ბლოგი

18:38 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

საოცნებო დერბი

თბილისური დერბის გარდა, ჯერჯერობით საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ისტორიის მანძილზე, სხვა რომელიმე ქართული ქალაქის დერბი არასოდეს გამართულა. ეს უმაღლეს ლიგაში, თორემ, ქვედა ლიგებში კი იქნებოდა ბათუმური ან ქუთაისური პატარა ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდების თამაშები. არადა, რამდენიმე წლის წინ, ზუგდიდური კლუბები: ”ბაია” და “მგლები” რომ არ გაეერთიანებინათ, ჩვენ არც მეტი, არც ნაკლები, ზუგდიდური დერბის მომსწრენი გავხდებოიდით და მრავალი წარმოსახვითი ოცნებების აგებაც კი შეიძლებოდა ამ დერბიზე, საქართველო ცოტათი მაინც ეკონომიკურად წელში გამართული და სხვადასხვა ქალაქებში დიდი საგულშემატმივრო ტრადიციებით დატვირთული ქვეყანა რომ იყოს.

არაფერი აჯობებდა იმის ნახვას, ზუგდიდური დერბის დღეს რომ გაიყოფოდა მთელი ზუგდიდი შუაზე და დერბზე საკუთარი საგულშემატკივრო პოზიციის ხმამაღლა გამოსახატავად, სახლების აივნებზე დაპირისპირებული გუნდების დროშები რომ გადმოიფინებოდა. ფანები დილიდანვე შეიკრიბებოდნენ თავიანთ საყვარელ ლუდის ბარებში, რომელთაგან ერთს “გებჟალია ბარი” ერქმეოდა, მეორეს კი ”ზუგდიდ ფანს პაბი” და წავიდოდა გარჩევა და მხრებზე ხელების ტყაპუნი.

დერბიში დაპირისპირებული კლუბების ქომაგთა ლიდერები რა თქმა უნდა პირველები დაურეკავდნენ ერთმანეთს და წავიდოდა მუქარები და მოწინააღმდეგეთა კრულვა მეგრულად. ერთ-ერთი ქომაგთა ლიდერი, ვინმე ჯოტო, მეზობლის ბავშვის ხელით გამხმარ ყვავილებს გაუგზავნიდა მოწინააღმდეგეებს და ამ გამხმარ ყვავილებში ეს უკანასკნელნი ნახავდნენ წერილს: ”ელარჯივით შეგჭამთ და მჭადივით დაგფშვნით თქვე უდღეურებო თქვენ! მოემზადეთ, უბედურება გელოდებათ იქნებოდეს იქნება!”. საპასუხო წერილსაც მალევე გამოაგზავნიდა მეორე მხარე. წერილს ტაქსისტი კოჭია მიიტანდა და წინასწარ დათქმისამებრ პირდაპირ მოწინააღმდეგე გუნდის ფანთა ლიდერს გადასცემდა ხელში. წერილში ეწერებოდა: ”აქამდე როდის მოგიგიათ ახლა რომ მოიგოთ თქვე ბაქია მოლაყბეებო. ხუთი თამაშია აგებთ და კიდევ ჩვენზე როგორ ამბობთ რამეს? კოლია მეკუბოვეს დაურეკეთ, კიდევ ერთხელ რომ აგიღოთ კუბოსათვის ზომები. კი შეეჩვეოდით მაგ ამბავს...”

მერე მოახლოვდებოდა ნანატრი დერბიც. გულშემატკივრები მთლიანად შეავსებდნენ პატარა, მაგრამ კოხტა სტადიონს. ტრიბუნებზე ტრადიციულად საკუთარ ადგილზე განთავსდებოდნენ ორივე კლუბის ქომაგები. გადაიფინებოდა პლაკატები: მოწოდების, შექების, მოწინააღმდეგეთა დაცინვის, გამხნევების, გამოწვევის, იმედის გამომხატველი წარწერებით. მთელი თამაშის განმავლობაში იქნებოდა დიდი ღრიანცელი და წიოკი. ფანების მიერ წინასწარ შერჩეული გამოცდილი მოტირალი ქალების გუნდები (რომლებსაც კარებთან ახლოს ტრიბუნაზე გაამწკრივებდნენ) მომხვდურთა ყოველი შეტევის დროს ისეთ წიოკსა და კრულვას ასტეხდნენ, ვერა კაცის ყური ამას ვერ გაუძლებდა, მაგრამ ზუგდიდური გუნდები წიოკის განეიტრალებაში წინასწარ იქნებოდნენ გაწვრთნილნი და ზუგდიდში სათამაშოდ ჩასული თბილისური გუნების მსგავსად არ დაიბნებოდნენ და ცხვრებივით არ დაიწყებდნენ მინდორზე ბორიალს. მერე იქნებოდა გოლები, ემოციები, ხვევნა-კოცნა, ცრემლები და ყველაფერი ის, რითაც ფეხბურთი ფასობს და ყოველთვის დაფასდება.

მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კლუბის ქომაგები მთელს ზუგდიდს მოედებოდნენ ავტომობიოლების სიგნალებითა და საკლუბო ჰიმნის სიმღერით. დამარცხებულები კი დარცხვენილნი გაიძურწებოდნენ სახლებში და აივნებიდან გამწარებულები ჩუმად ადევნებდნენ თვალს მეტოქეთა ზეიმს. გამარჯვებულები შუა ქალაქში გაშლიდნენ დიდ სუფრას და დილამდე აურაცხელი რაოდენობის ცოლიკოური და ოჯალეში დაილეოდა. დილით კი ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ზუგდიდელი ქომაგებიც მომავალ დერბამდე დაითვლიდნენ დღეებს.

გასაგებია, რომ ასეთი რამე ჩვენი არასახარბიელო რეალობიდან გამომდინარე, მხოლოდ ოცნებაში შეიძლება წარმოვიდგინო, მაგრამ ოცნების უფლება ხომ გვაქვს?!.. 

 

0.11981