან.

განაცხადების სიმრავლის შემთხვევაში, მიმღები კომისია, სწორედ, ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე დაადგენს კანდიდატების ვინაობას.

PRO ლიცენზიის კურსი დაიწყება 27 თებერვლიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ და 2015 წლის გაზაფხულის ჩათვლით, სულ 11 ეტაპად გაიმართება.

კურსის განმავლობაში, კანდიდატები “ბასაზე” იცხოვრებენ. თეორიულის გარდა, იქვე გაიმართება პრაქტიკული მეცადინეობებიც. კურსის ჩასატარებლად, თბილისში ჩამოვლენ უეფა-ს უცხოელი ინსტრუქტორები ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან. იგეგმება უეფა-ს მაღალჩინოსნების ვიზიტიც.

კურსის მიმდინარეობისას, იგეგმება კანდიდატების სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში და 5-კაციანი ჯგუფების ვიზიტები ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში გამოცდილებისა და პრაქტიკის მიღების მიზნით.

კურსის დაწყებისა და მისი მიმდინარეობის შესახებ, დაწვრილებით ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მწვრთნელთა განათლების განყოფილების მენეჯერს ვაკო დარსაძეს. ტელ: 599 360087

სფფ-ის პრესსამსახური 

0.116095