უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის 24-ე ტურში, “დნიპრომ” სტუმრად სიმფეროპოლის “ტავრია” 2:0 დაამარცხა. ამჯერად, ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 32-ე წუთიდან ჩაერთო. უჩა ლობჟანიძე და სანდრო კობახიძე დნეპროპეტროვსკელთა სამატჩო განაცხადში არ იყვნენ. “დნიპროს” 44 ქულა აქვს და 16 გუნდში მეორეა, “შახტარს” მხოლოდ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში, სამარის “კრილია სოვეტოვი”, რომელსაც საშინაო მატჩი როსტოვში ათამაშეს, მოსკოვის ცსკა-სთან 1:3 დამარცხდა. სამარელთა კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა 90 წუთი იასპარეზა. “კრილია” 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში 24 ქულით მეთერთმეტეა.
ლატვიის თასის 1/2-ფინალში გავიდა თამაზ პერტიას გაწვრთნილი რიგის “სკონტო” და ამაში დიდი წვლილი ირაკლი კლიმიაშვილმა შეიტანა. 47-ე წუთზე, როდესაც “სკონტო” სტუმრად თანაქალაქელ “დაუგავასთან” 0:1 აგებდა, ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში გაათანაბრა. ის 84-ე წუთზე შეცვალეს. ლაშა დვალმა რიგელებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “სკონტომ” 2:1 გაიმარჯვა.
1/2-ფინალშია “იელგავაც”, სადაც გიორგი დიაკვნიშვილი ირჯება. “იელგავამ” სტუმრად “გულბენე” 2:0 დაამარცხა და 74-ე წუთზე, მეორე გოლი სწორედ ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 29-ე ტურში, აგდამის “ყარაბაღმა”, რომლის ღირსებასაც ნიკა გელაშვილი და ჯაბა დვალი იცავენ, სტუმრად 2:0 დაამარცხა აზალ-ი, სადაც ლაშა კასრაძე გამოდის.
გელაშვილი თადარიგში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია, ხოლო დვალი 18-კაციან განაცხადშიც არ შეუყვანიათ. კასრაძემ შეუცვლელად ითამაშა. “ყარაბაღი” 10-გუნდიან ჩემპიონატს 64 ქულით ლიდერობს, ხოლო აზალ-ი 26 ქულით მერვეა..
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-6 ტურში, ტალინის “ფლორა” გასვლაზე “ლევადიას” დაუზავდა – 1:1. ზაქარია ბეგლარიშვილმა სტუმრებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ფლორა” 10 ქულით 10 გუნდში მესამეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
დედა ეს რა გავიგე,ღამე აღარ დამეძინება