ძიუდო

20:17 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამი ტურნირი ჩელიაბინსკამდე

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები აგვისტოს ბოლოს რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს თურქული შეკრებით იწყებს. ქართველი სპორტსმენები ხვალ ანტალიაში გაემგზავრებიან, ევროპის სანაკრებო კემპში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ შეკრებას ძირითადად ძალების აღსადგენად გამოიყენებენ.

უკვე ცნობილია, რომ ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატამდე სამ საერთაშორისო ტურნირზე გამოვა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ აუწყა. ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს შორის არსებულ დროის მონაკვეთში სანაკრებო გეგმაში სულ 4 ტურნირი იყო შეტანილი, რომელთაგანაც ერთი – ბაქოს გრანდ სლემი 9-11 მაისს გაიმართა და მასზე ეროვნული გუნდის კანდიდატებით დაკომპლექტებული შემადგენლობა ჩავიდა. წონითი კატეგორიების ლიდერები კი საქმეში 6-8 ივნისს, კუბის გრან პრიზე ჩაერთვებიან, რომელიც რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო ტურნირი იქნება.

გრან პრის შემდეგ ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი კუბაში სამი დღით დარჩება, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. 21-22 ივნისს გრან პრის ტატამები უკვე უნგრეთში გაიშლება და ამ შეჯიბრებასაც სამდღიანი საერთო ვარჯიშები მოჰყვება. 4-6 ივლისს კი ანალოგიური რანგის ტურნირს მონღოლეთი უმასპინძლებს.

წინასწარი გეგმით, დასკვნით გრან პრიზე საქართველოს ნაკრების მხოლოდ ის წევრები იჭიდავებენ, რომლებსაც ტატამზე გასვლა სარეიტინგო ქულების ასაკრეფად ან შიდა კონკურენციაში გასალიდერებლად დასჭირდებათ.

ტურნირების ჩამთავრების შემდეგ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაკურიანში გაივლის 12-დღიან შეკრებას, რომელიც ძირითადად ფიზიკურ დატვირთვებს დაეთმობა. შემდეგ სავარაუდოდ იაპონიაში გაემგზავრება ორკვირიან ერთობლივ ვარჯიშებზე. დასკვნით ათდღიან შეკრებას კი ისევ საქართველოში გაივლის.

მსოფლიოს ჩემპიონატი 25-31 აგვისტოს გაიმართება.

0.125055