კალათბურთი

18:27 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის და შერმადინის ცხრიანები

ვიქტორ სანიკიძის და გიორგი შერმადინის “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბექა ბურჯანაძის “კახასოლს” უმასპინძლა და დამარცხდა – 66:74. არაგონულმა კლუბმა მხოლოდ პირველ ტაიმში იმარჯვა, შემდეგ კი სტუმრები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ.

ორივე ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა. შერმადინმა მოედანზე 28:17 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. გიორგიმ 8-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 11 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე) და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ორჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

აქტიური გახლდათ სანიკიძეც, რომელმაც თამაშიდან ერთბაშად 10-ჯერ შეუტია, თუმცა, მხოლო ერთხელ იხეირა. ვიქტორმა 5-დან 1 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, 5 ორქულიანი ააცილა და 9 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაუფარეს, 2 ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

მოედანზე 08:19 წუთი გაატარა ბურჯანაძემ, რომელმაც თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ. “კახასოლმა” 3 მარცხის წილ მე-3 გამარჯვება იზეიმა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. ასეთივე მონაგარით მეექვსეა “სარაგოსა”.

0.114648